წავიდა ,,ბექია“

 

ვისაც უნახავს რეზო თოდუას მიერ შესრულებული ,,ბექია“ ყველა დამეთანხმება, ეს იყო საოცრი არტისტიზმით შესრულება (სხვა როლებს ვერ ჩამოვთვლი).
რეზო თოდუა მომფერებელი კაცი, მუდამ ხალისიანი, მუდამ ღიმილიანი, კაცთმოყვარე, დიდი გულის პატრონი.
რეზო თოდუა–ნიჭიერი ხელოვანი, მომღერალი, მსახიობი, უდიდესი იმპროვიზაციის უნარის მქონე.
თითქმის ექვსი ათეული წელი მოღვაწეობდა ხობის კულტურის სფეროში. დაარსებიდან ფოლკლორული ანსამბლი ,,შვიდკაცას“ წევრი და განსაკუთრებული ბანი. ბევრი შემოინახა არქივმა მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. მქონდა ბედნიერება წლები ერთად გვემუშავა, ყოველთვის იცავდა ეტიკეტს. ის იყო ხალხური სიმღერების საოცარი შემსრულებელი და ბანი. მისი გამოჩენა სცენაზე, როგორც მომღარლის, მსახიობის სიხარულს და მოწონებას იმსახურებდა. კაცი, რომელიც ყველას უყვარდა და პატივს მიაგებდნენ.
მას საქართველოში ყველა იცნობდა, როგორც მეგრული სიმღერების უბადლო შემსრულებელს და მსახიობს. მიღებული ჰქონდა მრავალი ჯილდო და პრემია, არჩეული იყო ხობის საპატიო მოქალაქედ. დიახ, საპატიო და საპატივცემულო კაცი იყო რეზო თოდუა.
დიდი დანაკლისია იგი ანსამბლ ,,კოლხეთისთვის“, რომელმაც შეგნებული ცხოვრება მათთან ერთად გაატარა სცენაზე, დანაკლისია ხობელთათვის, კულტურული სფეროს მოღვაწეთათვის.
მადლობას გეუბნებით ყველაფრისთვის, ბატონო რეზო!
ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სული.

ბეჟან ნადარაია

ტაშით გავაცილოთ - ზეცად აღვლენილი "ოჩეშხვეი"... ---------------------------------------------------------------------- რეზო თოდუა გარდაიცვალა, ნიჭიერი და კეთილი კაცი, სინდისიერი და ზნემაღალი მოღვაწე. და თუ სინდისი სულია, მაშინ მასზე დიდსულოვანი და კეთილმოსაგრე ადამიანი არც შემხვედრია ამ უგერგილო დუნიაზე. ამ ბუხუნა კაცში გაერთიანებული გახლდათ ძველკოლხური ლმობიერების ყველა სიფაქიზე და სინატიფე, ამიტომაც დადიოდა ასე მსუბუქად და სიყვარულად, ასე ლამაზად და თვალდასარჩენად! მზეს დააბრძანებდა უბით და ასე მარადისად გამთბარი, სხვებსაც ათბობდა და ყველას ეფერებოდა. სიყვარულ გახარებად და წამლად არიგებდა... უყვარდათ, ეიმედებოდათ და ეამაყებოდათ... გრძნობდა სხვებისგანაც ასეთ დამოკიდებულებას და ეს აბედნიერებდა. ვწერ ამ სტრიქონებს და ამეკვიატა მისი ერთი სასიმღერო ფრაზა კომედიური ჟანრის სპექტაკლიდან: "ქომორთი, თოლიგე დო ქოფსხაპათი..." რამდენი რამ იყო თუნდაც ან სტრიქონის გამოხატვის პროცესში ჩატეული - არტისტული ნიჭიერება, პლასტიკა, მუსიკალურობა, კომიკურობა და კიდევ რაღაც, რომელსაც სახელს ვერც უპოვი და მისული იყო მხოლოდ. მისი შინამოს ნაწილი და ზეციერი ხდომილება. ჩვენი "ბექია", ჩვენი "ჩაგუნა" და ჩვენი "მეურემე" წავიდა ზეშთა სოფელში... იშვითად ხავერდოვანი ბანი, შესრულების მაღალი კულტურა და გასაოცარი სმენა აძლევდა იმის საშუალებას გამორჩეულად კარგი ყოფილიყო მშობლიურ ანსამბლ "კოლხეთისა" თუ " შვიდკაცას" რიგებში. საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის ოქროს ფონდში დაცულიყო, სხვებთან ერთად, მისი საღვთოო ხმა და ნამღერი! მოკლედ, მითიური მიდასის დარად, ოქროდ ექცია უბრალო და ჩვეულებრივი! მქონდა ბედნიერება მის გვერდით ვმდგარიყავი და მემღერა. სამყაროს მოხილვის დარად მქცეოდა მასთან მეგობრობა და მითუფრო სიმღერა. მსახიობი, კომიკოსი, მომღერალი, ფოლკლორისტი და ხმაკაკაბა კაცი წავიდა ჩვენგან... იმედია უკეთეს და უდიდეს საქართველოში, სადაც შეხვდება იმ თაობას ჩვენი "კოლხეთელებისა", რომელთა გვერდით ღვაწებითაც გამოიწრთო ქურუმად და გამოიწაფა პედაგოგად, მასთან ხმის მომზიანე მაფშალიად. რამოდენიმე წლის წინ იავადმყოფა, მაშინ თბილისში ვმუშაობდი და მესტუმრა თავის უმშვენიერეს ქალიშვილთან ერთად, ამოუშლელ სურათებად ჩამეკირა ცნობიერებაში ერთად გატარებული დედაქალაქური წუთები და დღეები. პროფესორ მედიკოსებთან ვიზიტი და ხუმრობა- ხუმრობითა და სიმღერა- ღიღინით დაამარცხებული მძიმე სენი. იმედიანი კაცი გახლდათ და გადამდებ სიკეთეთ ხარობდა ეს იმედი გარშემოეთში, ასე რომ ალამაზებდა და ამშვენიერებდა სიცოცხლეს... მიყვარდა და მიყვარს... დამაკლდება, მომენატრება... ნათელი დაგადგეთ, რეზო ბატონო, ცხონება იყოს თქვენი სუფთა სულისა, რეზო ჯიჯი!.. ტაშით გავაცილოთ - ზეცად აღვლენილი "ოჩეშხვეი"... ------------------------------ ლაშა გვასალია

