ქვემო ქვალონი ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი სოფელია ხობის მუნიციპალიტეტში, რასაც არაერთი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის: ხელსაყრელი ბუნებრივ-გეოგრაფიული მდებარეობა, უბნების სიმრავლე, მოსახლეობის რიცხოვნობა...
სოფელზე გადის ფოთი-თბილისის საავტომობილო გზა, რაც აადვილებს და ხელს უწყობს სოფლის მოსახლეობის მიმოსვლას, ურთიერთობას როგორც რაიონულ ცენტრთან, ასევე ახლომდებარე სოფლებსა თუ ქალაქებთან (სენაკი, ფოთი). აღსანიშნავია რკინიგზის სადგურიც, რომელიც საუკუნეზე მეტი ხანია სოფელს ემსახურება.
ქვემო ქვალონის თემი აერთიანებს სამ უბანს: გიმოზგონჯილი, ბულიში, დურღენა. სულ თემში, ბოლო მონაცემებით, ცხოვრობს 672 კომლი, მოსახლეობის რაოდენობა კი შეადგენს 2274 სულს.
ქვეყანაში მიმდინარე მიგრაციული პროცესები გარკვეულწილად ჩვენს სოფელსაც შეეხო, რამაც მოსახლეობის რაოდენობის შემცირება გამოიწვია. თუმცა, მიუხედავად ამისა, სოფელი მოსახლეობის რიცხოვნობის თვალსაზრისით შთამბეჭდავად გამოიყურება, აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს და შესაბამისად ვითარდება. სოფლის ხელმძღვანელობა მოსახლეობის გვერდით დგას, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, ხელს უწყობს მისი განვითარებისა და გაძლიერების საქმეს. ამას მოწმობს განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში სოფელში განხორციელებული სხვადასხვა სახის–ზოგი მასშტაბური, ზოგიც შედარებით მცირე პროექტები.
სოფლისთვის უმნიშვნელოვანესი და ისტორიული პროექტი გახლავთ სკოლის ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც სამი წლის წინ დასრულდა. დღეს სოფლის ახალგაზრდები სკოლის ახალ, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფილ შენობაში იღებენ განათლებას. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა და მოწესრიგებული, კომფორტული გარემო მოსწავლეებს დამატებით სტიმულს აძლევთ სწავლის პროცესში.
მნიშვნელოვანია სოციალური პროექტები, როგორიცაა: სოციალურად დაუცველი თუ გაჭირვებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლისთვის საჭირო სამშენებლო მასალით უზრუნველყოფა, სახლის გადახურვა, სურსათის მიწოდება, და სხვა სახის დახმარებები...
აქტიურად მიმდინარეობს თემის განვითარებისა და კეთილმოწყობის პროცესი. ხორციელდება სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები.
გარემონტდა და კეთილმოეწყო სოფლის ადმინისტრაციული შენობა, სადაც განთავსებულია საექიმო ამბულატორია, ბიბლიოთეკა...
გიმოზგონჯილის უბანში გაწმენდილ იქნა 5-კილომეტრიანი სანიაღვრე არხი, გაკეთდა ახალი ხიდები, გამაგრდა დამბები. უბნის მაცხოვრებლებისათვის, შეიძლება ითქვას, მოგვარდა საუკუნოვანი პრობლემა, რასაც წვიმების შემდეგ წყალდიდობა და ამით გამოწვეული პრობლემები ერქვა.
სოფლის რამდენიმე უბანში გადაწყდა სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა (შეკეთდა დაზიანებული მილები); ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყლის მილების შეცვლა დურღენის და ბულიშის უბანში.
სოფლისთვის კიდვ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა მოეწყო გარე განათება ცენტრალურ მაგისტრალზე ფოთამდე; ამჟამად მიმდინარეობს განათების მოწყობა ბულიშის უბანში.
პერიოდულად მიმდინარეობს თემში შიდა გზების მოწესრიგება, მოასფალტება, მოხრეშვა..
სოფლის ცენტრში დაგეგმილია სკვერის მოწყობა, ასევე, სტადიონის რეაბილიტაცია.
უახლოეს პერიოდში დაიწყება მასშტაბური სამუშაოები მთლიანი სოფლის გაზიფიცირებისთვის, რაც ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და შეუმსუბუქებს საყოფაცხოვრებო პირობებს.
სოფლის მცხოვრებთა მოთხოვნები, საჭიროებები იზრდება თანამედროვე რეალობის კვალდაკვალ, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება ნათლად ხედავს, გრძნობს, აცნობიერებს და, რაც მთავარია, ცდილობს, ადგილობრივთა ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს, დაეხმაროს სოფლის მკვიდრთ გლობალურ თუ ლოკალურ სირთულეებსა თუ გამოწვევებთან გამკლავებაში. ქვემო ქვალონის თემში ინფრასტრუქტურული თუ სოციალურ-კულტურული პროექტები უწყვეტად, მომავალშიც გაგრძელდება, რაც აუცილებელია როგორც სოფლის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, ასევე ზოგადად ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის.