საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი დიპლომატი კლოდ დე კემულარია ერთ-ერთი მთავარი ბანკის, PARIBA-ს ხელმძღვანელი და საერთაშორისო საქმეთა დირექტორი იყო. მის მიერ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფუძნებული ბანკის ფილიალები დღესაც წარმატებით აგრძელებენ მუშაობას BNP Paribas -ს სახელით.
კოტე დე კემულარია 1984-1987 წლებში საფრანგეთის წარმომადგენელი იყო გაეროში და უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ირანსა და ერაყს შორის ცეცხლის შეწყვეტაში. ის ასევე მონაკოს პრინც რენიეს და საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველი იყო. ფრანსუა მიტერანის დავალებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა არაბულ ქვეყნებთან. მის მიერ დაარსებულ „მონაკოს კლუბში“ მსოფლიოს მრავალი პოლიტიკოსი იყო გაწევრიანებული. კლოდ დე კემულარია წლების განმავლობაში მუშაობდა საფრანგეთის შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებში მაღალ თანამდებობებზე. ასევე იყო ცნობილი ფრანგული ბრენდის NINA RICCI–ის დირექტორთა საბჭოს წევრი.
“მრცხვენია, რომ ქართულად ვერ ვსაუბრობ, მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს. მე იმ ქართველ ემიგრანტებს მივეკუთვნები, რომლებიც 1920-1921 წლებში ბოლშევიკურ რეჟიმს საფრანგეთში წასვლით გაექცნენ. მთავარი ისაა, რომ ქართულად ვფიქრობ და ვაზროვნებ. წლების განმავლობაში საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტში ვმუშაობდი, ვიყავი საფრანგეთის ელჩი გაეროში, მეკავა სხვა მაღალი თანამდებობები და სანამ ცოცხალი ვარ, ევროპაში საქართველოს ინტერესების დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ”. „იამაყეთ, რომ ქართველები ხართ. მჯერა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება და ევროპაში კუთვნილ ადგილს დაიკავებს“, – განაცხადა კლოდ დე კემულარიამ 2010 წელს საქართველოში თავისი მემუარების, „ცხოვრება გაშლილი ფრთებით”, პრეზენტაციაზე.
ცნობილი დიპლომატი და საფრანგეთის „საპატიო ლეგიონის“ ოფიცერი 2016 წელს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.
https://speech.ge/istoriuli-emigratsia/klod-de-kemularia-diplomati-da-bankiri-saphrangethi-a-sh-sh/
დიპლომატი და საზოგადო მოღვაწე კლოდ დე კემულარია საფრანგეთში, პარიზში დაიბადა. მისი მშობლები საქართველოდან კომუნისტურ რეჟიმს გაექცნენ. ბაბუა გრიგოლი შეძლებული კაცი გახლდათ - უნიკალური კომერციული ნიჭი გააჩნდა, უმაღლესი გილდიის სოვდაგარი იყო. ჰქონდა ქარვასლები და სხვა მრავალი სავაჭრო ობიექტი ბათუმსა და ქუთაისში, საზღვარგარეთიდან საუკეთესო ხარისხის საქონელი შემოჰქონდა და ქველმოქმედებითაც გამოირჩეოდა. გრიგოლის მეუღლე, ნინო (ნინუცა) ნიკოლაძე, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძის და იყო. შეეძინათ სამი შვილი – ანეტა, სოფიო და იოსები. სოფიო კემულარია მწერალ ლევან გოთუას დედაა. კლოდი და ლევანი ბიძაშვილ– მამიდაშვილი იყვნენ, მაგრამ დროის უკუღმართობით ერთმანეთი არასოდეს უნახავთ.
გრიგოლსა და ნინოს ჰქონდათ იმის საშუალება, რომ შვილები არაფერში შეეზღუდათ, იქნებოდა ეს სწავლა–განათლება თუ საერთო განვითარება. ხშირად მოგზაურობდნენ. 1889 წელს პარიზში დაესწრნენ ეიფელის კოშკის გახსნას და მსოფლიო გამოფენაშიც მიიღეს მონაწილეობა.
კემულარიების ოჯახმა ვაჟი ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი ბელგიაში, იტალიასა და საფრანგეთში გაგზავნა სასწავლებლად. იოსებს მეუღლე ფრანგი ჰყავდა, თუმცა ქუთაისში გაიცნო თავის დასთან და ქართველ სიძესთან სტუმრად მყოფი. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ და მალე დაქორწინდნენ. იოსებმა და შარლოტამ ჯვარი აბასთუმანში დაიწერეს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი ემიგრაციაში წავიდნენ და პარიზში დასახლდნენ. შემდგომში იოსებ კემულარიამ (1880–1957) ბორდოში გახსნა საკუთარი ბანკი და წარმატებული ბანკირი გახდა. დასაფლავებულია ლევილში.
