სულის ვარამი

 

იმ დილით მზე უჩვეულოდ ლამაზად ამობრწყინდა ურეკში, ნაძვებისა და ფიჭვების ტოტებს შორის გამოძვრა და ზღვის სანაპირო თავისი თბილი სხივებით მიმოანათა. მიდამოს მოეფერა და ზღვას ჩახედა, კიდევ ხომ არ ღელავსო?!.. ის კი მშვიდად ლივლივებდა თავისთვის და არემარეს გატრუნული უსმენდა, თითქოს იმის გაგებას ცდილობდა: „აბა ძალიან ხომ არ შეგაწუხეთ, როცა ვღელავდიო?!..“
სანაპიროდან ასიოდე მეტრის დაშორებით ბოჩია ჩაგანავას ოდა სახლი ედგა, ირგვლივ ლამაზი ბაღით შემორტყმული. მსხლის ხის კენწეროზე შაშვი შემომჯდარიყო და თავგამოდებით გალობდა.
ბოჩია ჯერ კიდევ საწოლში იწვა და ჭერსმიჭყეტილი თვალებით გაფაციცებით უსმენდა ამ საოცარ მგოსანს.
- მეგრულად ტყუილად არ ჰქვია „ზესკვი“, - ფიქრობდა თავისთვის. - მართლაც ზეცის შვილია, უფალს და გამჩენს უმღერის.
- ეეჰ, წამოდექი ახლა ბოჩო და მიხედე შენს საქმეს, თორემ „დაიქცა“ ოჯახი!.. - თავს შეუძახა მან.
- ამ „ზესკვის“ მოსმენა კარგია, მაგრამ ჩემი საქმე არ იცდის. - წამოდგა და ჩაცმა დაიწყო. აივანზე გავიდა და ზღვისკენ გააპარა თვალი. - ეტყობა, რომ წყნარია დღეს. კარგი იქნებოდა ამ დილით ზღვასთან ერთად ლივლივი, მაგრამ რა ვქნა, საქმე არ მიშვებს. - ოდნავი სინანულით ფიქრობდა და თავს აძალებდა, რომ საოჯახო საქმეებს გაძღოლოდა.
მეუღლე გარდაცვლილი ჰყავდა და ამიტომ თვითონ აკეთებდა ქალის და კაცის საკეთებელს. ერთადერთი გოგო ჰყავდა და მას დაჰფოფინებდა. ცდილობდა თვითონ გაეკეთებინა მძიმე სამუშაო, ციალას მხოლოდ მსუბუქ საქმეს უტოვებდა და ყველანაირად ცდილობდა არ შეეწუხებინა ის.
როცა მზე ხის კენწეროებზე ამაღლდა, ბოჩიას უკვე მოემთავრებინა სამი სული ძროხის მოწველა და მათი საბალახოდ გაშვება. ხბოები ეზოში გაუშვა, რომ იქ ერბინათ და ტლინკები ეყარათ. ქათმებს და ინდაურებს სიმინდის მარცვლები დაუყარა საკენკად. არც დედა ღორი დავიწყებია, საჭმელი აჭამა და მერე ჭიშკარს იქით გადენა თავის გოჭებიანად.
ამასობაში ციალას გაჰღვიძებოდა, აივანზე გამოსული ხელგაშლილი ნაზად იზმორებოდა და ზღვისკენ იხედებოდა.
- როგორი მშვიდია ზღვა მამიკო, - გადასძახა ეზოში მყოფ მამას. - წავალ რა, ცოტა ხანი ვიცურავებ.
- კი, ჩემო სიცოცხლევ, აბა რა! ასეთ განაბულ ზღვას იშვიათად თუ ნახავ. - დაეთანხმა ბოჩია. - ჩვენი ბუძგაც თან გაიყოლე, ძალიან უყვარს ცურვა. - მიუთითა ეზოში ხბოებთან მორბენალ თეთრ ძაღლზე. გაბურძგნული ბეწვის გამო დაარქვა ოთხფეხა მეგობარს ბუძგა. ისიც არ „თაკილობდა“ ამ სახელს, მორჩილებით უსმენდა ხოლმე.
გრძელი პირსახოცი მხარზე გადაიკიდა ციალამ, ბუძგას დაუძახა და ზღვისკენ გაემართა. როგორც კი მიუახლოვდა ზღვას, შეამჩნია მოშორებით, ნაპირთან მდგარი ნავი. გაუკვირდა, „აქ ნავს რა უნდა?!.. ვიღაცამ დატოვა ალბათ...“ სანაპიროს მიუახლოვდა, სიფრიფანა კაბა ორივე ხელის აწევით მოიშორა, პირსახოცთან ერთად იქვე მდგარ კუნძზე გადაჰფინა და ძაღლთან ერთად წყალში შევარდა.
არაჩვეულებრივად თბილი და სასიამოვნო იყო ზღვის წყალი. ციალამ ჩაყვინთა და წყალქვეშ გაცურა. ბუძგამ ძებნა დაუწყო, თავს აქეთ-იქით ამოძრავებდა და მიცურავდა პატრონის ცურვის მიმართულებით. მცირე ხნის შემდეგ გოგონამ თავი ამოჰყო წყლიდან და ამ დროს ძაღლი წინა თათებით მხარზე შეეხო. ცოტა ხანი გვერდიგვერდ იცურავეს.
