ფერადი სამყარო ისევ გელით პატარებო...

 


საბავშვო ბაღებში საზაფხულო არდადეგები დასასრულს უახლოვდება. დაწყებულია მზადება ახალი, 2024-2025 სააღმზრდელო-საგანმანათლებლო წლისთვის. გაერთიანება თავის მხრივ ზრუნავს მეთოდური სახელმძღვანელოებით, ეზოსა და ჯგუფის სათამაშოებით,   საკანცელარიო და სამეურნეო საქონლითა და საჭირო რესურსებით მომარაგებაზე.

საბავშვო ბაღების გახსნამდე შპს ,,ჰიგია“ ყველა საბავშვო ბაღში სადეზინფექციო  სამუშაოებს  ჩაატარებს. 

სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებაში შემავალი 25 სტრუქტურული ერთეული,  44 ასაკობრივ ჯგუფში ჩარიცხული 682 აღსაზრდელით, 16 სექტემბერს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო წელს დაიწყებს.  ყველა ბავშვი, რომელმაც გაიარა რეგისტრაცია და აქვს შესაბამისი ასაკი, მიღებულია საბავშვო ბაღში.

როგორც ყოველ წელს, წელსაც დაცული იქნება ბავშვებისთვის განკუთვნილი კვებითი რეგლამენტი, რომლის შესაბამისადაც, სეზონური მენიუს (გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი) ფარგლებში ბავშვებს შევთავაზებთ ოთხჯერად კვებას (საუზმე, წახემსება, სადილი, სამხარი), რომელიც დაბალანსებული იქნება მრავალფეროვანი პროდუქტებით, კალორაჟის სრული დაცვით. შემოდგომის მენიუს მიხედვით, ერთ ბავშვზე გათვლილმა კვების ღირებულებამ   5,10   ლარი შეადგინა. 

საბავშვო ბაღებში ავტორიზაციის პროცესი გრძელდება. ამჯერად, 6 საბავშვო ბაღი (ხობის N2, ხეთა, ძველი ხიბულა, პირველი ხორგა, ბია, ქვემო ქვალონი) ემზადება ავტორიზაციისთვის. 

კვლავ აქტუალურ თემად რჩება საბავშვო ბაღის თანამშრომელთა პროფესიული ზრდა-განვითარება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2020 წლის 28 ივნისის N68/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის“ მიხედვით სრულად გადამზადდა საბავშვო ბაღების აღმზრდელ-მასწავლებელები, ოქტომბერში დაგეგმილია მთავარი სპეციალისტების, მუსიკის მასწავლებლებისა და აღმზრდელის თანაშემწეების გადამზადება. 

    საბავშვო ბაღები კვლავ აქტიურად შემოგვთავაზებენ შემეცნებით, საგანმანათლებლო, სპორტულ, გასართობ თუ სხვა პროექტებს. 

 გაერთიანება, უშუალოდ სააღმზრდელო-საგანმანათლებლო წლის დაწყებამდე, სექტემბრის თვეში საბვშვო ბაღებს სთავაზობს პროექტს ,,ადაპტაცია“, რომლის მიზანია, გაუადვილოს ბავშვებს საბავშვო ბაღში ადაპტაციის პერიოდში უმტკივნეულოდ დაშორება მშობლებთან. საგანმანათლებლო პერსონალი (მეთოდისტი, ფსიქოლოგი, აღმზრდელ-მასწავლებელი, მუსიკის მასწავლებელი, აღმზრდელის თანაშემწე) დაგეგმავს აქტივობებს, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვებთან და მშობლებთან პოზიტიური ურთიერთობების დამყარებას. 

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ახალი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო წელი მივულოცო თითოეულ აღსაზრდელს, მშობელს, საბავშვო ბაღის თანამშრომელს და ვუსურვო მშვიდი, ნაყოფიერი და წარმატებული წელი.                                                                                                          

ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო  გაერთიანების“ დირექტორი