21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს- ღვთისმშობლობას აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა, მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტში, ხამისკურის ღვთისმშობლის შობის ტაძარში.
საზეიმო წირვა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლიმ (ბერბიჭაშვილი) აღავლინა.
ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის.
საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხსენება უძველესი დროიდან, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა.
ლოცვა ღვთისმშობლისადმი
“მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ!”
შეგეწიოთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვა და მადლი!