ხობის მუნიციპალიტეტი კოლხური ცივილიზაციის არეალია, სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ანტიკური თუ ქრისტიანული კულტურის კვალი გვხვდება. ამ მხარის ერთ-ერთი გამორჩეული წერტილია სოფელი პირველი მაისი, რომელსაც წარსულში ბულიწყუ ერქვა. საინტერესოა ისტორიული ფაქტი, რომ გასული საუკუნის 30-იან წლებამდე ბულიწყუ ხეთის შემადგენლობაში შედიოდა.
აქაურობის სიმბოლო წმინდა სოფიოს ტაძარია, რომელსაც ხალხი „აიასოფიას“ უწოდებს. ეს ადგილი ლეგენდებითაა მოცული: გადმოცემით, ზღვით მოსულმა ბერძნებმა ტაძრიდან ხატი მოიტაცეს, თუმცა აბობოქრებულმა ტალღებმა ისინი აიძულა, სიწმინდე უკანვე დაებრუნებინათ. მიუხედავად იმისა, რომ 1614 წლის მიწისძვრამ ტაძარი დააზიანა, მისი სულიერი ძალა უცვლელი დარჩა.
განსაკუთრებით საინტერესოა ადგილობრივი ტოპონიმი „მაჩხომერი“. მეგრულ-ლაზურად ეს სიტყვა „მეთევზეს“ ნიშნავს, რაც ქრისტიანულ სიმბოლიკაში პირდაპირ იესო ქრისტესთან ასოცირდება. ეს ძველი სალოცავი ადგილი, ისევე როგორც ჯახუთის ციხე თუ ნასკალუს სათვალთვალო კოშკი, ჩვენს მყარ ისტორიულ ფესვებზე მეტყველებს.
დღეს, როდესაც აფხაზეთისკენ მიმავალი გზა დროებით ჩაკეტილია, ეს ძეგლები იმედის ნაპერწკალია. გვჯერა, რომ ისტორიული ერთობა აღდგება, რადგან ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში სიყვარული ყოველგვარ დაბრკოლებას გადალახავს.
ტექსტი და ფოტო: ირაკლი შონია-ხობარი
#ხობი #ბულიწყუ #ხეთისთემი #კოლხეთი #ისტორია #არქეოლოგია #წმინდასოფიო #მაჩხომერი #კულტურულიმემკვიდრეობა #საქართველო #Khobi #HistoryOfGeorgia #Colchis
