- კარგი ბუძგა, წამო, ნაპირზე გავიდეთ, ვნახოთ რა ნავია. - უთხრა მას და უკან გამოსცურა ნავის მიმართულებით.
ნაპირზე რომ ამოვიდა, მიუახლოვდა და მასში მძინარე, შავგვრემანი, შავი ხუჭუჭი თმებით, ახალგაზრდა კაცი დაინახა. შეცბა, შეჩერდა და კარგად დააკვირდა.
- ვინ არის?.. აქ რა უნდა?.. რატომ ძინავს აქ?.. - ეს აზრები უტრიალებდა გონებაში.
ძაღლსაც აინტერესებდა რა იყო ნავში, წინა ორივე ფეხი ნავის კიდეს ჩამოსდო და შიგ ჩაიხედა. როცა უცხო კაცი დაინახა, ბუძგამ დაუყეფა. ახალგაზრდა უცებ წამოვარდა დამფრთხალი და როდესაც გოგონა დაინახა, მაშინვე მოეშვა. გაკვირვებით შეხედა ამ საოცრებას.
* * *
ფოთელი სანდრო კალანდაძე ახალი დემობილიზებული იყო ჯარიდან. სამშენებლო ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, 1964 წლის აპრილის თვეში გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. ციმბირში მოუწია სამსახურის გავლა, მუშათა ბატალიონში. 1965 წლის მარტის თვეში, ერთ-ერთი სამუშაოს შესრულების დროს მოხდა ქიმიური ნივთიერების გაჟონვა და 30 ჯარისკაცი მოიწამლა. მათგან მხოლოდ სანდრო და ერთი რუსი ჯარისკაცი გადარჩნენ, დანარჩენები დაიღუპნენ. სამი თვე იწვა ჰოსპიტალში და გამოჯანმრთელების შემდეგ გამოწერეს, ჯარში სამსახურიდანაც გაათავისუფლეს და სახლში გამოუშვეს.
ოჯახში დაბრუნებულ სანდროს დედ-მამა ელოლიავებოდა, იცოდნენ რა მის მიერ გადატანილი მძიმე ავადმყოფობა. მას კი უნდოდა რაიმე საქმის კეთება ოჯახში, მაგრამ მშობლები უშლიდნენ, „შენ დაისვენე, ჩვენ გავართმევთ თავსო“. ჰოდა, სანდროც ერთობოდა, ხან კინოში იყო, ანკესით ხან რიონზე თევზაობდა, ხან ზღვაზე, ხან კიდევ პალიასტომზე.
- სანდრო, წამო ძამია სათევზაოდ! კეფალია შემოსული ზღვაზე, ბადე წავიღოთ და დავიჭიროთ. - უთხრა ერთ დღეს მისმა მეზობელმა ნიკომ, რომელიც მასზე რამდენიმე წლით უფროსი იყო და თევზაობის მეტი გამოცდილება ჰქონდა.
- ამ საღამოს გავიდეთ მოტორიანი ნავებით. ერთი ნავი მე მყავს, მეორეს შენთვის ვიშოვი, ვთხოვ მინდიას, უარს არ გვეტყვის. კიდევ ექვსი კაცი წამოვა სამი ნავით, გამოცდილი მეთევზეები არიან, რვანი ვიქნებით და მოვერევით კიდევაც იმხელა ბადეს. ხომ იცი, ბადე მაღლა უნდა გეჭიროს, კეფალი რომ არ გადახტეს. - უხსნიდა ნიკო.
- კი, მაგრამ ღამით როგორ ვითევზავებთ, ხომ არაფერი ჩანს. - შეეპასუხა სანდრო. - ან ამდენი ნავი რად გვინდა?!..
- ამაღამ მთვარიანი ღამე იქნება, ცაც მოწმენდილია, კარგი ამინდია. ყოველი შემთხვევისთვის ჯიბის ფარანი წავიღოთ, იქნებ დაგვჭირდეს. ასე, რომ ყველაფერი კარგად იქნება. - თქვა ნიკომ. - ნავები კი ბადის გასაშლელად და თევზის ჩასაყრელად დაგვჭირდება, მერე ტომრებში ჩავყრით. საღამოს ათი საათისთვის შევიკრიბოთ სადაც ნავი მაქვს დაყენებული, შენ იცი ის ადგილი. მე იქ დაგხვდები.
- კარგი, მოვალ... - იყო პასუხი. - ფარანსაც წამოვიღებ.
აგვისტოს ცხელმა საღამომ ღამის კარიბჭე გამოაღო და ცა ვარსკვლავებით მოჭედა. მთვარე ზოზინით ამოცურდა, რამდენიმე ვარსკვლავს გადაეფარა, თითქოს მათ ავი თვალისგან იცავსო. ირგვლივ ვერცხლისფერი ბინდი გაიფანტა და ღამის იდუმალება უფრო მიმზიდველი გახადა. ცხოველ-ფრინველის ხმა მიყუჩდა. მხოლოდ ბაყაყების „ორკესტრი უკრავდა“ და არემარეს ყიყინით ავსებდა. მათ შორის განსაკუთრებულად „გამოჩენილი დირიჟორებიც“ იყვნენ. აბეზარი კოღოებიც არ „ჩამორჩნენ“ და გულისგამაწვრილებელი „სიმღერა“ ჩართეს. ჩაუქროლებდნენ მეთევზეებს ყურქვეშ და „მიზანს არ აცილებდნენ“, მათ იდაყვებსა და სახეს მოქნეული ხელებით ტკაცატკუცი გაუდიოდა.
