დღეს 19 წელი შესრულდა მამაჩემის გარდაცვალებიდან... უმოწყალო დრო მწუხარებას ახშობს, მაგრამ დარდს ვერ ანელებს...
იმედია, მისი სული იქ არის, სადაც მართალნი განისვენებენ. †
რუბენი კონსტანტინეს ძე ბახია დაიბადა 1932 წლის 12 იანვარს კოტე სოლომონის ძე ბახიას და ლუბა მელიტონის ასული ლოლუას სიყვარულით შექმნილ ოჯახში. მამაჩემის, რუბენის გადმოცემით, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მისი ბავშვობა ბედნიერი იყო. კოტე და ლუბა თავიანთ ხუთ შვილს მზრუნველობას არ აკლებდნენ. კოტე ბაბუა პედაგოგი გახლდათ. ომის დაწყებამდე პირველი ხორგის სკოლის დირექტორი და ამავე დროს ისტორიისა და გერმანული ენის მასწავლებელი იყო. იმ დროისათვის შესაფერისად ცხოვრობდნენ. კოტეს ყოველ ზაფხულს მიჰყავდა ცოლ-შვილი დასასვენებლად ხან ლესიჭინეში, ხან მუხურში, ხან აბასთუმანში. მთის ჰაერი კეთილ ზეგავლენას ახდენდა მათ ჯანმრთელობაზე.
რუბენიმ 1939 წლის პირველ სექტემბერს სწავლა დაიწყო დაბა ხობის #1 საშუალო სკოლაში. მამა მიყვებოდა, რომ პირველ კლასში ყოფნის დროს, მათემატიკის გაკვეთილზე, როცა ასწავლიდნენ 20-ის ფარგლებში მიმატება-გამოკლებას, ის ხელის თითებთან ერთად იყენებდა ფეხის თითებსაც. გაიხდიდა წინდებს და შიშველი ფეხის თითებით ანგარიშობდა რიცხვებს ხელის თითებთან ერთად.
რუბენი ძალიან ნიჭიერი ბავშვი იყო და სკოლაში კარგად სწავლობდა, ხუთოსანი იყო ყოველთვის. 1941 წლის მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, ნორმალური ბავშვობა ჰქონდა.
1941 წლის 13 სექტემბერს ყველაფერი შეიცვალა ჩვენს ოჯახში. 36 წლის კოტე ბაბუა ომში გაიწვიეს და ხუთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა სახლში მეუღლესთან და დედამის - მაკრინე ბებიასთან ერთად. იური 12 წლის იყო, რუბენი - 9 წლის, გულნარა - 7 წლის, კლარა - 4 წლის, ლიანა - 2 წლის.
1942 წლის 20 აგვისტოს მოვიდა კოტეს ბოლო წერილი სევასტოპოლიდან, სადაც საბჭოთა კავშირის წითელი არმიის რიგებში იბრძოდა გერმანელების წინააღმდეგ. ის უგზო-უკვლოდ დაიკარგა...
როგორც აღვნიშნე, მაშინ რუბენი 9 წლის იყო და სწორედ აქედან იწყება მამაჩემის - რუბენი ბახიას დიდი შრომა-ჯაფით აღსავსე ცხოვრება, რომელიც სიკვდილამდე შეუსვენებლივ გაატარა.
ომის წლები (1941-1945 წ.წ.) განსაკუთრებით მძიმე იყო უმამოდ დარჩენილი ბავშვებისთვის. 12 წლის იური და 9 წლის რუბენი მამაკაცურ საქმეებს „ითავსებდნენ“, ეზოში მიწას ბარავდნენ, თოხნიდნენ, ხნავდნენ გუთანში შებმული „ურა“ ხარებით, რომელსაც მეზობელი ათხოვებდა ხოლმე. ეზოში მოყვანილი სიმინდი გაჭირვებით, ასე თუ ისე ჰყოფნიდათ. მამა მიყვებოდა, რომ ომის წლებში სოფელში ჩამოდიოდნენ ხან სამტრედიიდან, ქუთაისიდან და სხვა ქალაქებიდან კერძო მოვაჭრეები, უმეტესად ებრაელები, რომელთაც მოჰქონდათ როგორც ახალი, ასევე მეორადი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელსაც სიმინდში ცვლიდნენ. საზომი ერთეული ე. წ. ალუმინის „კურუშკა“ იყო. ერთი ალუმინის „კურუშკა“, რომელიც სიმინდით იყო სავსე, შეიძლებოდა გაგეცვალა ერთ წყვილ ფეხსაცმელში ან შარვალში, კაბაში და ასე შემდეგ. სიმინდი ძვირად ფასობდა იმიტომ, რომ მამაკაცი, ვისაც შრომა შეეძლო, ყველა ომში იყო გაწვეული და სიმინდის დათესვა და მოყვანა ბევრ ოჯახს არ შეეძლო.