კლოდ კემულარია ფრანგულ ყაიდაზე აღიზარდა, მაგრამ მამა ყოველთვის ჩააგონებდა, ქართველობა არ დავიწყებოდა. თავადაც თვლიდა, რომ მისი კომუნიკაბელურობა, მხიარული ხასიათი და იუმორი ქართული გენიდან მოდიოდა.
ძალიან ვრცელია კლოდ კემულარიას სახელმწიფო, საზოგადოებრივი და დიპლომატიური მოღვაწეობის ნუსხა. პროფესიით იურისტი იყო. დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და პოლიტიკური მეცნიერების თავისუფალი სკოლა. 1945 წელს დაინიშნა საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კაბინეტის ატაშედ. 1945–1946 წლებში პოლ რეინოს (ცნობილი ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე) თანაშემწედ მუშაობდა. 1957–1961 წლებში გაეროს გენმდივნის, შვედი დაგ ჰამერშოლდის კაბინეტის წევრი გახდა. 1961 წლიდან იყო გაეროს საინფორმაციო სამსახურის დირექტორი ჟენევაში. 1960–იანის შუა წლებში მონაკოს პრინც რენიეს მრჩეველია, 1960–იანების ბოლოს მან დააფუძნა ცნობილი ბანკი "PARIBA"და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შექმნა მისი ფილიალები, რითაც საფრანგეთის ეკონომიკის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.
2008 წელს კლოდ დე კემულარიამ გამოსცა თავისი მემუარები „ცხოვრება გაშლილი ფრთებით", რომელიც მრავალ ენაზე ითარგმნა. წიგნი XX საუკუნის 40–80–იანი წლების საერთაშორისო მოვლენებისა და მსოფლიო პოლიტიკის ღრმა ანალიზის საფუძველს იძლევა. ავტორი მოგვითხრობს თავის ბავშვობაზე, მისთვის უცნობ, მაგრამ საოცნებო სამშობლოზე, მშობლებზე, თავის ახალ სამშობლოზე, სადაც ფრთები გაშალა და უდიდეს წარმატებებს მიაღწია პოლიტიკურ კარიერაში. 2010 წელს, პრინცესა ვერონიკა მიურატის ხელშეწყობით მემუარები ქართულ ენაზეც გამოიცა. წიგნის პრეზენტაციისთვის, ნოემბრის თვეში, საქართველოში კლოდ დე კემულარიაც ჩამოვიდა. სოხუმის უნივერსიტეტში გამართულ მიღებაზე ბატონმა კლოდმა განაცხადა "მრცხვენია, რომ ქართულად ვერ ვსაუბრობ, მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს. მე იმ ქართველ ემიგრანტებს მივეკუთვნები, რომლებიც 1920-1921 წლებში ბოლშევიკურ რეჟიმს საფრანგეთში წასვლით გაექცნენ. მთავარი ისაა, რომ ქართულად ვფიქრობ და ვაზროვნებ. წლების განმავლობაში საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტში ვმუშაობდი, ვიყავი საფრანგეთის ელჩი გაეროში, მეკავა სხვა მაღალი თანამდებობები და სანამ ცოცხალი ვარ, ევროპაში საქართველოს ინტერესების დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ". „იამაყეთ, რომ ქართველები ხართ, რადგან საქართველოს წარსული და ისტორია ამის საშუალებას გაძლევთ. მჯერა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება და ევროპაში კუთვნილ ადგილს დაიკავებს“, – დასძინა დიპლომატმა.
კლოდ დე კემულარიას ფეშენებელური ოფისი მდებარეობს ელისეს მინდვრებზე, ე. წ. შანზ–ელიზეზე. მეუღლე – შანტალი; ქალიშვილი – ელისაბედი; შვილიშვილები – ელეონორა, გრეგორი და ედვარდ–ტარიელი.
კლოდ დე კემულარია გარდაიცვალა 2016 წლის 4 ნოემბერს. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე მისი მეუღლის, შანტალის (1917-2009) გვერდით.
წყარო:
1. კემულარია, კ. (კლოდ დე)
ცხოვრება გაშლილი ფრთებით : მემუარები; [ფრანგ. თარგმნეს: პრინცესა ვერონიკა მიურატმა, შოთა ჭაბაშვილმა, მზია გობეჩიამ]. - თბ., 2010. - 392 გვ.
2. შარაძე გურამ. ფრანგული დღიური. – თბ., 1990. – გვ. 110–112.
პარიზი : კლოდ დე კემულარია // შორეული-ახლობელი / ნ. კობიაშვილი. - თბ., 2010. - გვ.241-246.
4. france.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=595&info...
www.interpressnews.ge/.../149991-saqarthvelos-khval-emigranti-qarthve...
http://www.nplg.gov.ge/emigrants/en/00000157/