- რამ გადარია ამაღამ ეს კოღო?! - ჯავრობდა სანდრო.
- სანამ არ გაძღებიან, არ მოგვეშვებიან!.. - პასუხობდა ნიკო. თან ნავში ბადეს და ტომრებს ტვირთავდა.
- სადაცაა ბიჭებიც მოვლენ და გავალთ ზღვაზე. ამაღამ კარგად უნდა ვითევზაოთ. იმედია, კეფალი ბლომად იქნება.
- სად წავიღოთ მერე ამდენი თევზი, ყველას ხომ ვერ შევჭამთ? - შეეკითხა სანდრო.
- ცოტა ჩვენთვის დავიტოვოთ, დანარჩენი კი ბაზარში ჩავაბაროთ თევზის გამყიდველებს, ისინი მოუვლიან, კარგ თანხასაც მოგვცემენ. ცოტა ფულიც გაგვიჩნდება... ხომ გვჭირდება ძამია ჩვენ, ახალგაზრდებს, ფული?!.. - მრავალმნიშვნელოვნად შეხედა ნიკომ და თვალი ჩაუპაჭუნა.
- უკანონობა ხომ არ იქნება, ამდენ თევზს რომ დავიჭერთ?.. - შეეკითხა სანდრო.
- ნუ გეშინია, საზღვაო ინსპექტორს კარგად ვიცნობ!.. ერთი ტომარა კეფალი მას მივუტანოთ და არაფერს იტყვის, მადლიერიც დაგვრჩება. - უპასუხა ნიკომ.
ამასობაში ბიჭებიც გამოჩნდნენ, ერთმანეთს მიესალმნენ, დათქვეს თევზაობის ადგილი, ნავებში ჩასხდნენ და ზღვაში გავიდნენ. ნაპირს გაუყვნენ ურეკის მიმართულებით.
ნახევარ საათში ადგილზე იყვნენ. ბადე გაშალეს და წყალში ჩაუშვეს. ბადის ბოლოში მყოფი ნავები ნიჩბების დახმარებით ნელ-ნელა წამოვიდნენ ნაპირისაკენ. როცა ზღვის ნაპირს მოუახლოვდნენ, მებადურები წყალში ჩამოხტნენ და ხელით განაგრძეს ბადის წამოღება ნაპირისკენ. კეფალი თავზე ახტებოდათ, ამიტომ ცდილობდნენ ბადე რაც შეიძლება მაღლა აეწიათ. როგორც იქნა, ნაპირამდე მოაღწიეს, ბადე წრიულად შეკრეს და სანაპიროზე გამოიტანეს შიგ მოფართხალე თევზებით.
- ძალიან გაგვიმართლა ძამია, ამდენი კეფალი ცხოვრებაში არ მინახავს. ხომ ხედავ, ოცივე ტომარა გავავსეთ და კიდევ არის ნავებში. ეტყობა, იღბალი მოგაქვს, კარგი ფეხი გქონია სანდრო! ხვალ ბლომად ფულს ჩავიჯიბავთ!.. - ენას არ აჩერებდა გახარებული ნიკო.
- ეეჰ, კარგად კი დავიღალე. ეტყობა ავადმყოფობის მერე ძალა ვერ მოვიკრიბე, თავი ამტკივდა... - დაიწუწუნა სანდრომ. - მოდი, მე აქ დავრჩები ამაღამ, მშვენიერი ღამეა, ნავს ნაპირზე დავაყენებ და დავიძინებ, მერე დილით წამოვალ. თევზი ხომ არ გაფუჭდება დილამდე?..
- ნუ გეშინია!.. შენს და ჩემს წილს ჩემს ნავში ჩავდებ და მე წავიღებ ძამია. ჩემს საწვიმარ ლაბადას დაგიტოვებ, გადაიფარებ, ღამე არ შეგცივდება. - შესთავაზა ნიკომ და ლაბადა მიაწოდა სანდროს.
- აბა, დაისვენე ახლა, დილით შევხვდებით. - თავისი ნავის მოტორი დაქოქა და ფოთისკენ გასწია. მას სხვებიც მიჰყვნენ.
სანდრომ თავისი ნავი ნაპირისკენ დაძრა და ამ დროს მოტორი ჩაქრა. შეეცადა ისევ დაექოქა, მაგრამ ამაოდ, მოტორს ძვრა არ ჰქონდა. ფარანის დახმარებით ბენზინის ავზში ჩაიხედა, ის ცარიელი აღმოჩნდა. „კი, მაგრამ სავსე იყო ავზი და რა დაემართა?!..“ ავზს ქვემოთ შეხედა და შეამჩნია, რომ ავზიდან გამომავალი რეზინის მილი დაზიანებული იყო. „მილი გამსკდარა თურმე და ამიტომ ბენზინი სულ დაიღვარა. რა გაეწყობა, მაინც ხომ აქ უნდა დავრჩე. ახლა გვიანაა, დავიძინებ, დილით რამეს მოვახერხებ.“ - გაიფიქრა მან. ნიჩბების დახმარებით ნავი ნაპირამდე მალევე მიაცურა, მაისური და შარვალი გაიხადა, რომ არ დასველებულიყო და წყალში ჩამოხტა, ხმელეთისკენ რამდენიმე მეტრზე გააჩოჩა ნავი, რომ ზღვის მიქცევას არ წაეღო. შარვალი და მაისური ისევ ჩაიცვა, ნავში ჩაჯდა, ლაბადა დააფინა ნავის ძირზე და წამოწვა. დაღლილობამ თავის ქნა, მალევე თვალები მიელულა და ჩაეძინა.
