გაზაფხული შემობრძანდა... ველით, როდის გვიწყალობებს ბუნება მთელ თავის სითბოს, მშვენიერებას და ბოლომდე შეიმოსება ჭრელი ფერებით. წელიწადის ამ დროს ქალთან აიგივებენ, ქალი და გაზაფხული ერთნაირად ლამაზი, სათნო, სათუთია...
ყველა ქალს ვულოცავ გაზაფხულის დღესასწაულებს, ქალურ ბედნიერებას და ლამაზ დღეთა სიმრავლეს ვუსურვებთ.
მსურს მშვენიერი ქალბატონი ხათუნა ნადარაია გავაცნო ჩვენს მკითხველს. ის პროფესიით მედიცინის დაა, თავისი საქმის უბადლო მცოდნე და პროფესიონალი, სოფლის საიმედო ქალბატონი. ქალბატონი ხათუნა მედდად მუშაობდა სოფელ ააჯიჯაოს აღდგენითი თერაპიის განყოფილებაში, პარალელურად სოფელ საჯიჯაოს ქვედაზენის საბავშვო ბაღში, 2007 წლიდან კი საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის საბავშვო ბაღში, პატარების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნავს, უყვარს და ანებივრებს მათ.
ხათუნას ცხოვრებამ ბავშვობაში დიდი გამოცდა მოუწყო, დედა ადრე გარდაეცვალა. რამდენიმე წლის წინათ კი უმცროსი და განეშორა ამ წუთისოფელს. ხათუნას, ასაკით პატარას, მაგრამ მაინც უფროს დას, ცალწულად დარჩენილ მამა შაქრო ნადარაიასთან, უაღრესად მშრომელ და უპატიოსნეს ადამიანთან ერთად, უწევდა უმცროს დებსა და ძმაზე ზრუნვა. მერე კი მათ ცხოვრებაში გაჩნდა ოჯახის ახალი წევრი — ქალბატონი ვენერა (ლევერა) შამათავა, კლდემაოსილმა ქალბატონმა მათი დედობა იტვირთა, სითბოსა და სიყვარულს არ იშურებს მათთვის. ახლა, როცა უკვე მამაც რამდენიმე წელია გარდაიცვალა, მათ გაუგონრად თბილი და მოწიწებით სავსე ურთიერთობა აქვთ.
შრომისმოყვარე, მოუსვენარი ქალბატონი ხათუნა ყველაფერს ასწრებს, მსახურობს, მამა-პაპისეულ ოჯახს ბურჯად უდგას და ამ ყველაფერს ხელსაქმესაც უთავსებს.
ის მრავალმხრივი ნიჭითაა დაჯილდოებული, ქსოვს, ქარგავს, კერავს, ერთი სიტყვით, თვითნასწავლი ხელოვანია.
მახსოვს, 90-იან წლებში უშუქობის ჟამს (მის სამეზობლოში სტუმრად ხშირად მიწევდა ყოფნა) საღამოობით, მეზობლები ერთმანეთთან იკრიბებოდნენ, ხათუნა საქსოვით ხელში გვესტუმრებოდა, ლამპის შუქზეც ქსოვდა, უსაქმოდ რა გამაჩერებსო, იტყოდა ხოლმე. გთავაზობთ მასთან მოკლე ინტერვიუს.
ინტერვიუ ხათუნა ნადარაიასთან
— ხათუნა, ხელსაქმით როდის დაინტერესდით, იყო ვინმე ან რამე თქვენი შთაგონების წყარო?
— ბავშვობიდან მიტაცებდა ქსოვა, ქარგვა, კერვა. შთაგონების წყაროდ ჩავთვლი ბუნების სილამაზეს, მის მრავალფეროვნებას.
— პირველი ნამუშევარი გაიხსენეთ, დღევანდელი გადასახედიდან როგორ შეაფასებდით?
— პირველად „ია“ მოვქარგე, რომელსაც დღემდე ვინახავ და განსაკუთრებულად საყვარელია ჩემთვის.
— რა ემოციები მოდის ხელსაქმისას?
— მუშაობის პროცესში მთელ სულსა და გულს ვდებ, თითქოს სხვა სამყაროში გადავიდივარ და ვცდილობ, ჩემი ემოციები ტილოზე გადავიტანო. ქარგვა განსაკუთრებით დიდ დროს მოითხოვს და შრომატევადია, მაგრამ ძალიან მამშვიდებს, განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, ამასთან ერთად გონებას მოდუნების საშუალებას არ აძლევს.
— გამოფენებში თუ მიგიღიათ მონაწილეობა?
— დიახ, დროდადრო მიწვევენ სხვადასხვა გამოფენებზე, როგორც ჩვენს, ასევე მეზობელ მუნიციპალიტეტებში, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.
— გაქვთ განსაკუთრებულად გამორჩეული ნამუშევარი?
— ჩემი ნამუშევრებიდან გამოვარჩევ და ვეთაყვანები მარიამ ღვთისმშობლის ხატს. ძირითადად მრავალფეროვანი ბუნების, ცხოველებისა და ფრინველების ამორჩევა მიყვარს. თითქმის ყველა ნამუშევარს ვინახავ, ვუმზერ მათ სახლში საგამოფენო სივრცეს. რა თქმა უნდა, ჩემს გამორჩეულ ნამუშევრებს საყვარელ ადამიანებზე გასაჩუქებისთვისაც ვიმეტებ.
— ფერებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
— ფერების სიმრავლე მომწონს, მაგრამ ჩემს ნამუშევრებში მაინც შავი და თეთრი ფერი ჭარბობს, თუმცა განსაკუთრებით ცისფერი მიყვარს.
— ხათუნა, გმადლობთ, სასიამოვნო საუბრისთვის. მომავალ წარმატებებს გისურვებთ.
ჯულიეტა ლატარია
გაზეთი ,,ხობის მოამბე'' №3 (7209) 27 მარტი, პარასკევი, 2026 წელი.


