ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის“ და „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის“ 2025 წლის მუნიციპალური პროგრამების პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე დამსწრე პირებს მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა შოლინა კანკიამ პროგრამების რეგულირების სფეროზე, მიზნებზე, მოსარგებლე პირთა წრეზე, დაფინანსების მოცულობაზე, ბიუჯეტზე და დაფინანსების წყაროზე მიაწოდა ინფორმაცია.
„ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის 2025 წლის მუნიციპალური პროგრამის“ ბიუჯეტი 813 240 ლარს, ხოლო „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის 2025 წლის მუნიციპალური პროგრამის ბიუჯეტი 53640 ლარს შეადგენს.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამის მიზანია ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და დამატებითი ამბულატორიული მომსახურების გაწევა იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც არ ფუნქციონირებს სახელმწიფო ამბულატორიული პროგრამა. ხოლო მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის მიზანია ხობის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა.
პრეზენტაციას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები, საგანმანათლებლო სფეროს, ჯანდაცვის სფეროს და ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული პირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.