,,მაჩხომერზე" და ჯახუთში ჩატარებული არქეოლოგიური და დაზვერვითი სამუშაოები


     მერვე წელია ხობის მუნიციალიტეტის მერიისა და საკრებულოს დაფინანსებითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში ,,მაჩხომერის“ არქიტექტურულ კომპლექსზე, პარალელურად მიმდინარეობდა დაზვერვითი სამუშაოები მაჩხომერის შემოგარენში, განსაკუთრებით კი, ,,ჯახუთის“ არქიტექტურულ კომპლექსზე.

    უნდა შევნიშნოთ, რომ შესასწავლი ობიექტები მდებარეობს თბილისი-ლესელიძის სარკინიგზო ხაზის მარჯვენა მხარეს, სოფლის ბორცვ-გორაკიან ნაწილში. ამ მცირე ფართობზე ცხრა მიწისზედა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი ფიქსირდება, არაფერს ვამბობთ არქეოლოგიურ ძეგლებზე.

   ,,მაჩხომერზე“ ამ დროის განმავლობაში გამოიკვეთა მრავალი დღემდე უცნობი ისტორიულ-არქიტექტურული თუ არქეოლოგიური  არტეფაქტი, მათ შორის V-VI საუკუნეებით დათარიღებული საკულტო ნაგებობა-ეკლესია, კოშკები, გალავანი, ქურა. განსაკუთრებით აღსანიშნავია   ბერძნულ ენაზე შესრულებული ქვის ფილების ფრაგმენტები, რომელთა შორის ერთი მთელია. ამ წარწერებმა მიიპყრო საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ყურადღება, რასაც ადასტურებს სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო კრებულებსა და ჟურნალებში  გამოქვეყნებული სტატიები. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მინის ჭურჭელი, მათ შორის სირიიდან, კერძოდ ლევანტედან შემოტანილი ლამპრები; თიხის ადგილობრივი თუ იმპორტირებული ჭურჭელი, ბრინჯაოს და რკინის ნაწარმი, სხვადასხვა მინის თუ ბუნებრივი ქვის თვლები, მრავალფეროვანი სამშენებლო დეტალი, მოხატული კირქვის და მოზაიკის ფრაგმენტები და მრავალი სხვა.  

       ჯახუთის ,,ჯიხა“- ციხე მდებარეობს ზღვის დონიდან 66 მ-ზე და მდ. ხობისწყლის მარჯვენა მხარეს მისგაან 270 მ-ის დაშორებით, სოფელ ჯახუთის აღმოსავლეთით. არქეოლოგიური ობიექტი დიდ ტერიტორიას მოიცავს. ცენტრალურ ნაწილში ქვითა და კირხსნარით ნაგები კოშკია აღმართული. მისგან დასავლეთით საძირკვლამდე დანგრეული რამდენიმე ნაგებობის ნაშთია შემორჩენილი, ხოლო აღმოსავლეთით, კლდოვანი კონცხის პერიმეტრს, მეტად ორიგინალური, ვერტიკალურად დასმული ბრტყელი მეგალითებისაგან შედგენილი გალავანი შემოსდევს. ასევე უკვე დიდი ხანია ცნობილი, რომ ხსენებული კომპლექსის სამხრეთით უშუალოდ კლდოვანი კონცხის ქვემოთ გაშლილ სიმინდის ყანებში ძალიან ხშირად ნახნავებში თავს იჩენს ძველკოლხური თიხის ჭურჭლის ნატეხები და ქვის იარაღები, ხოლო ყანებსა და მდ. ხობს შორის ერთ-ერთ მცირე ბორცვზე დუღაბით ნაგები გაურკვეველი შენობის ნაშთიც იყო შენიშნული. 

      მიმდინარე წელს განხორციელებულმა სამუშაოებმა ერთის მხრივ მოგვცა დამატებითი ინფორმაცია უკვე ცნობილი და ნაწილობრივ შესწავლილი ძეგლების შესახებ, ხოლო მეორეს მხრივ გამოავლინა აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტები, გააღვივა ინტერესი მათი     შესწავლისათვის ძველი კოლხეთის ისტორიისა და კულტურის გამდიდრების მიზნით. 

     კულტურული მემკვიდრეობის ამ უბრწყინვალესი ობიექტებისათვის, ჩვენს წინაპრებს  ღვთისგან დალოცვილი ადგილ-გარემო შეურჩევიათ, აქ ენით აუწერელი, ულამაზესი ბუნებაა.  

გოგიტა ჩიტაია

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალისტი ძეგლთა დაცვის საკითხებში