როლანდ ჯიქიას ხსოვნას




საკუთარ თავს ვიმშვიდებ.. არ მინდა დავიჯერო... არადა, ჩემმა დამ ნანამ დამირეკა- სლუკუნითა და შეცხადებით, მის თვალწინ დაულევია სული ჩემს დიდ ძმასა და მეგობარს, თანამებრძოლს, მესაიდუმლეს ჩემს უსაყვარლეს როლანდ ჯიქიას. ნაღდ ქართველსა და კოლხს, დიდ ზვიადელს, ეროვნული მოძრაობის უღალატო და თვალსაჩინო ჯარისკაცს.
თავი სიზმარში მგონია... არ მინდა ეს დღე არსებობდეს... საერთოდ არ გათენებულიყო ნეტავ...
სულ სხვათა ტკივილსა და საწუხარზე დარდობდა, სხვები ენაღვლდებოდა, არიქა, მივეშველოთ, ხმა, გული და სიყვარული შევაწიოთო... თავად კი უთქმელად, დაუჩივლებლად წავიდა და დაგვტოვა. იშვიათად მინახავს ასეთი ნიჭიერი, პოეტური სულისკვეთებისა და აღმაფრენის კაცი. უსაზღვროდ უყვარდა პოეზია და საოცრად კარგი დეკლამატორიც გახლდათ. არაერთი ჩემი ლექსი იცოდა ზეპირად( არაფერს ვამბობ ქართული პოეზიის ცოდნაზე) და თუ რამე მოეწონებოდა მაშინათვე დამირეკავდა და იუმორის წამძღვარებით წამიკითხავდა მოწონებულ სტრიქონებს...
განებივრებული ვყავდი- ყოველ დღე დამირეკავდა, რამე სახალისოს მომიყვებოდა, განწყობილებას გამომიმზევებდა და დასასრულს მისეული ხოშიანი ღიმილით მეტყოდა: ე, ასე გობაღ, ქემიაუნ საქვრს (ე, ახლა გეყოფა, მიყევი საქმესო)...
როგორი სავსე კაცი იყო, სავსე ქართული ტრადიციით, სიყვარულითა და უკიდეგანო მშვენირებით, რომელსაც უსაზღვრო ძმობა და სიწრფელე ესაფუძვლებოდა დღენიადაგ.
რამდენი რამ გვაქვს მოსაგონარი, უამრავი საკეთილოდ, არაერთი საწუხილოდ და ვინ იცის რამდენი რამ გადავანდება დავიწყების უსასრულობაში, არადა ყოველი წუთი და წამი ჩვენი სიყვარულისა და დიდი მეგობრობის მონაპოვარია...
ავაჰ, როლანდ, ავაჰმე, დიდო ძმაო და ქართველო...
ამწუთას იცი რა ამომივრდა ცნობიერების ნაკადიდან? თბილისში რომ ჩამომაკითხე და მცხეთაში, სვეტიცხოველში წამიყვანე შენს უბედურად დაღუპული ძმისშვილის ბუბას პანაშვიდის გადასახდელად. იცი,რა ლაშაო, - მითხარი თვალცრემლიანმა,- ბუბამ ნახევარი გული ამომაგლიჯაო...
ახლაღა ვაცნობიერებ, როგორ დაულევიხარ მაშინდელ სატკივარს და "ნახევარი" გულით კიდევ დიდხანს გასძელი მეგობარო, ჩვენო იმედიანო და დაუღლელო, ულვაშიანო და ჯგვირალო კოლხო...
შენი ქორწილის თამადას ყურში ჩამჩურჩულე, არ მაქო, ბიჭო, ბევრი, თორემ გავიქცევი და უსიძეო ქორწილი გექნებათო... მე სიმართლე ვილაპარაკე, ქება გამომივიდა, რათქმაუნდა არ გაქცეულხარ, არ გიღალატნია შენი უსაყვარლესი მეუღლისთვის, შენი ირმასთვის, მაგრამ ერთგულების სვრელი ბოლომდე ვერ გაიტანე მაინც და ძმისა და უახლოესი ადამინების სიკვდილით გულდასენილ მეუღლეს შეატოვე ამოდენა ოჯახის მეწინავეობა, ქალიშვილისა და ვაჟების პატრონობა, თუმცა შენც აქ არ იქნები კაცო?! სულ ჩვენთან იტრიალებ მაინც და ლანდად აედევნები შენი საფიცარი ხალხის გზასა და სავალს.
მგონი პირველად წამომცდა ცხოვრებაში, ამ უბედურების შემტყობს: ეს არ გამეგო და მოვმკდარიყავი მეთქი...
როგორ მიყვარხარ და როგორ მენანები...
როგორ დამაკლდები მთელი ცხოვრება. თუმცა რომ მოვალ, თავის დროზე, ვიცი ხარხაშით, შენეული ხმიანობითა და ულვაშებში ამზევებული ღიმილით მეტყვი: ჰოპლა, ჩვენც ვცოცხლობთ, აქაურებიო...
ჩემი ერთიპატარა ლექსი გიყვარდა, ხშირად მიკითხავდი:
"აღარ რჩება არაფერი
ამ ყოფისგან, ვიცი უკვე,
ჩამომუქდა დარდით ჭერი
და ოცნებებს ტკივილს ვუკმევ...
ყველაფერი ისე მიდის -
ვერ გაუგებ თავს და ბოლოს
ცხოვრებას და ახლა მინდა
სიმარტოვე ვიყმო მხოლოდ! "
ჰოდა, უსადეგარი სიმარტოვე მოგენაგრა ბედისად...
მებრალება ხობი, ხორგა და სრულიად სამეგრელო უშენოდ, შენი ჭირისუფლობის გარეშე. შენი დევურად გადადგმული ნაბიჯების ექო, ვაჟკაცური მკლავების ორგია, სამყაროს შენივთებული უკეთილესი ღიმილი და აუწონავი სიყვარული მოგონების ნუსხაში დარჩება დღეიდან და ისაუბრებენ, მოიგონებენ ულამაზეს და უკეთილეს მეგრელს, ლექსისა და სიყვარულის სიმბოლოს, წესიერების ნიშანსვეტად შთენილ როლანდ ჯიქიას!
როლანდ, როლანდ ჯიმაგე...
ვუსამძიმრებ შენს ძვირფას ოჯახს, შენს უნიჭიერეს შვილებს, სვეგამწარებულ მეუღლეს, შენს ძვირფას და- ძმას, ყველა ნათესავსა და ახლობელს... შენს ზვიადელებს... ბოლოს კი საკუთარ თავს...
მომენატრები ძმისავ!