* * *
მოულოდნელად ძაღლის ყეფამ გამოაღვიძა სანდრო, უცებ წამოვარდა დამფრთხალი და საოცარი სილამაზის გოგონა დაინახა. გაოცებული მისჩერებოდა, თავი სიზმარში ეგონა.
- გამარჯობა!.. ძაღლი ხომ არ მიკბენს? - ჰკითხა ქალიშვილს.
- არა, ნუ გეშინიათ!.. თქვენ ვინ ხართ და აქ რატომ გძინავთ? - შეეკითხა ციალა.
- მეე?.. მე... - დაიბნა სანდრო. - მე სანდრო ვარ, კალანდაძე!.. აქ ვთევზაობდით წუხელ... ძალიან დავიღალე და აქ დავიძინე. - ბუტბუტებდა სანდრო და ლამაზ ქალიშვილს თვალს ვერ აშორებდა. ეგონა, რომ მის წინ ცით მოვლენილი ანგელოზი იდგა. თეთრი პირისახის, შავთვალწარბა, ბრიალა თვალებით, მოგრძო წამწამებით, სწორი, ლამაზი ცხვირით, კოხტად მოყვანილი ტუჩებით, შავი, გრძელი და სრიალა, სველი თმა მის სილამაზეს უფრო ამძაფრებდა, არაბუნებრივს ხდიდა. ახლადათქვირული მკერდი, ვიწრო წელი და გრძელი, ლამაზი ფეხები აგვირგვინებდა ამ მშვენიერებას.
- თქვენ რა გქვიათ?.. - მცირე პაუზის შემდეგ ჰკითხა.
- მეე?.. მე ციალა ვარ ჩაგანავა!.. აქვე ვცხოვრობ. - იყო გოგონას პასუხი. დაბნეულობისაგან თვალებს აფახულებდა და სპორტული აღნაგობის, თმახუჭუჭა, ლამაზ ბიჭს მორიდებით შეჰყურებდა.
ამ დროს ზღვის ნაპირის გასწვრივ მომავალი ნავი გამოჩნდა და მათ მოუახლოვდა, მოტორი გამორთო და ინერციით მოცურდა მათთან.
- ცოცხალი ხარ სანდრო?!.. - შემოსძახა ნავში მჯდომმა ნიკომ. - ვინერვიულე, ამ დილით რომ არ გამოჩნდი. რა დაგემართა?.. რატომ არ წამოხვედი?.. ეს ლამაზი გოგონა ვინ არის?..
- ბენზინი გამითავდა, ვერ დავქოქე მოტორი, ავზის მილი გახეულა თურმე... მერე ისე კარგად ჩამეძინა, ამ ლამაზმა გოგონამ გამომაღვიძა. ციალა ჰქვია, გაიცანი!..
- მე ნიკო ჭანტურია ვარ, სანდროს მეგობარი!.. - ხელი გაუწოდა ნავიდან გადმომხტარმა ბიჭმა. - თქვენ აქ ცხოვრობთ?..
გოგონამ ხელი ჩამოართვა.
- დიახ, აქვე. აი, პირდაპირ ჩემი სახლი მოჩანს. ახლა უნდა წავიდე, მამა მელოდება. - ციალამ ცოტა დაირცხვინა საცურაო კოსტუმით რომ იდგა ორი მამაკაცის წინაშე. კუნძზე დადებული პირსახოცი აიღო და ტანზე შემოიხვია. კაბასაც დაწვდა, ფლოსტებში ფეხი გაჰყო და სახლისკენ სწრაფად გაემართა.
- ნუ დაგვტოვებთ ობლად, ციალა!.. - ხუმრობით შესძახა სანდრომ მიმავალ გოგონას.
- არაფერი მოგივათ, თავს მიხედეთ!.. - გადმოსძახა გვერდულად ციალამ. - ბუძგა!.. ბუძგაა!.. წამო, წავიდეთ!.. - გასძახა ძაღლს და ნაბიჯს მოუმატა. ბუძგა პატრონს მორჩილებით აედევნა.
ბიჭებმა აგზნებული თვალებით გააცილეს ციალა და ცოტა ხანი გაუნძრევლად იდგნენ. ორივე დამუნჯებულიყო და ფიქრებს სადღაც შორს წაეღო.
ნიკო მალევე გამოერკვა, სანდროს ხელი დაჰკრა მხარზე და უთხრა:
- როგორია, ჰაა?!.. როგორ იპოვე ეს გოგო?!..
- თვითონ მიპოვა!.. მე მეძინა!.. - დაბნეული პასუხობდა სანდრო და ციალას თვალს ვერ სწყვეტდა. - ეს გოგო ჩემი უნდა გახდეს!.. აუცილებლად!.. - თქვა და მტკიცე სახით შეხედა მეგობარს.
