ჯეგეთას ლომი შუბლზე ბორჯღალით, მომდინარეობს ქართული ხალხური შემოქმედებითი ნაკადიდან, სადაც არქეტიპული მნიშვნელობის ბორჯღალი, ლომი და წარმართული მემკვიდრეობიდან ქრისტიანულ ხელოვნებაში გადმოსული ხარის სახე-სიმბოლო, ერთად იძენს რთულად გამოსარკვევ სახისმეტყველებით მნიშვნელობას. ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკაში, ლომისა და ბორჯღალის სინთეზს ღრმა ეთნოკულტურული ტრადიციები აქვს და მრავალ ასპექტს მოიცავს. ცხოველის შუბლზე გამოსახული ბორჯღალი ეწინააღმდეგება მის მხოლოდ ჯოჯოხეთის განსახიერებად მიჩნევას, რადგან ლომისა და ბორჯღალის სემანტიკა, პირველ რიგში, ნათელი ძალების, სიცოცხლის, აღდგომის მნიშვნელობას უკავშირდება (ქეთევან ოჩხიკიძის სადისერტაციო ნაშრომი).