ტკივილით ლაშა გვასალია

---------------------- 

ხობის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხობის სერვისცენტრის უფროსის და ხობის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრის, როლანდ ჯიქიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს.
როლანდ ჯიქია წლების განმავლობაში მუშაობდა საჯარო დაწესებულებებში და მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით, პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
როლანდ ჯიქიას გარდაცვალებით ხობის მუნიციპალიტეტს დააკლდა გამორჩეული მოქალაქე და პიროვნული ღირსებებით შემკული პიროვნება.


ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხობის სერვისცენტრის უფროსის როლანდ ჯიქიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს.
როლანდ ჯიქია იყო გამორჩეული მამულიშვილი, ერთგულება, კეთილსინდისიერება, გულწრფელობა და პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ამ ღირებულებებით ხასიათდება მთელი მისი საზოგადოებრივი საქმიანობა განვლილი ცხოვრების მანძილზე.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხობის სერვისცენტრის უფროსის და ხობის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრის - როლანდ ჯიქიას გარდაცვალების გამო.
ბატონი როლანდი იყო გულისხმიერი კოლეგა, უაღრესად კეთილშობილი და სამაგალითო პიროვნება, რომელიც წლების განმავლობაში, მაღალი პროფესიონალიზმით და საქმისადმი თავდადებით, ერთგულად ემსახურებოდა თავის მშობლიურ ქალაქს.
ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს. ბატონი როლანდის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის.
დავით ბუკია ხობის მუნიციპალიტეტის მერი

