ნინო ახალაიას სტატია, რომელიც დადიანების დიდებული დინასტიის ისტორიის მცირედი ნაწილია

 

ნინო ახალაია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ისტორიის ფაკულტეტის IV კურსის წარჩინებული სტუდენტია, მრავალგზის სახელმწიფო სტიპენდიანტი და ფონდ ,,იავნანას’’ სახელობითი სტიპენდიის მფლობელი. 

გარდა სწავლაში მიღწეული შედეგებისა, აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო კონფერენციებში, გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები. მისი უმთავრესი მიზანია ეპოქების შესწავლა და ისტორიული ნარატივების გააზრება-გაანალიზება.

სამომავლოდ ფიქრობს გახდეს ლექტორი, რათა თავისი ცოდნა, გამოცდილება და ისტორიისადმი სიყვარული სტუდენტებსაც გაუზიაროს, რადგან სჯერა, რომ თანამედროვე აკადემიურ სივრცეს სჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებიც არამხოლოდ ცოდნას გადასცემენ, არამედ შთაგონების წყაროდ იქცევიან მომავალი თაობებისთვის. 

ვბეჭდავთ ნინო ახალაიას სტატიას, რომელიც დადიანების დიდებული დინასტიის ისტორიის მცირედი ნაწილია.


 ნიკო დადიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ისტორიიდან 


საქართველოს ისტორია მდიდარია იმ პიროვნებებით, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ქვეყნის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში. მათ შორის გამორჩეული ადგილი უკავია დადიანთა სამთავრო სახლის ერთ-ერთ უკანასკნელ წარმომადგენელს, ნიკო დადიანს, რომელიც იყო არამხოლოდ თავისი ეპოქის წარმომადგენელი, არამედ ქართული კულტურისა და სულიერი ფასეულობების ნამდვილი მოამაგე. 

სამეგრელოს მთავრის დავით დადიანისა და დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძის უფროსი ვაჟი - ნიკო დადიანი დაიბადა 1847 წლის 4 იანვარს ზუგდიდში. 1853, როდესაც მამამისი, დავით დადიანი გარდაიცვალა, 7 წლის ნიკო რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა სამეგრელოს სამთავრო ტახტის მემკვიდრედ აღიარა, ხოლო სრულწლოვანამდე რეგენტად დედამისი ეკატერინე ჭავჭავაძე დაუნიშნა. ამის შესაბამისად, შეიქმნა მეურვეთა საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ მთავრის ბიძები - კონსტანტინე და გრიგოლ დადიანები და აგრეთვე, სამეგრელოს ეპისკოპოსი ზაქარია ჭყონდიდელი. 1856 წელს დედოფალი ეკატერინე, რუსეთის იმპერატორის მიწვევით, შვილებთან ერთად პეტერბურგში ჩავიდა, სადაც ალექსანდრე II-ის იმპერატორად კურთხევაში მიიღო მონაწილეობა. თუმცა, პეტერბურგში ჩასვლის მიზეზი მომავალი მთავრისათვის შესაფერისი აღზრდის მიღებაც გახლდათ. 

პეტერბურგში ყოფნისას ნიკო ვაჟთა კორპუსში ჩაირიცხა, შემდგომ კი ფლიგელ-ადიუტანტის ტიტული ებოძა და კაზაკთა ლეიბგვარდიის პოლკშიც მსახურობდა. მოგვიანებით, 1861 წელს ის დედამ საფრანგეთში წაიყვანა, სადაც უმაღლესი განათლება მიიღო. 1867 წელს, როცა უკვე ნიკო დადიანი სრულწლოვანი გახდა, რუსეთის ხელისუფლებამ მას ოფიციალურად ათქმევინა უარი სამთავროს ტახტზე, რის სანაცვლოდაც უბოძეს რუსეთის პირველი ხარისხის თავადთა ტიტული - ,,უგანათლებულესი თავადი მინგრელსკი’’, აგრეთვე, 1 მლნ მანეთის ოდენობით ფულადი კომპენსაცია გადასცეს და მამულებიც შეუნარჩუნეს სამეგრელოში. 