1942 წლის ზამთარში ეზოს წინ მდგარი ჭადრების ზედა ნაწილი გადაჭრეს იურიმ და რუბენიმ, რადგან შეშა არ ჰქონდათ გასათბობად. აქამდე კოტე ზრუნავდა ამ საკითხზე და ამ მხრივ ოჯახს პრობლემა არ ჰქონია. თოვლი ნაადრევად მოვიდა იმ წელს, თან უხვი. პატარებს არ შეეძლოთ ტყიდან შეშის მოტანა, ამიტომ იძულებული იყვნენ ჭადარი გამოეყენებინათ გასათბობად.
რუბენი სკოლაში კარგად სწავლობდა, ფრიადოსანი იყო ყოველ კლასში. როგორც ყველა ბავშვს, მასაც უყვარდა მეზობლებთან ერთად ფეხბურთის თამაში. საქონლის ტყავისგან გაკეთებულ ბურთში ჩატენიდნენ ძველმან ნაჭრებს, კარგად გამოტენიდნენ და იმითი თამაშობდნენ. ბურთი ხშირად იხეოდა და ხელახლა აკეთებდნენ. რა თქმა უნდა, ფეხშიშველი თამაშობდნენ, აბა კედები და ბუცები სად იყო?!..
ლუბა სამსახურიდან რომ მოვიდოდა, შვილებს მოიკითხავდა, მათი სწავლის პროცესს აკონტროლებდა, „იბარებდა“ გაკვეთილებს. დღისით ნათამაშები ბავშვები საღამოს სწავლობდნენ ჭრაქის შუქზე. თუ ჭრაქისთვის ნავთი არ ჰქონდათ, მაშინ ბუხარში დანთებული ცეცხლის შუქზე უწევდათ წიგნების კითხვა. რუბენი ნიჭიერი ბავშვი იყო, სწრაფად და კარგად ითვისებდა მასწავლებლებისგან მოსმენილ და მერე სახლში წაკითხულ გაკვეთილს. ამიტომ ყოველთვის ხუთოსანი იყო, სკოლა წარჩინებით დაამთავრა 1949 წელს. იმავე წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, „ჩაწყობის“ გარეშე, საკუთარი ცოდნით, მაგრამ კურსზე არ ჩარიცხეს. ლუბას მიერ მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრთან ვიზიტისა და გამოხატული დიდი პროტესტის შემდეგ ჩარიცხეს პედიატრიულ ფაკულტეტზე. რუბენის მიერ ჩაბარებული სამკურნალო ფაკულტეტის ადგილი ვიღაც „ფულიანმა იჩალიჩა“.
ინსტიტუტში კარგად სწავლობდა, სტიპენდია ჰქონდა, მაგრამ ეს რომელ სტუდენტს ეყოფოდა... ლუბა უგზავნიდა შეძლებისდაგვარად, ხან თავისი 60 მანეთიანი ხელფასიდან, ხან ნასესხებ ფულს. რუბენიმ დიდი ფინანსური გაჭირვებით, მაგრამ მაღალი ცოდნის დონით დაამთავრა ინსტიტუტი 1956 წელს.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ გაანაწილეს მეშახტეთა ქალაქში - ტყიბულში, სადაც იმუშავა 5 წელი - 1961 წლამდე. მისი ნაამბობით, იქ მუშაობდა ექიმად შემდეგში ძალიან ცნობილი კომპოზიტორის, ალექსანდრე ბასილაიას მამა (სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს. კ.ბ.), რომელმაც ასეთი რჩევა მისცა რუბენის: „არ გეკადრება შენ, ექიმ კაცს, თავშიშველი სიარული, ქუდი უნდა დაიხუროო“. ჰოდა, მაშინ რომ დაიხურა რუბენიმ ქუდი, მის მერე აღარ მოუშორებია. უმეტეს შემთხვევაში საზოგადოებაში მას უქუდოდ ვერ ნახავდით. განსაკუთრებით უყვარდა ცილინდრი. ჰალსტუხი და ცილინდრი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და სტილი იყო.
1961 წელს რუბენი დაქორწინდა ამალია ბერაიაზე, რომელიც ბავშვობიდან უყვარდა. 1962 წელს შეეძინათ ვაჟიშვილი - კოტე, 1966 წელს კი ქალიშვილი - ცისია.