-----------------------------------------------------------
მადლობა, რომ იყავით!
რაც გუშინ ვნახე ჩემი თვალით, დავრწმუნდი,რომ (შეიძლება ვცდებოდე) წუთისოფელი წუთი კი არა,წამი ყოფილა.
როგორც ჩვეოდა, ომახიანად მოგვესალმა ყველას, დარბაზში შევიდა და ...........
ვინც როლანდ ჯიქიას იცნობდა,ძნელი დასაჯერებელია , ასე უცბად,მოულოდნელად, ყველას თვალწინ დამთავრდებოდა ყველაფერი........
დიდი გული ჰქონდა, დიდი სული, დიდი თვალებით იყურებოდა.
როლანდ ჯიქია- გამორჩეული კაცი თავისი სიყვარულით, მეგობრობით, ინტელექტით, პოეზიის უბადლო ცოდნით,თამადობით, ცხოვრების განუმეორებელი ნირით. შესანიშნავი ოჯახის ,,მახვში'', კარგი მეუღლე, გამორჩეული შვილების მამა.
ჩემო როლანდ! იმდენი რამე მახსენდება ჩვენი ურთიერთობიდან, რომ აღარ ვიცი, რომელი ერთი გავიხსენო, ამიტომაც აქ გავჩერდები......
საზოგადოება ,,ხობელი'' ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გამგეობის წევრის როლანდ ჯიქიას გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს.
საზოგადოება ,,ხობელის'' თავმჯდომარე
ბეჟან ნადარაია

როლანდ ჯიქია ამშვენებდა და ღირსეულს ხდიდა ხობის სამოქალაქო საზოგადოებას. მიჭირს წარსულში ამ ადამიანზე საუბარი, კარგი და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა მაკავშირებდა 2007 წლიდან. ამ წუთი სოფლიდან მარადიულში როლანდის გადანაცვლება ნაადრევი იყო და დანაკლისია ხობის საზოგადოებისთვის. უფალმა ნათელი დაუმკვიდროს და საუკუნოდ იყოს ხსენება მისი.