ნიკომ 1874 წელს იქორწინა ალექსანდრე II-ის კარის მინისტრის გრაფ ალექსანდრ ადლერბერგის ასულ მარია-მერიზე. მათ ეყოლათ სამი შვილი: სალომე, ეკატერინე და ნიკოლოზი. 

საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ნიკო დადიანის სამხედრო კარიერა. ის იბრძოდა 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში. აქტიურად მონაწილეობდა ბალკანეთში ცნობილი გენერლის იოსებ გურკოს შენაერთში და სიმამაცეც გამოავლინა შიპკის უღელტეხილისათვის გამართულ ბრძოლებში, რისთვისაც ოქროს ხმლითა და წმ. ვლადიმირის II ხარისხის ორდენით იქნა დაჯილდოებული. 

ნიკო დადიანის ცხოვრებაში 1886 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. რუსეთ-ოსმალეთის ომის დამთავრების შემდეგ სამეგრელოს მთავრის სახელი ცნობილი გახდა მთელ ევროპაში. ამის მიზეზს ბულგარეთის სამეფო ტახტის პრეტენდენტად ნიკო დადიანის გამოცხადება წარმოადგენდა. შესაბამისად, მის გამოჩენას მსოფლიო ასპარეზზე დიდი რეაქციაც მოჰყვა. ევროპელი ჟურნალისტები ყოველმხრივ ცდილობდნენ მის შესახებ მასალების მოძიებას. ამ მხრივ ერთ-ერთი ფრიად საინტერესო პუბლიკაციაა 1886 წლის 23 დეკემბერს, ლონდონში, გაზეთ The Time-ში გამოქვეყნებული სტატია შემდეგი სათაურით ,,სამეგრელოს მთავარი ნიკოლოზი (ნიკო)’’. აღნიშნული პუბლიკაცია რამდენიმე გარემოების გამო არის მნიშვნელოვანი. პირველი, მასში საუბარია სამეგრელოს სამთავრო კარსა და რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლებას შორის არსებული დაპირისპირების ისეთი საინტერესო დეტალების შესახებ, რაც მანამდე ნაკლებად იყო ცნობილი და მეორე, პუბლიკაცია კარგად ასახავს რუსეთის დამანგრეველ იმპერიულ პოლიტიკას, რომელსაც იგი აქტიურად წარმართავდა თავისი მოკავშირეების მისამართით. აღნიშნულ სტატიაში ნათლად ჩანს ის მომენტი როდესაც ნიკო დადიანს სამთავროს საკუთარი ნებით დატოვება მოუწია: ,,1803 წელს მის მშობლიურ ქვეყანასა და რუსეთს შორის გაფორმებული ,,ანექსიის’’ სახელით ცნობილი ხელშეკრულების თანახმად, სწორედ რუსებმა აიძულეს იგი ამ ქვეყნის მემკვიდრეობით მიღებული სამთავრო უფლებები დაეთმო, რომელსაც ნიკოს მამა ალექსანდრე II-ს გამეფებამდე მართავდა. ვიცით, რომ საკუთარი თავისუფლების გარისკვის ფასად, ნიკომ სამეგრელოში რუსიფიკაციის ძალადობრივი მეთოდების 

წინააღმდეგ პროტესტი გამოთქვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროტესტი ფორმალურ ხასიათს ატარებდა, იმ ძალისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რომლის მოწყალეობის იმედადაც სამეგრელოს მთავარი იყო, მის გაბედულებასა და სიმამაცეს უსვამდა ხაზს.’’ (კალანდია, 2019). მოცემული პუბლიკაციის თარგმანი შესრულებულია ხელოვნების სასახლის მეცნიერ-თანამშრომლის, მერი ხარაიშვილის მიერ. 

ბუნებრივია, სამეგრელოს მთავრის ბულგარეთში გამეფების ამბავს ქართული საზოგადოებაც გამოეხმაურა. იმავე 1886 წლის 17 დეკემბრის ,,ივერიაში’’ (#274, 1886 წ.) დაისტამბა ილია ჭავჭავაძის სტატია სახელწოდებით: ,,სამეგრელოს მთავრის კანდიდატობა ბულგარეთში’’. ავტორი კმაყოფილებით შეხვდა აღნიშნულ საკითხს და მიიჩნევდა, რომ მეორე კანდიდატთან, ავსტრიის პრინც ფერდინანდ კობურგთან შედარებით ნიკოს უპირატესობა ჰქონდა, რადგანაც მის კანდიდატობას მხარს უჭერდა რუსეთი, გერმანია და ოსმალეთი. ამ სტატიით ავტორს სურდა მკითხველისთვის გადმოეცა თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ნიკო დადიანს მსოფლიო პოლიტიკისთვის. ერთი სიტყვით, ქართული პრესა ნიკო დადიანის ბულგარეთში მოსალოდნელ გამეფებას მოელოდა, თუმცა თავად ნიკო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არანაირ საჯარო განცხადებას არ აკეთებდა. 

