სოფ. ჭალადიდი (სამეგრელო). ეს ერთი წელიწადია ჭალადიდში ღორის ჭირი გაჩნდა და სულ სწყვეტს ღორებს. ჯერ ჯერობით 10 ათას მანათის ზარალი მაინც მოუვიდა ამ სოფელს ღორების გაწყვეტით. ჩვენ გაკვირვებული ვართ, რომ არავინ, ვისიც ჯერ არს, ამ გარემოებას ყურადღებას არ აქცევს. საჭიროა ბეითალი გამოჰგზავნონ და შეიტყონ სოფლის გაჭირვება.
აქეთ ძალიან გახშირებულია ცხენის და კამეჩის ქურდობა. ქურდები მოდიან სოფელ ხორგადან, აქ მეორე წყება ადგილობრივ ქურდებისა იპარვენ საქონელს და მოსულ ამხანაგებს აძლევენ გასასაღებლად. იქ კი თავიანთი დალალები ჰყავთ და ახლა ესენი დატრიალდებიან, რომ კომერციულ ანგარიშში არ შესცდნენ: გადმოდიან იმ სოფელში, საიდანაც მოპარულია საქონელი, და პატრონს ეუბნებიან, თუ ამდენსა და ამდენს მომცემ, გიპოვნი როგორმე შენ საქონელსაო. საცოდავი პატრონიც ევაჭრება, ნაკლებს აძლევს, ბოლოს მოურიგდება და ამგვარად თავის საკუთრება საქონელს ხელმეორედ ყიდულობს, ზოგჯერ მეორედ კი არა, მესამედაც უნდა იყიდოს თავისი საქონელი. აი, ამ დღეებში, ივ. როდეს და გიორგი სვანს მოჰპა-რეს ერთი უღელი კამეჩი, ოც თუმნად ღირებული. ერთი კვირა გადამალული ჰყავდათ ხორგაში, მერე მოვიდა „შუამავალი“ და ოცი მანეთი მოსთხოვა პატრონს. როცა მიიღო ოცი მანეთი, წაიყვანა ტყეში და უჩვენა, თანაც დასძინა: ქურდებს დავაგდებინეო. ასეთი თავაშვებულობაა აქეთკენ, მაგრამ გამკითხავი არავინ არის.