- თოკი გააქვს?.. - შეეკითხა ნიკო.
- თოკი რად მინდა, თავის ჩამოხრჩობას კი არ ვაპირებ. - უპასუხა სანდრომ.
- არა, შე შტერო!.. საბუქსიროდ გვინდა თოკი, ჩემს ნავზე უნდა გამოგაბა. ისე ვერ წავალთ. ამ დილით ისევ დამავიწყდა წამოღება.
- აბა შტერი შენა ხარ, რა!.. რამ დაგავიწყა?.. არა, თოკი არ მაქვს. მაგრამ შეგვიძლია ციალას ვთხოვოთ. - გოგონასკენ გაიქნია თავი სანდრომ. - ახლავე წავალ და ვთხოვ! - თქვა და მაშინვე გაემართა მისი სახლისკენ. ჭიშკართან რომ აღმოჩნდა, დაიძახა: „ციალა!.. ციალააა!..“ ბუძგამ ყეფა ატეხა.
ბოჩიამ გაიგონა უცხო კაცის ხმა, ძაღლს შესძახა „გაჩერდიო!“ და ჭიშკრისკენ დაიძრა. თან ფიქრობდა: „ამ დილაუთენია ვინ უნდა იყოსო?!.. მოვდივარ ბატონო, ახლავეო!“ რომ მიუახლოვდა, მიესალმა, „მობრძანდით ყმაწვილოო,“ - უთხრა.
სანდრო მიესალმა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
- თოკი ხომ არ გექნებათ ბატონო, რომ გვათხოვოთ, ნავის ჩასაბმელად გვჭირდება. ბენზინი დამიმთავრდა და მეგობარი ბუქსირით წამიყვანს. ხვალვე თოკს აუცილებლად დაგიბრუნებთ.
- კი, როგორ არა. ახლავე გამოგიტან, დამელოდე ყმაწვილო. - მიუგო ბოჩიამ და სახლისკენ გამოეშურა.
ციალას გაეგო ძახილის ხმა და კაბაგამოცვლილი აივანზე გამოსულიყო. იცნო ჭაბუკი და მამას მაინც შეეკითხა:
- ვინ არის მამიკო ეს კაცი?.. რა უნდა?..
- თოკი უნდა შვილო. - უპასუხა მამამ.
- თოკი რად უნდა?.. - გაიკვირვა ციალამ.
- ალბათ შენს მოსატაცებლად... - გაიხუმრა ბოჩიამ. - ნავს უნდა ჩააბას, საბუქსიროდ უნდა.
- ჰოო, კარგია თუ ნავისთვის უნდა... - ანგარიშმიუცემლად წარმოთქვა ფიქრებში წასულმა გოგომ და სადღაც გულის კუნჭულში ერთგვარი პწკენა იგრძნო.
სანდრო აივანს მიშტერებოდა. იქ ხომ ისეთი მშვენიერება იდგა, არემარეს ანათებდა. თვალს ვერ აშორებდა, სულ უნდოდა ეცქირა ამ სილამაზისთვის.
ბოჩიამ მალევე მოუტანა თოკი და დასძინა: „შეგიძლია დაიტოვო, ამის გამო ნუ შეწუხდები ყმაწვილო!..“
- არა ბატონო! ხვალვე მოგიტანთ! - კატეგორიული პასუხი გასცა სანდრომ. მადლობა მოუხადა ბოჩიას და ფიქრებში ჩართულმა ზღვისკენ გასწია.
* * *
სანდროს დედ-მამა ძალიან ღელავდნენ შვილი რომ არ მოვიდა ღამით სახლში. იცოდნენ, რომ ზღვაზე იყო წასული სათევზაოდ მეზობელთან ერთად. დილით თევზით სავსე ერთი თავდახურული დიდი ვედრო კი იპოვეს კარებთან, მაგრამ ვერაფერს მიხვდნენ და ბინის კარის გვერდით მეზობელს მიადგნენ. ვაჟამ, ნიკოს მამამ, უთხრა, რომ სანდრო ურეკში დარჩა იმ ღამეს და ამ დილით ნიკო გაეშურა მის წამოსაყვანად. „ნუ ღელავთ, ყველაფერი კარგად იქნებაო. ეს თევზი თქვენია, ნიკომ დატოვა თქვენთანო.“ ასე დაამშვიდა ისინი.
სანდროს მამას სამსახურში ეჩქარებოდა წასვლა და ცოლს დაუბარა: „დღეს უფროსს ვთხოვ და ადრე წამოვალ სამსახურიდანო.“
სადღაც ორ საათში სანდროც მოვიდა სახლში. დედა სიხარულით შეეგება მონატრებულ შვილს.
- ძალიან ვინერვიულეთ შვილო!.. არ ვიცოდით რა გვექნა!.. - შესჩივლა დედამ. - აწი ნუ წახვალ ღამისთევით, ცოდვა ვართ ჩვენ!..
- ნუ ღელავ დედი, აწი სათევზაოდ არ წავალ!.. ცოლი უნდა შევირთო!.. - დაამშვიდა შვილმა.
- ცოლი?.. ვინ?.. როდის?.. - დაიბნა დედა. - ვინ არის, სად გაიცანი, როგორი გოგოა?
