„ხობი ინფო“ წარმოგიდგენთ 2013 წელს დაბადებულ ახალგაზრდა, პერსპექტიულ ფეხბურთელს, დათო ლაბარტყავას, რომელიც ამჟამად პატარების ლიგაში ასპარეზობს. დათო იმ სპორტსმენთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთა წარმატების უკან წლების განმავლობაში გაწეული სისტემატური შრომა და საკუთარი მიზნებისადმი ერთგულება დგას. გთავაზობთ მის ჩანაწერს, სადაც იგი საკუთარ სპორტულ გზაზე, პირველ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს:
ფეხბურთი ჩემს ცხოვრებაში პირველივე კლასიდან შემოვიდა და მას შემდეგ ეს სპორტი ჩემში ცხოვრობს. მახსოვს, როგორი დიდი გულშემატკივარი ვიყავი, განსაკუთრებით კი ქუთაისის „ტორპედოს“ მიმართ მქონდა გამორჩეული სიყვარული. ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი ოცნება და მიზანი სწორედ ამ გუნდში თამაში იყო. ამ მიზნის მისაღწევად ექვსი-შვიდი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად ვშრომობდი. ჩემი ყოველი დღე ერთი და იმავე მარშრუტით გადიოდა: სკოლა, სახლი და სტადიონი. ამ დროის განმავლობაში ხობის „კოლხეთის“ ასაკობრივ ჯგუფში ვვარჯიშობდი, ჩემი მწვრთნელი კი ალექსანდრე სანაია გახლდათ, რომელმაც ამ გზაზე დიდი გამოცდილება შემძინა. ასე გადიოდა დღეები, თვეები და წლები, თუმცა ყოველდღიურად სულ უფრო მეტად ვრწმუნდებოდი, რომ ფეხბურთისთვის თავი არასდროს უნდა დამენებებინა.
გარდამტეხი მომენტი გასული წლის 13 აგვისტოს დადგა, როდესაც ბათუმში გამართულ ტურნირზე გამომიძახეს. სწორედ მაშინ მოვხვდი „ტორპედოს“ შემადგენლობაში და მივხვდი, რომ ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყებოდა. ბათუმში გამართულ შეჯიბრებაზე მესამე ადგილი დავიკავეთ, მოგვიანებით კი გორშიც ანალოგიური წარმატება მოვიპოვეთ. ამ პერიოდში საკუთარ თავში დიდ ცვლილებებს ვამჩნევდი — ვგრძნობდი, როგორ სწრაფად ვვითარდებოდი და ბურთის ყოველი შეხება თუ ტარება ახალ გზებს მიხსნიდა. სულ მალე უკვე ბაზაზე აღმოვჩნდი და ახლა, როცა ჩემს ოცნებასთან ასე ახლოს ვარ, გაჩერებას არ ვაპირებ. ჩემი მიზანი დიდ ფეხბურთში დამკვიდრებაა და ამისთვის ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ.
„ხობი ინფო“ წარმატებებს უსურვებს დათოს. იმედს ვიტოვებთ, რომ მისი შრომისმოყვარეობა და მონდომება კიდევ ბევრ გამარჯვებას მოუტანს როგორც მას, ისე ქართულ ფეხბურთს.