1961 წლიდან რუბენიმ მუშაობა დაიწყო ხობის რაიონის საავადმყოფოში ექიმ-პედიატრად. სამსახურს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა და ყოველთვის კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის პროფესიულ მოვალეობას, რის შედეგად ხალხის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.
1967 წელს მამაჩემმა და ბიძაჩემმა იური ბახიამ ააშენეს ახალი ორსართულიანი საძმო სახლი, რომლის ერთი ნახევარი ჩვენი იყო, მეორე ბიძაჩემის ოჯახის. ეს ბებიაჩემის, ლუბას მოთხოვნით გაკეთდა, რადგან მას სურდა თავისი შვილები ერთად დაეხვედრებინა უგზოუკვლოდ დაკარგული მეუღლისთვის, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდა.
1968 წელს ახლადაშენებული სახლი დაიწვა, სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობის მიზეზით. შემდეგ ხელახლა მოუწიათ სახლის რეკონსტრუქცია და გარემონტება, რასაც კიდევ ხუთი-ექვსი წელი დასჭირდა.
როგორც უკვე აღვნიშნე, მამაჩემმა ხობში მუშაობის დაწყებიდან მალევე გაითქვა სახელი თავისი ცოდნით. დღედაღამ მუშაობდა, სამსახურში მორიგეობა ხშირად უწევდა. ამას გარდა, თუ მძიმე ავადმყოფი ჰყავდა, სულ თავზე ადგა და არ შორდებოდა, სანამ არ გამოკეთდებოდა პაციენტი. დიდი სურვილი ჰქონდა, თავისი ცოდნა გაეღრმავებინა, თავისუფალ დროს სულ წიგნებს კითხულობდა. აინტერესებდა არამარტო სამედიცინო, არამედ კლასიკური ლიტერატურაც. გამოწერილი ჰქონდა ყველა მთავარი გაზეთი, რომელიც მაშინ გამოდიოდა. ერთი პერიოდი მუშაობა დაიწყო სადოქტორო დისერტაციაზე, მაგრამ ოჯახური და სამსახურებრივი სამუშაოს გადატვირთულობის გამო იძულებული გახდა შეეწყვიტა. სოფელში ცხოვრება თავისას ითხოვდა - ეზო და ბოსტანი მოსავლელი იყო, სიმინდის ყანა მისახედი და სხვა უამრავი საქმე, რაც ოჯახს სჭირდებოდა.
რუბენი დღე და ღამეს ასწორებდა როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური მუშაობით. სახელი გაითქვა, როგორც მცოდნე და გულისხმიერმა ექიმმა. ძალიან ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც მასთან მოჰყავდათ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვები. თავის ცოდნას არ აკლებდა მძიმე ავადმყოფებს, საავადმყოფოში ღამეებს ათენებდა, რომ ავადმყოფი ბავშვი გამოეყვანა მძიმე მდგომარეობიდან. ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც იყო შემთხვევები, როცა შეუძლებელი იყო ბავშვის გადარჩენა. მამაჩემი ამას ძალიან განიცდიდა, წუხდა, რომ ვერ შეძლო დახმარება. ამის შემდეგ გაათმაგებული ძალებით „უტევდა“ წიგნებს. სულ ჩაჰკირკიტებდა წიგნს, ეძებდა ავადმყოფის გადარჩენისთვის საჭირო ინფორმაციას და პოულობდა კიდევაც. დღე-ღამის ნებისმიერ მომენტში, მიუხედავად დაღლილობისა, მზად იყო დახმარებოდა პატარა ავადმყოფებს.
ერთი შემთხვევა მინდა გავიხსენო მამაჩემის საექიმო პრაქტიკიდან. თარიღი ზუსტად არ მახსოვს, მგონი 2001 წელი იყო. ერთ დღეს მამას მოუყვანეს დიქლოფოსით მოწამლული ბავშვი. თურმე ბავშვს ტილები გასჩენია თმაში და დედამისმა თმა დიქლოფოსით შეუწამლა, თავზე ცელოფანის პაკეტი შემოაკრა და ბავშვი ეზოში სათამაშოდ მიუშვა. დედას მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როცა ბავშვი მოწამვლის გამო ცუდად გახდა. სასწრაფოდ მოიყვანეს რუბენი ექიმთან. მამა მაშინვე ჩაერთო ბავშვის გადარჩენის პროცესში, თავისი გამოცდილება და ცოდნა არ დაუკლია მისთვის. ბავშვის მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა. მაშინ მამაჩემის რჩევით ქუთაისიდან სასწრაფოდ ჩამოიყვანეს ტოქსიკოლოგი-პროფესორი. მან გასინჯა ბავშვი და სხვა წამლებთან ერთად ერთ-ერთი წამალი (სახელი არ მახსოვს, კ.ბ.) 4 ამპულა შეაყვანინა ბავშვის ვენაში. თითქოს ცოტა მომჯობინდა ბავშვი, მაგრამ შემდეგ ცუდად შეიქნა და გარდაიცვალა...