- ციალა ჰქვია... ურეკში გავიცანი... - ფიქრმორეულმა პასუხა სანდრომ. - ძალიან მომწონს, ლამაზია... მინდა ჩემი ცოლი გახდეს!..
ეველინამ გაკვირვებით შეხედა შვილს „ასე უცებ რამ შეცვალაო,“ გაიფიქრა.
- ძალიან კარგი აზრია შვილო! ოჯახის შექმნას არაფერი სჯობს, მაგრამ ამ პატარა ბინაში როგორ მოვთავსდებით, მით უმეტეს შვილი რომ შეგეძინება?..
- ვიმუშავებ დედა!.. ფულს მოვაგროვებ, სახლს ავიშენებ და მოვიყვან! - მტკიცედ უპასუხა სანდრომ.
- კარგი შვილო!.. ღმერთმა ხელი მოგიმართოს დედა!.. ჩვენ ყველანაირად ხელს შეგიწყობთ, რაც შეგვიძლია. ახლა კი საჭმელი ჭამე, მშიერი იქნები.
- არა დედი, არ მშია, მეძინება!.. უნდა წავუძინო ცოტა. - თქვა სანდრომ და თავის საწოლზე წამოწვა.
ნიკომ სანდროს გარეშე მოაგვარა ყველაფერი სანამ მეგობარს ეძინა. მეზობელი მინდიას „პაბედით“ ბაზარში წაიღო თევზი, იქ ჩააბარა გადამყიდველებს, ფული გამოართვა და სახლში დაბრუნდა. სანდრო მოიკითხა, დედამისმა უთხრა „ახლა სძინავს, ნუ შეაწუხებო!“ „კარგი, მაშინ მეც წავუძინებ ცოტასო“ და თავის ბინაში შევიდა.
შემწვარი კეფალის სუნმა გამოაღვიძა სანდრო, მადა გაეხსნა.
- იფ, იფ!.. რა კარგი სუნია დედი!.. - სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა სანდრო. - ახლა კი მართლაც მშია...
- ნიკოს დავუძახებ, ბარემ ერთად შევჭამთ. - წამოდგა და მეზობელს გასძახა პატარა აივნიდან: - ნიკოო!.. გადმოდი ჩვენთან, ვისადილოთ.
- კარგი, მოვალ ახლავეო. - იყო პასუხი.
- მე მაღაზიაში უნდა წავიდე შვილო, მალე მოვალ. მამაშენიც სადაცაა მოვა სამსახურიდან.
ნიკო ნამძინარევი თვალებით შემოვიდა და მაგიდას მიუჯდა. კეფალის მოზრდილი ნაჭერი გადმოიღო, თეფშზე დაიდო და სანდროს შეხედა:
- ღვინო გაქვთ სახლში?
- კი, რა თქმა უნდა. ახლავე მოვიტან. - წამოდგა სანდრო. მაცივარი გამოაღო და ღვინის ბოთლი გამოიტანა.
- ამაში მამაჩემის დაწურული ადესა ასხია, ქარხნული არ გეგონოს!.. სუფთა წვენია. - თქვა და ბოთლი წინ დაუდგა მეგობარს. - მიდი ჩამოასხი...
ნიკომ ჩამოასხა ღვინო, ჭიქა ასწია და სანდროს მიუჭახუნა:
- ამის დამწურავს გაუმარჯოს! ჩვენ გაგვიმარჯოს! მაგრად ვიყოთ!.. - თქვა და გადაჰკრა. - აუ, ეს რა მაგარი რამეა!.. მადლობა მამაშენს ამისთვის.
სანდრომაც ადღეგრძელა მამა და მეგობარი, ნახევარი ჭიქა მოსვა და მაგიდაზე დადო.
- თევზს რა უყავი?.. - შეეკითხა მეგობარს.
- ჩავაბარე ბაზარში... ხუთასი მანეთი მომცეს, ნახევარი შენია. კეფალი უბნის ინსპექტორსაც მივუტანე სახლში, ძალიან კმაყოფილი დარჩა.
- ჩემი წილი მომეცი, ხვალ ურეკში უნდა წავიდე, ციალა უნდა ვნახო...
- ჯერ დავლიოთ ეს მადლიანი ღვინო, მერე მოგცემ... - ისევ ჩამოასხა ნიკომ.
- არ მინდა დავთვრე, ფხიზელი უნდა ვიყო!.. ხვალ სერიოზული საქმე მაქვს გადასაწყვეტი...
- კარგი, ნუ დალევ ძამია!.. მე მეტი დამრჩება... მეც გამოგყვები ხვალ, მინდიას მანქანას ვთხოვ, ერთად წავიდეთ.
- ძალიან კარგი იქნება. - მიუგო სანდრომ და ფიქრებში ჩაიძირა.
კარებზე კაკუნმა გამოარკვია ფიქრებიდან, წამოდგა და კართან მივიდა, გამოაღო. იქ ჟორა ფოსტალიონი იდგა ჩანთით.
- გამარჯობა ბიძიკო შენი!.. წერილი მაქვს შენთვის, ჩაიბარე და ხელი მომიწერე აგერ აქ, ფურცელი გაუწოდა სანდროს.
- შემოდი ჟორა ბიძია, ერთი ჭიქა ღვინო დაგვილიე. - შესთავაზა სანდრომ.