ცხადია, სავსებით ლოგიკურად ჩნდება კითხვა, თუ რა მიზეზით შეაჩერა არჩევანი თავად რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ სწორედ სამეგრელოს უფლისწულზე, რომელსაც ჯერ კიდევ 1857 წელს მთავრობა თავისივე ინიციატივით ჩამოართვა?! იმპერატორმა ძალიან კარგად იცოდა ის თუ რა სიძნელეებთან იყო დაკავშირებული ომისგან გაღატაკებული ბულგარეთის მართვა და შემდგომ მისი გაერთიანება. ნიკო კი ძალიან კარგი დიპლომატი და ძლიერი პიროვნება იყო, სწორედ ისეთი, რომელიც შეძლებდა შიდაპოლიტიკური კონფლიქტების დაძლევას და შემდგომ ქვეყნის გაერთიანებასაც. მთავარი უპირატესობა რაც სამეგრელოს მთავარს ჰქონდა იყო რუსეთის იმპერატორის მხარდაჭერა. მიუხედავად მეორე კანდიდატის არსებობისა, ნიკო დადიანს ბალკანეთში გაცილებით უკეთ იცნობდნენ, რადგანაც იგი მამაცურად იბრძოდა ბულგარეთის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში, მონაწილეობდა დუნაის გმირულ ფორსირებაში. მაგრამ უნდა ითქვას, რომ საბოლოოდ იგი ვერ გახდა ბულგარეთის მეფე. როგორც ირკვევა, სხვა ყველაფერთან ერთად გადამწყვეტი დადიანის წარსულიც აღმოჩნდა. მისი კანდიდატურა ევროპის სახელმწიფოებისაგან, განსაკუთრებით კი ავსტრია-უნგრეთისაგან, შეხვდა წინააღმდეგობას. სამწუხაროდ, ვერც ოსმალეთისგან მოიპოვა მხარდაჭერა. ყოველივე ამას ემატებოდა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ანტირუსული განწყობილების გაძლიერება. და ყველაზე მთავარი, სოფიაში მოწინააღმდეგეები ნიკო დადიანზე ჭორს ავრცელებდნენ, რომ თითქოს იგი ხაზინიდან მიღებულ ფულს გართობასა და ბანქოს თამაშში ხარჯავდა. უფრო მეტიც, ცნობილი გახდა ის ფაქტიც, რომ თითქოს ნიკო დადიანმა სამეგრელოს სამთავროზე საკუთარი ნებით თქვა უარი და იგი რუსეთის იმპერიას გადასცა. შესაბამისად, გამორიცხული არ იყო რომ ბულგარეთის დამოუკიდებლობასაც ისეთი გზა გაევლო, როგორიც სამეგრელოს სამთავრომ განვლო. 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნიკო დადიანი იყო ეროვნული მნიშვნელობის საზოგადო მოღვაწე. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად პეტერბურგში უწევდა ცხოვრება, ის მაინც ყოველთვის ფიქრობდა საკუთარ სამშობლოზე. ამის ნათელი გამოვლინებაა მისი მკაფიო ეროვნული პოზიცია, როდესაც ის კატეგორიულად შეეწინააღმდეგა რუსეთის ხელისუფლების მიერ გაჩაღებულ მეგრული ენის სამწერლობო ენად გადაქცევის კამპანიას. მისი პირადი წერილი გამოქვეყნდა გაზ.,,ივერიაში’’( #241, 1904.) ,, მე წავიკითხე ის სტატიები, რომლებიც ამტკიცებენ რომ მეგრულ ენასა და ქართულ ენას შუა მსგავსება არ არისო. მე ვერაფერი გამაკვირვებს!... ოღონდ ამას ვიტყვი, რომ ის გარეშე ქვეყნის ფილოლოგები, რომელნიც სწერენ მეგრულსა და ქართულს ენებზედ, არიან სრულიად დაბნეულნი. ჯერ ჩვენი ენა ისწვლონ და მერმე სწერონ... ჩვენდა საბედნიეროდ, ჩვენს ხალხს აქვს საკუთარი აზრი და რწმუნება, რომელიც დაგვიტოვა ჩვენმა საკუთარმა ისტორიამ და ახლა ვერა კაცი ვერ დაგვაჯერებს იმას, რომ ნამდვილი არ არის ჩვენთვის და არც ავნებს ჩვენს წინ წაწევას. ხალხს მაშინ გაიცნობს კაცი, როდესაც იმ ხალხში ცხოვრობს ან იმ ხალხის ენას ლაპარაკობს. ამას გარდა, ხალხის ისტორია და სურვილი უნდა შეიტყოს კაცმა და შემდეგ ილაპარაკოს. მე სამეგრელოს, იმერეთს და გურიას ვუყურებ, როგორც საქართველოს პროვინციებს. ჩვენ შუა განსხვავება არ არის და არც უნდა იყოს; ეს არის ჩემი აზრი და ამ აზრით მოვკვდები’’. 

