ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირების დღე


17 მაისს, კვირას, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის ლოცვა-კურთხევით, ქალაქ ხობის ქუჩებში გაიმართა საზეიმო მსვლელობა.

​ამის შემდგომ, ქალაქ ხობის წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურმა დეკანოზმა კირიონ დარასელიამ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, გადაიხადა პარაკლისი, რის შემდეგაც ტაძარში მყოფ მრევლს ზეთი აცხეს.















​მამა ილია: ქრისტე აღდგა!

მრევლი: ჭეშმარიტად აღდგა! (სამჯერ)

​მამა ილია: ჩვენთან არს ღმერთი!

მრევლი: არს და იყოს!

​მამა ილია: „ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს! პირველ რიგში, წლევანდელ წელს გილოცავთ, იმიტომ რომ საქართველოსთვის განსაკუთრებული წელიწადი დადგა. იმ დღიდან, როდესაც ეკლესიას მიეცა საშუალება, უფრო თავისუფლად, ღიად ეთქვა ღვთის სადიდებელი — და აი, ჩვენ დღეს აქ ვართ — და ასე თავისუფლად გვეცხოვრა საღვთო კანონებით, ბევრი ცუდი და კარგი გამოცდილება დაუგროვდა ეკლესიას: სულიერი თუ ხორციელი სირთულეები, სულიერი და ხორციელი წარმატებები. დღევანდელი დღის, ამ წლის ჩათვლით, აი ამ ეტაპამდე, რა გზაც ქვეყანამ გაიარა, ეს არის გზა, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიარა ჩვენს უწმინდესთან და უნეტარესთან, ილია მეორესთან ერთად. მისმა უწმინდესობამ ერის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და ასე გაგვზარდა თქვენც და ჩვენც, სასულიერო პირებიც, და დაგვაყენა ცხოვრების გზაზე.

როდესაც ქვეყანას ძალიან უჭირდა სულიერად თუ ხორციელად, ის მაღალი, მტკიცე, მწყემსის ხმით შეაგონებდა, მოუწოდებდა და ამხელდა ხალხს, ამხელდა ხელისუფლებას და აი ასე, ტკბილ-მწარე შეგონებებითა და ზრუნვით დღევანდელ დღემდე მოიყვანა ჩვენი ქვეყანა. მისი დამსახურებაა ის, რომ ამდენი საუკუნის მერე, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, საქართველოში დღესასწაულობენ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს, რომელსაც 12 მაისს აღვნიშნავთ. მისი დამსახურებაა, რომ დღევანდელ დღეს აღვნიშნავთ; 2014 წლიდან მოყოლებული, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ დღესასწაულს მის გარეშე ვხვდებით და ამ დღესთან ერთად მასაც ვეფერებით.

ეს წელი განსაკუთრებული არის იმითაც, რომ საქართველოს ეკლესიას ჰყავს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი, შიო მესამე. ღმერთმა დალოცოს იგი. ჩვენს პატრიარქს მრავალჟამიერი სიცოცხლე მისცეს უფალმა. მისი წინამძღოლობით, იმ საღვთო გზაზე, რომელიც უწმინდესმა გაკვალა და რომელზეც დაგვაყენა, ღირსეულად ევლოს თითოეულ ჩვენგანს — პიროვნულად, ოჯახებით, მთელ ერს და მთელ სახელმწიფოს.

ამისათვის საჭიროა იმ პრინციპებისა და მოწოდებების ერთგულება, რასაც უწმინდესი ახმოვანებდა და რასაც ქადაგებადაც, სახარებადაც წმინდა ეკლესია გვასწავლის. ამიტომ ვუერთგულოთ უფალს, ვუერთგულოთ ჩვენს უწმინდესს, ვუერთგულოთ ჩვენს ეკლესიას და მაშინ საფრთხე ოჯახის სიწმინდისა თუ მშობელთა პატივისცემისა ჩვენი ცხოვრებიდან გაქრება. ეს საფრთხეები ერთგვარი სიგნალია იმისა, რომ ჩვენ სადღაც დავშორდით ღმერთს, სადღაც დავშორდით ადამიანობას. როგორც ომში მიმავალ ჯარს წინ სიმბოლოებიანი დროშა მიუძღვის, ისე დროშასავით აღმართა ჩვენმა უწმინდესმა ეს მოწოდება — რომ დედამიწაზე, როცა ადამიანი დაიბადება, მას აქვს განსაკუთრებული ღირებულებები, რომლებსაც საკუთარი სიცოცხლის ფასად უნდა უფრთხილდებოდეს. ეს არის ღმერთი, ეს არის სამშობლო, ეს არის ადამიანი და, ზოგადად, თითოეული ჩვენგანის ოჯახი.

მინდა დავლოცო თქვენი ოჯახები, თითოეული მშობელი, ჩვენი სამშობლოს ეს დიდი ოჯახი და ჩვენი ეკლესია, რომელიც ასევე ერთი დიდი ოჯახია; ღმერთმა თითოეულ ჩვენგანს მიანიჭოს უფლისადმი ერთგულება, სიყვარული და თავგანწირვა. ღმერთმა დალოცოს ჩვენი სულიერი დასი, ჩვენი მამები. ჩვენ აქ, წმინდა სამების ტაძარში ვართ შეკრებილნი, აქედან დავიწყეთ ეს მილოცვა და ღმერთმა აქედან დალოცოს ჩვენი სამშობლო და თითოეული ოჯახი საქართველოში. ჩვენთან არს ღმერთი!“

​მრევლი: არს და იყოს!

​მამა ილია: ამინ.

მამა მირიონი და ​მრევლი (გალობა): ამინ, ამინ, სი ღორონთიშ ხვამილ ღორონთს დოუხვამუდას ოქვამალ დო ხვამილ, ამინ!