- მაგაზე რავა გეტყვი უარს ბიძიკო. - ნაბიჯი გადმოდგა ჟორამ და სამზარეულოსკენ გაემართა. - ოჰ, ამას ვის ვხედავ!.. გამარჯობა შენი ნიკა!.. რას შვები, კიდევ თევზაობ?
- კი, ჟორა ბიძია. აბა სხვა უკეთესი რა ვაკეთო?!.. - ნიკომ ახალი ჭიქა მოიმარჯვა და ღვინო ჩამოუსხა. - დაგვილიე ეს ჭიქა.
- თქვენი დღეგრძელობისა იყოს ბიჭებო!.. - დალოცა ჟორამ, გადაჰკრა და ჭიქა მაგიდაზე დადო. - უნდა წავიდე ახლა მე ბიძიკო, თქვენთან კარგია, მაგრამ სხვა წერილები კიდევ მაქვს მისატანი. აბა, კარგად იყავით!.. - ხელმოწერილი ფურცელი გამოართვა სანდროს და სწრაფად გავიდა ბინიდან.
- რა წერილია სანდრო, რა ხდება? - ჰკითხა ნიკომ.
- რა ვიცი, კომისარიატიდან არის... - წერილი გახსნა სანდრომ და კითხვა დაიწყო.
- რა უნდათ ვითომ?.. ჯარიდან ხომ გამოგიშვეს, ახლა რაღა უნდათ?!..
- ოჰო, ფულადი კომპენსაცია გამოუყვიათ ჩემთვის!.. 2560 მანეთი. - გაიკვირვა სანდრომ.
- გეკუთვნის ძამია!.. ამიტომ მოგცეს. – „ბეჭედი დაურტყა“ ნიკომ.
სანდროს სიხარულით გაევსო გული. „როგორ მჭირდებოდა ახლა ეს ფული, ღმერთმა გამომიგზავნა.“ გაუელვა თავში და ფიქრებში წავიდა...
დედ-მამამ ერთად შემოაღეს ბინის კარები და შემოვიდნენ. სანდრომ ახალი ამბავი ახარა ორთავეს, ძალიან გაეხარდათ.
- კი დაიმსახურე შვილო ეს ფული, გეკუთვნის და იმიტომ მოგცეს. - აღნიშნა დედამ.
- რას აპირებ შვილო ამ ფულით? რისი გაკეთება გინდა? - შეეკითხა მამა.
- ცოლს შევირთავ მამა... სამსახურს დავიწყებ სადმე, ფულს ვიშოვი, ამ თანხასაც დავუმატებ და სახლსაც ავიშენებ.
სანდროს მამას ძალიან გაუკვირდა შვილის ასე ნაადრევად „დაბრძენება,“ მაგრამ გადაწყვეტილება მაინც მოუწონა და დასძინა:
- კარგია შვილო, ასე რომ ფიქრობ. ცოლის შერთვაც კარგია და სახლის აშენებაც, მაგრამ ამას ყველაფერს დიდი თანხა სჭირდება. მე კი 2500 მანეთს გაჩუქებ და დანარჩენი შენ იცი, მიხედე საქმეს.
სანდრო სიხარულით გაიბადრა, მამას გადაეხვია და მადლობა უთხრა.
- დემური ბიძია, მეც შემიძლია პატარა დახმარება გავუწიო სანდროს. - მიმართა სამზარეულოდან გამოსულმა ნიკომ სანდროს მამას. - ჩემი კარგი ნაცნობი მუშაობს მშნებლობაზე ინჟინრად და იმას ვთხოვ, რომ სანდრო მიიღოს სამუშაოდ, იქ კარგი ხელფასებია,სახლის მისახედად საჭირო ფულს მალე დააგროვებს.
- შენ გაიხარე შვილო, კარგი კაცი ხარ! თუ ამას მოაგვარებ, მაღარიჩი ჩემზე იყოს. - დემურიმ ხელი გაუწოდა ნიკოს, მანაც ჩამოართვა.
- კარგი, დემური ბიძია, მე და სანდრო ახლა წავალთ და იმ ნაცნობთან მივალთ მოსალაპარაკებლად. რაღაზე გადავდოთ საქმე, დროზე უნდა მიხედვა.
- მიდი სანდრო, გამოიცვალე ტანსაცმელი, მეც ჩემთან შევალ, გამოვიცვლი და წავიდეთ. - მიმართა მეგობარს.
ხუთ წუთში ორი მეგობარი ფოთის ერთ-ერთ ქუჩაზე მიაბიჯებდა.
* * *
მეწამული მზე ზღვის ჰორიზონტზე ჩაიძირა და გახურებული დღეც თან გაიყოლა. აგვისტოს ცხელი საღამო არემარეს დასაძინებლად ამზადებდა. ბოჩიას მსხალზე შემომჯდარი „ზესკვი“ ახლა უკვე „მორიდებით“ გალობდა, თითქოს ბარტყებს ძილისპირულს უმღერსო. კოღოებიც გამოსულიყვნენ „დაზვერვაზე,“ წუილით დაქროდნენ და „საკბილოს“ დაეძებდნენ. მოგვიანებით ჭრიჭინებმა ჩართეს თავიანთი გამაღიზიანებელი ჭრიჭინი.