ნიკო დადიანი ეროვნული კულტურისა და იდენტობის დიდი მოამაგე და მხარდამჭერი იყო. 1885 წელს მან სამეგრელოს სამთავრო კარის უმდიდრესი ბიბლიოთეკა ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას’’ გადასცა. შემდგომ აღნიშნული ბიბლიოთეკის ჩასაბარებლად საზოგადოებამ კომისიაც კი შექმნა, რომელსაც თავად ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა. 

ნიკო დადიანი გარდაიცვალა 1903 წლის 24 იანვარს, პეტერბურგში. დაკრძალულია დადიანთა საგვარეულო განსასვენებელში - მარტვილის ტაძარში. 

ამდენად, ნიკო დავითის ძე დადიანი წარმოადგენს იმ ისტორიულ ფიგურას, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაზე. მისი საქმიანობა ნათლად აჩვენებს ერთგულებას ეროვნული თვითმყოფადობის, განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. მის დამსახურებაზე ისიც მეტყველებს რომ ცნობილმა ავსტრიელმა კომპოზიტორმა, ვალსის მეფედ წოდებულმა იოჰან შტრაუსმა თავისი ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები სწორედ უგანათლებულეს თავად ნ. მინგრელსკის მიუძღვნა. შესაბამისად, ნიკო დადიანმა ღირსეულად დაიმკვიდრა ადგილი XIX ს-ის II ნახევრისა და XX ს-ის დასაწყისის ქართველ მამულიშვილთა რიგებში. 

ბიბლიოგრაფია 

1). პაპასქირი, ზ. (2011) ნიკო დადიანი. დიდნი საქმენი, 376-377. გამომცემლობა არტანუჯი. 

2). კალანდია, გ. (2020), ქართველები მსოფლიო ისტორიაში. გამომცემლობა პალიტრა L. 

3). მუსხელიშვილი, დ. (რედაქტ). (2000). ანალები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის გამომცემლობა ,,მემატიანე’’. 

4). კალანდია, გ. (2019). უცნობი ინგლისური მასალები სამეგრელოს უფლისწულის შესახებ. ისტორიანი, 4, 20-24. 

5). კალანდია, გ. (2020). ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ. 

6). დადიანების სასახლეების საგანძური. (2003). დადიანების სასახლეთა გადარჩენის ფონდი. 

7). კალანდია,გ. (2006). გაძარცული საგანძური. გამომცემლობა ,,არტანუჯი’’. 

8). კალანდია, გ. (2024). ზუგდიდის დადიანების სასახლეები. 

9). ასლანიშვილი, ა. (2007, 1 მაისი). უგანათლებულესი თავადი მინგრელიისა. საქართველოს რესპუბლიკა, 82, 5. 

10). აფაქიძე, ფ. თითმერია, ც. (2023-2024). დადიანთა საფლავის ეპიტაფიები. დისკუსია, 8-9 (5), 36.