კურორტი ყულევი

ზღვის სანაპირო ბალნეოკლიმატური სადგური ყულევი ხობის რაიონშია, მდინარე ხობის მარცხენა მხარეზე, ქ. ფოთიდან ჩრდილოეთ მიმართულებით 10 კმ დაშორებით. უახლოესი რკინიგზის სადგურ ხობიდან 20 კმ.

ყულევს ახასიათებს ტენიანი სუბტროპიკული ჰავა ცხელი ზაფხულით, ზომიერად თბილი ზამთრით და მზის უხვი რადიაციით. ყულევის ზაფხულის სიცხეს მნიშვნელოვნად არბილებს ზღვის ზედაპირიდან ხმელეთისაკენ გადმოადგილებული ჰაერის მასები (ბრიზების ხასიათის). ატმოსფერული ნალექების ოდენობა ყულევში ნაკლებია, აჭარის ზღვის სანაპიროზე საერთოდ ურეკისა და ფიჭვნარის ჩათვლით, იგი წლის განმავლობაში აღწევს 1400 მმ, ხოლო ჰაერის წლის საშუალო ტემპერატურა უდრის 14°C-ს.

აქ ჩატარებული ჰიდროგეოლოგიურ სამუშაოთა შედეგად ღრმა ბურღილიდან მიღებულია ჰიპერთერმული მინერალური წყალი (50°C) დებიტით 650,000 ლ/დღ.

მინერალური წყალი თავისი ქიმიური შედგენილობით წარმოადგენს ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიან წყალს. მის ბაზაზე აშენებულია სააბაზანო, რომელსაც ფართოდ იყენებენ ახლო მოსახლეობის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

ყულევში ზღვის კომპლექსითა და ცხელი მინერალური წყლის აბაზანებით მკურნალობისათვის ნაჩვენებია:

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;

პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებები;

სუნთქვის ორგანოების არატუბერკულოზური ხასიათის დაავადებები;

რაქიტი;

მეორადი ანემია;

ლიმფადენიტი;

გინეკოლოგიური ანთებითი დაავადებები.

აქ სამკურნალოდ და დასასვენებლად ჩამოდიან მაისიდან ნოემბრის თვემდე.

"საქართველოს კურორტები და საკურორტო რესურსები"