ბოჩიას ოჯახის საქმეები უკვე მოგვარებული ჰქონდა და სახლში აპირებდა შესვლას, როცა ძაღლის ყეფა და ჭიშკარზე კაცის ძახილის ხმა გაიგონა.
- რომელი ხარ?.. მობრძანდი!.. - შეეპასუხა მოსულს.
- მე ვარ, ბოჩო ბიძია, რეზო ვარ!.. - იყო პასუხი ჭიშკრიდან.
- შემოდი რეზიკო, ბიძია!.. ძაღლი არ იკბინება!.. - მიეგება თავის დისშვილს ბოჩია.
- კარგა ხანია არ გამოჩენილხარ, როგორ იქნა, რომ მეწვიე?!.. - გადაეხვია სტუმარს.
- რუსეთში ვიყავი, სამი დღეა, რაც ჩამოვედი ხობში. ისევ ვაპირებ ერთ კვირაში წასვლას და ვიფიქრე, ბიძას და ბიძაშვილს ვინახულებ-მეთქი.
- ეგ კარგია, რომ არ დაგავიწყდი. როგორ არიან ჩემი დაიკო და სიძე? დიდი ხანია არ გამოჩენილან. შენი და რაც გათხოვდა, იმის მერე აღარ მინახავს არცერთი. შემოდი სახლში...
- ლიანა და საშა კარგად არიან, მოგიკითხეს!.. ნანაც კარგადაა, თავის მეუღლეს ვერ ელევა, სულ ერთად მუშაობენ და უვლიან ოჯახს.- უპასუხა რეზომ და სახლში შეჰყვა ბოჩიას.
- ციალა!.. აბა ნახე, ვინ გვეწვია?!.. - გასძახა სამზარეულოში მყოფ ქალიშვილს.
- უი, რეზიკო!.. - გამოვარდა ციალა და მამიდაშვილს გადაეხვია. - როგორ ხარ, შე გარუსებულო?!.. რატომ დაგვივიწყე ასე?!..
- რომ არ დამვიწყებიხართ, იმიტომ ვარ აქ!.. რა ვქნა ცია, ხომ იცი, იქ დიდ ქარხანაში ვმუშაობ და მხოლოდ შვებულების დროს შემიძლია წამოსვლა.
- მოდი, ამ მაგიდასთან დასხედით შენ და მამა, მე ახლავე გაგიწყობთ სუფრას. ერთად ვივახშმოთ. - ციალა შეტრიალდა და სამზარეულოში გავიდა.
სუფრა მალე გაიშალა. ბიძამ და დისშვილმა კარგა ხანი ისაუბრეს, თან თითო ბოთლი ღვინო „მოაყუჩეს.“
- ბოჩო ბიძია, ერთი რამე მინდა ციალას შესახებ გკითხო. ხომ იცი, რომ ის ჩემი დაა და მისთვის მხოლოდ კარგი მინდა. იმ ქალაქში, სადაც მე ვმუშაობ, არის რამდენიმე ინსტიტუტი, სადაც სწავლობენ საბჭოთა კავშირის ყველა კუთხიდან ჩამოსული სტუდენტები. ამიტომ ვიფიქრე, ციალაც რომ წაგვეყვანა იქ და ჩაებარებინა რომელიმე ინსტიტუტში. სწავლა ცხოვრებაში გამოადგება. სულ სახლში ხომ არ იჯდება? რა სიკეთეს ნახავს აქ. იქ კი ისწავლის, იმუშავებს და ცხოვრებას ნახავს, შეიძლება ბედიც ეწვიოს. მე იქ ბინა მაქვს ნაქირავები, ამიტომ საცხოვრებლის ძებნა არ მოუწევს. მით უმეტეს როგორც კი ჩავალ, ცოლის შერთვას ვაპირებ, იქაური რუსი გოგოა, კარგი ოჯახისშვილი. ასე, რომ ციალას მეგობარიც ეყოლება, მარტო არ იქნება.
- ძალიან მაცდური წინადადებაა... - დაფიქრდა ბოჩია. - მე კი მინდა რომ ისწავლოს და კარგი ცხოვრება ნახოს, მაგრამ ციალას დავეკითხოთ, რას იტყვის...
ციალა შეიშმუშნა, წინადადება კი მოეწონა მაგრამ გადაწყვეტილად წარმოთქვა:
- არა, ვერ წამოვალ!.. მამას ხომ ვერ დავტოვებ მარტო... გაუჭირდება უჩემოდ... სწავლა კარგია მაგრამ...
- წადი შვილო, ნუ გეშინია, მე მივხედავ ყველაფერს... - შეაწყვეტინა მამამ.
- არა, მამიკო, ვერ წავალ!.. აქ ვიქნები შენთან!.. მე უშენოდ არსად არ წავალ!..
ბიძამ და დისშვილმა ერთმანეთს გადახედეს, ციალას პასუხი დამაჯერებლად ჟღერდა.
- კარგი, გვიანაა უკვე, დავიძინოთ... დილით გადავწყვიტოთ დასვენებულ გონებაზე. წამო რეზიკო, შენს საწოლს გაჩვენებ. - დაამთქნარა ბოჩიამ, წამოდგა და საძინებლისკენ გაუძღვა რეზოს.
------------------------------------------- კოტე ბახია -------------