სამედიცინო წარმატება: მიზანდასახულობა და პროფესიონალიზმი
ხობი ყოველთვის ამაყობდა ნიჭიერი და შრომისმოყვარე ახალგაზრდებით, რომლებიც საკუთარი ცოდნითა და მონდომებით ქვეყნის საკეთილდღეოდ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ. სწორედ ასეთი გამორჩეული ახალგაზრდაა ხამისკურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, გიორგი კუკავა რომელმაც მედიცინის რთული და საპასუხისმგებლო გზა აირჩია.
მისი აკადემიური გზა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორიებიდან დაიწყო, სადაც 2019-2025 წლებში დაუღალავი სწავლით დაეუფლა დიპლომირებული მედიკოსის რთულ ხელოვნებას.
გიორგის პროფესიული ზრდა ჯერ კიდევ 2020 წელს, ექთნის ასისტენტის პოზიციიდან დაიწყო, რაც იმ დიდი პასუხისმგებლობის დასტურია, რასაც თეთრი ხალათის ტარება ჰქვია. აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი, მალხაზ კაციაშვილის სახელობის კლინიკა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი — ეს იმ პრესტიჟული დაწესებულებების ჩამონათვალია, სადაც მან უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება დააგროვა. ის მუშაობდა იქ, სადაც წამები წყვეტს ყველაფერს: ინტენსიური თერაპიის, ნეიროინტენსიურ და ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილებებში.
დღეს გიორგი კუკავა კავკასიის მედიცინის ცენტრის უმცროსი ექიმია და ყოველდღიურად იბრძვის ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. მისი წარმატება, რომელიც მოიცავს როგორც მენეჯერულ გამოცდილებას, ისე მუდმივ მონაწილეობას საერთაშორისო პროფესიულ ტრენინგებში, საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რისი მიღწევა შეუძლია მიზანდასახულობას.
ვულოცავთ მას ამ შთამბეჭდავ წარმატებებს და ვუსურვებთ წინსვლას ამ უმძიმეს, თუმცა უაღრესად ჰუმანურ პროფესიაში. დარწმუნებულნი ვართ, ის კიდევ არაერთხელ ასახელებს თავის კუთხეს და ქვეყანას.

.jpg)
.jpg)
.jpg)