ხობის რაიონის მომღერალთა გუნდის ლოტბარი ამხანაგი პრ. გაბელია ცნობილი სახალხო მომღერლის ძუკუ ლოლუას ნიჭიერი მოწაფეა. ამხ. გაბელია ფოთის ნავსადურის მუშის შვილია. მას მომღერალთა მრავალი წრე ჩამოუყალიბებია. დასავლეთ საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მის მიერ გამართულ კონცერტებს იცნობენ და დიდი აღტაცებით იგონებენ ბათუმის, სოხუმის, ზუგდიდის, ცხაკაიას და დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონების მუშები და კოლმეურნეები.
გასულ წელს ხობის რაიაღმასკომის მოწვევით ამხ. გაბელიამ ხობის კოლმეურნეებისაგან ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი. ამ გუნდმა დიდი ავტორიტეტი მოიპოვა, როგორც ხობის ისე სამეგრელოს დანარჩენი რაიონების მშრომელებში. გუნდის მიერ შესრულებული ძველი ხალხური სიმღერები („კუჩხიბედინერი“, „კეისრული“, „იერიში“, „ძველთაძველი“, „ოდოია“ და სხვა) მსმენელების დიდ აღტაცებას იწვევს. ამათ გარდა გუნდი იშვიათი ხელოვნებით ასრულებს გურულ, რაჭულ, სვანურ, აფხაზურ და აჭარულ სიმღერებს.
გუნდ ჰყავს მეჩონგურეები (ვენერა კოდუა და მარო შელია), რომელნიც საუცხოოდ ასრულებენ ძველ ნომრებს. გუნდის წევრებს შორის გამოირჩევიან: მ. ბუკია, ვ. დაკარგულია, კ. გვაჯაია, რ. ხვიჩია, ომ. ლატარია და სხვა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია პიონერი ოთარ გაბელიას ხმა. პაწია ოთარის მიერ ვირტუოზულად შესრულებული სიმღერები ყოველთვის მაყურებელთა დიდ აღტაცებას იწვევს.