რეზო თოდუა - ადამიანი სითბო, სიყვარული, ღიმილი, ხალასი იუმორი, ადამიანი საოცრად ტკბილი, განუმეორებელი ბუბუნა ბანით, არტისტიზმით, მხოლოდ მისთვის  დამახასიათებელი საშემსრულებლო სტილით, მანერებით.
    ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს ამ დიდებულ ადამიანთან. პირველად რეზო და მისი მეგობრები ჩემი მოსწავლეობის პერიოდში სკოლის სცენაზე ვიხილე  და თეთრი შურით შემშურდა იმ ადამიანების, ვინც მის გვერდით იდგნენ, თამამად ესაუბრებოდნენ, ეხუმრებოდნენ. ვინატრე: ,,რა ბედნიერებაა მათ გვერდით დგომა, ნეტავ ერთხელ მაინც შემაძლებინოს ღმერთმა მათი პარტნიორობა სცენაზე მეთქი“-ამიხდა! სწორედ მათ დამილოცეს გზა სცენისკენ...რამაზ ლოლუა, რეზო თოდუა, ტუჩი მირცხულავა, რადიკო ალანია. ადამიანები, რომლებმაც ისე შემაყვარეს სცენა, რომ სხვაგან ვერ წავედი, არც მიფიქრია...ბატონო, რეზო! ხან მამა იყავი ჩემი, ხან მეგობარი, ხან მოსამართლე, ხან თაყვანისმცემელი თაიგულით ხელში. დიდი პატივი იყო ჩემთვის თქვენი  პარტნიორობა. ბევრი რამ ვისწავლე თქვენთან. ეს იყო ერთი ოჯახი, ნდობით, გატანით, სიყარულით, მამობრივი მზრუნველობით გაჯერებული. ეს იყო კაიკაცობის აკადემია და მე მიხარია, ბედნიერი და ამაყი ვარ თქვენით. ფასდაუდებელია  თქვენი ღვაწლი და როლი ხობის  ფოლკლორულ ანსამბლ „კოლხეთში“ (ლოტბარი: ნუგზარ ზარანდია) .თქვენ „ბექია“-ს  საუკეთესო შემსრულებელი გიწოდათ  ბატონ, ანზორ ერქომაიშვილმა და ამისი მოწმე მე თავად გახლდით. თბილისის ფილარმონიის დიდი  საკონცერტო დარბაზი ფეხზე ამდგარი გიკრავდათ ტაშს და სცენიდან არ გიშვებდათ.
წლების მანძილზე დაუღლელად და დიდი სიფაქიზით  მუშაობდით ბავშვებთან, მრავალი დააფრთიანეთ და საგზლად  ხელოვნების უდიდესი სიყვარული და პატივისცემა გაატანეთ თან.
აი ასე, ყოველგვარი ანგარების გარეშე, ხელოვნების დიდი სიყვარულით იწვოდით, იღვენთებოდით, მერე კი ფართოდ გახელი თვალებით და ბედნიერი ღიმილით მოკრძალებულად იფერებდით  გულწრფელ კომპლიმენტებსა თუ  დამსახურებულ აპლოდისმეტებს.
რეზო თოდუა-ხობის კოლორიტი ადამიანი წავიდა,  სამუდამოდ გადაინაცვლა იმიერში და დაგვიტოვა უდიდესი გულისტკივილი, მაგრამ ძალიან დიდი სიყვარული და მარადიული მონატრება.
 დააკლდები ხობს, ხობელებს, შენს საყვარელ სცენას, შენს „კოლხეთს“, მეგობრებს
მშვიად განისვენე ჩემო უფროსო მეგობარო და მასწავლებელო!
მადლობა უზომოდ გაცემული სითბოსა და სიყვარულისთვის!