„საქმემან შენმა გამოგაჩინოს!..“

 

ხიბულა თავისი ისტორიული წარსულითა თუ გმირების სიუხვით, შრომითა და გარჯით ცნობილი, ერთ-ერთი დიდი და ლამაზი სოფელი გახლდათ.

წლებმა, შექმნილმა ცხოვრების წესმა, თავისებურებებმა ყველას და ყველაფერს ხელი დაატყო.

დრო ბევრ რამეს ცვლის. შეიცვალა ცხოვრების წესი და სტილი. დღის წესრიგში დადგა სულ სხვა მიმართულებები. თავად უნდა შეგეძლოს ბრძოლა ლამაზი ცხოვრების შესაქმნელად. უნდა შეძლო, შექმნა საარსებო პირობები და მომძლავრდე, სხვასაც გაუმართო ხელი და დაასაქმო. გაჩნდნენ ბიზნესმენები, მეურნე და მეწარმე ოჯახები... რომლებიც ითავსებენ ამ კეთილ საქმეებს.

ამ საგაზეთო წერილში  მინდა გიამბოთ ახალხიბულელ კოკოშა შონიას და ციური ჯაბურიას მრავალშვილიან ოჯახზე. მათი ორი ქალიშვილი გულისა და გურანდა პროფესიით პედაგოგები გახლავთ. გურანდა საჯიჯაოს საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელია, გრიგოლი შემოსავლების სამსახურში მუშაობს, კობა მამის დატოვებულ დიდ ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს და შეძლებული ოჯახის შვილი მამასავით ძლიერი მეურნე გახდა.

მართალია დედ-მამა ცოცხლები არ გახლავთ, მაგრამ ბატონი კობა თავისი ცხოვრების წესითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. როცა მას უსმენ მის გაკეთებულ საქმეებზე, ხვდები, რომ პოზიტიური ადამიანია.

კობა შონიას დამთავრებული აქვს თბილისის ეკონომიკური ინსტიტუტი, მაგრამ ეკონომისტის სპეციალობით არასდროს უმუშავნია, ახლა თავისი პროფესია ძალიან ეხმარება საქმიანობაში, იმ მიღწვებში, რასაც აღწევს, ბავშვობის შთაგონების წყარო გახლდათ.

ხიბულაში მის საკუთრებაში 6 ჰექტარამდე სასიმინდე ფართობია, საიდანაც ყოველწლიურად 25 ტონამდე სიმინდის მოსავალს იღებს. აქვს ლიმონარიუმი, საიდანაც 15-20 ტონა ლიმონს კრეფს. 1000 ძირის თხილის ნარგავებიდან 3 ტონაზე მეტი თხილის მოსავალი აქვს. ყველაფერს აგროტექნოლოგიების დაცვით აკეთებს.

როცა ბატონ კობას ვკითხე, როგორ ახერხებდა ასეთი დიდი სამუშაოების შესრულებას, აღნიშნა, რომ სეზონურად ძირეულ საქმეებში ყოელდღე 20-30 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. 

გარდა მემინდვრეობისა, ახალგაზრდა მეწარმე ჩართულია პროექტ „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებში სახელმწიფოსთან თანადაფინანსებით შეძენილი აქვს ორი ერთეული ტექნიკა, გარდა ამისა, თავადაც საკუთარი ხარჯებით შეიძინა ტრაქტორები, ამიტომაც მას ძალუძს ყოველწლიურად გარდა თავისი ფართობებისა, 200 ჰექტარამდე სოფლის მოსახლეთა მიწის ნაკვეთების დამუშავებაც. მიღებული ფინანსებით აკეთებს ახალ და საჭირო საქმეებს, ზრდის საკუთარ შემოსავლებს, ამით თანასოფლელებს ეხმარება საქმეების მოწესრიგებაშიც. როგორც ჩანს, მას სოფლის ძირეულ განვითარებაში  თავისი უდიდესი წვლილი შეაქვს. დღეს ხიბულაში მისი ოჯახი ერთ-ერთი ეკონომიკურად ძლიერი ოჯახია.

საქართველო აგრარული ქვეყანაა, ამიტომაც მთავარი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარებაა. ბატონი კობა ყოველთვის ამას ითვალიწინებს და ყველაფერს აკეთებს ოჯახის კეთილდღეობისთვის. ნათქვამია, „როცა ოჯახი ძლიერია, ქვეყანაც ძლიერია“.

პროგრამა „აწარმოე საქართველოსთვის“ ფარგლებში მან შეძლო პირუტყვისთვის დამხმარე ნაგებობების გაკეთება. ყავს მაღალპროდუქტიული 10 სული ძროხა თავისი ნამატებით და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი...

ფერმაში მას ჰყავს დამხმარე ადამიანები, რომლებიც კმაყოფილები არიან თავიანთი შრომითა და შემოსავლებით.

საოცარი სანახავია შემოდგომა მის ოჯახში, ეზოში მსხმოიარე ლიმონი, უთვალავი თხილი, სხვადასხვა ხილი, პირუტყვი, სასიმინდე ფართობებიდან მოწეული მოსავალი...

როცა ბატონ კობას ვკითხე, როგორ ახერხებს ამდენი მოსავლის რეალიზაციას, აღნიშნა, მყიდველები სახლში აკითხავენ და არცერთი პროდუქცია არ რჩება რეალიზაციის გარეშე.

როგორი საჩინოა ეს ყველაფერი. საკუთარი ხელით მოწეული და გაკეთებული საქმეები მის ცხოვრებას უფრო ალამაზებს. 

კობა შონია, სოფელში გამორჩეულ ადამიანთა შორისაა, ყველას გვერდში დგომა და დახმარება ძალუძს, ამიტომაც მას მთელმა სოფელმა ხმა მისცა 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში. დღეს ის ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ახალი ხიბულის მაჟორიტარი დეპუტატი გახლავთ, რაც უფრო მეტს ავალდებულებს იყოს, მოსახლეობის გვერდით და მათი საქმეების თანაზიარი. როგორც დეპუტატმა, წვლილი უნდა შეიტანოს ჩვენი მუნიციპალიტეტის სასიკეთო საქმეების კეთებაში. 

მჯერა კობა შონია ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხიბულელთა კარგი მედიატორი იქნება

ადამიანი, რომელიც დიდი სიყვარულითა და გულწრფელობით აკეთებს საქმეს, ყოვლთვის ახერხებს ირგვლივ მყოფთა გახარებას. ის მართლაც კეთილი და თავმდაბალი ადამიანი, კარგი მენეჯერი და ორგანიზატორია. „საქმემან შენმან გამოგაჩინოს„ სწორედ მასზეა ნათქვამი.

ბატონი კობა შონიას წარსული სამაგალითოა. იმედია აწმყო და მერმისი უფრო პოზიტიური იქნება. თანასოფლელები პატივის სცემენ მას, როგორც დადებით და ენერგიულ ადამიანს, კაცს, რომელიც მამის ნაკვალევს მიუყვება.

მისი დეპუტატობა და მხარდაჭერა ახალხიბულელთა საუკეთესო არჩევანია.
ნანი კილასონია           

გაზეთი „ხობის მოამბე“ #2 (7208) თებერვალი 2026 წელი