მამა, ღამენათევი, დაღლილი, ძალიან მწუხარე დაბრუნდა სახლში. ძალიან განიცდიდა 11 წლის ანგელოზი გოგონას გარდაცვალებას. სულ დარდობდა, რომ ვერ უშველა და ვერ გადაარჩინა. იმ დღის შემდეგ მამა საერთოდ არ მოსცილებია წიგნებს, ყოველთვის რაღაცას კითხულობდა, ეძებდა და რამდენიმე თვის ძიების შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს შესძახა: „ვიპოვეო!“ ჩვენ გაგვიკვირდა, ასე რამ გაახარა მამაო?!..
ერთი ძველი წიგნის კითხვისას, რომელიც გამოცემული იყო 1957 წელს, მამამ აღმოაჩინა, რომ ის წამალი, რომელიც პროფესორმა დაუნიშნა ბავშვს ვენაში შესაყვანად, უნდა შეყვანილიყო ვენაში არა 4 ამპულა, არამედ - 40, მაშინ ბავშვი აუცილებლად გადარჩებოდა!.. ვინაიდან იმ პროფესორს ის ძველი ტოქსიკოლოგიის წიგნი წაკითხული არ ჰქონდა, არამედ მხოლოდ ახალი წიგნით ხელმძღვანელობდა, სადაც მხოლოდ 4 ამპულა ეწერა... 4 ამპულა 40-ის ნაცვლად!.. ეს ხომ სტამბაში ბეჭდვის შეცდომა იყო, რადგან ახალ წიგნში 40-ის ნაცვლად 4 ამპულა ჩაწერა ვიღაცამ... პროფესორმა კი ახალი წიგნიდან ისწავლა... ამის შემდეგ, მსგავსი შემთხვევის განმეორების დროს, მამა მზად იყო გადაერჩინა სხვა სიცოცხლე, პროფესორის გარეშე...
ერთი სახასიათო შტრიხი მინდა დავამატო მამაჩემის ისტორიას და ცხოვრებას. ყოველთვის არჩევდა სისადავეს, ძალიან უბრალოდ და კოპწიად გამოიყურებოდა შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი, შესაბამისი ჰალსტუხით და ცილინდრით. მექსიკურ სტილზე დაყენებული ულვაში ჰქონდა, რითაც თავს იწონებდა. სახის გაპარსვის შემდეგ სარკეში რომ ჩაიხედავდა, ხუმრობით იტყოდა ხოლმე: „ნეოტრაზიმი ვარო!..“ მთელი ცხოვრება მისი განუყრელი ატრიბუტები იყო: ულვაში, ჰალსტუხი და ცილინდრი. მაგრამ ყველაზე დიდი ატრიბუტი მისი ცოდნა იყო, არამარტო საექიმო საქმის, არამედ სხვა საკითხების, რომელიც ცხოვრებაში ხშირად იყო გადასაწყვეტი.
თუ არ გავითვალისწინებთ ინსტიტუტში სწავლის პერიოდს, მან 50 წელი შეალია მედიცინის სამსახურს, აქედან 45 წელი ხობის რაიონს პირუთვნელად ემსახურა. რაიონმაც დაუფასა ღვაწლი და მისი სახელი ეწოდა გურიფულში ხორგისკენ მიმავალ ქუჩას, რითაც ძალიან ვამაყობთ ოჯახის წევრები... და არა მხოლოდ ამით, არამედ მთელი მისი ნაშრომ-ნამოღვაწარით, რომელიც მან გასწია ცხოვრების მანძილზე.
გარდაიცვალა 74 წლის ასაკში, 2006 წლის 11 ივნისს, ერთწლიანი ავადმყოფობის შემდეგ. ნათელი დაადგეს მის სულს... †
P.S. დრო უმოწყალოდ სწრაფად გარბის... კაცმა უნდა მოასწროს დროსა და სივრცეში ჩატევა. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად დიდი ჯაფა-წვალებისა, ტიტანური შრომისა, რუბენი ბახიამ ეს შეძლო!...
შვილი კოტე ბახია