ხობის საზოგადოების რჩეულთა პლეადას გამოაკლდა უსაყვარლესი პიროვნება,უებრო მამულისშვილი, სალამღიმილიანი ნაღდი კოლხი ვაჟკაცი, ბატონი როლანდ ჯიქია. ახოვანი, მთასავით ჩამოსხმული,ამღალებული სულისა და უმაღლესი ზნეობის მატარებელი, უჩუმრად დადიოდა ხობის ქუჩებში და გარშემო ასხივებდა უზომო ბედნიერებას და პოზიტიურ განწყობას. დედის ნანასავით საამო იყო მისი მისალმება, გამარჯობა ,,ჯიმა", უყვარდა თქმა.შესტრფოდა თავისი სამშობლოს, მშობლიურ ხობს და ხობელებს, ყველა დაჩაგრულისა და უმწეოს გვერდში მდგომი, ჭირსა და ლხინში სწორუპოვარი. მასთან გასაუბრება და ურთიერთობა სულის ცხონება იყო. გულში მეტირება,არ მინდა გავაგრძელო, მეშინია ვაითუ, საკადრებელი ვერ მივაგო ყველასათვის სათაყვანებელ, უზადო პიროვნებას . თავს უფლებას მივცემ, ორი პატარა ეპიზოდი გავიხსენო.ერთმა ჩემმა ავადმყოფმა მეზობელმა დახმარება მთხოვა,რუხის საავადმყოფოდან ამოწერა,თავის სყოველთაო დახმარებიანად და სხვა სხვა საავადმყოფოში გადაეტანა.ამ საქმის არც თავი ვიცოდი და არც ბოლო,შევწუხდი და ბატონ როლანდის დავურეკე, ჯერ კარგად მომიკითხა,შემდეგ მომისმინა და ასე მიპასუხა . ხვალ ამ პიროვნების პირადობა წამოიღე ჯიმა, თუ შეუძლდაა აბა რა ვქნათ, მის განცხადებას დავაფიქსირებთ და ორ დღეში მოიხსნება,შემდეგ სადაც უნდა იქ დარეგირისტდბადება.ასეა ჯიმა,კანონიც არ დავარღვიოთ და ავადმყოფსაც დავეხმარებით,ასე გვასწავლის უფალი- ჯიმა. უზომო იყო ჩვენი სიხარული, ალალი იყოს იმიერში იმ პიროვნების ლოცვა -კურთხევა,ძმაო როლანდ. იმ ავადმოსაგონარ ორშაბათს, დაახლოებით 12 საათზე მოწმე გავხდი სატელეფონო საუბრის, ძმებმა ერთმანეთი მოიკითხეს, თბილად,ლამაზად, შარჟით ილაპარაკეს,როლანდმა ჩვენი კოლექტივი მოიკითხა და დაემშვიდობნენ ერთმანეთს.შევხედე ბატონ ბორისის ,ამ მრავალჭირნახულ ადამიანს და მის სახეზე დავინახე განუზომელი ნეტარება და ბედნიერება, ამ დროს წარმოვიდგინე ბატონი როლანდი. მკითხველი ვერ მიხვდება ამას,ორივე პიროვნების ძმობის ამბავი თუ არ იცის. და.... ზუსტად სამი საათის შემდეგ ვნახე ბატონ ბორისის სახე.....არა და არა,არ მინდა იმ წუთების გახსება...თქვენს ძმობას ბატონ ბორის,არ შეიძლება ვუწოდოთ, მარტო მისაბაძი და სამაგალითო .თქვენი ძმობა იყო და იქნება ლეგენდარული, ღვთიური.... მე ერთი რიგითი ხობელი, მე ერთი რიგითი წევრი ჯიქიების სამეგობროსი, მოწიწებით, მუხლმოყრილი თაყვანს ვცემ ბატონ როლანდის განვლილ გზას, მის კაცურკაცობას, მის რაინდულ სულსა და ზნეკეთილობას. დღედან, მარადიულობა და არდავიწყებაა შენი სახელი, ბატონო როლანდ, შენით ყოველთვის იამაყებს შენი ლამაზი ოჯახი , შენი ხობი და სრულიად საქართველო. მსუბუქი იყოს შენთვის ქართული მიწა, ღირსეულო ვაჟკაცო.,

ემზარ კვირკვაია








(შვილებს)
მშვიდობას ვეტყვი, მალე ქართულ ზეცის საფირონს,
და მცირე ტალღად შევერწყმები ზღვას, უნაპიროს.
ქარს, იმქვეყნიურს დავუხვედრებ, მალე, წინ აფრას;
დიდებულია! გარდვიქცევი მალე წინაპრად.
და თუმცა ჩემი გამგზავრება ჰგავდა წვალებას,
სიკვდილი მაინც არ დაარქვათ გარდაცვალებას,
მე წავალ, რადგან დრო არა მაქვს უკვე არჩევნის,
მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები.
მეც გიმეგზურებთ, ცხოვრების გზას როცა გაჰყვებით,
მე დაგინახავთ, მაგრამ ვეღარ დაგენახვებით.
მე არასოდეს არ ვიქნები თქვენთან მოდავე,
სამშობლო თქვენი, თუ არასდროს არ იცოტავეთ,
მაგრამ იცოდეთ, მე იმ დღიდან თქვენთან არა ვარ,
თუ სარბიელად საქართველო გეპატარავათ.
დამარცხებულიც არასოდეს ჩანდეთ საბრალოდ,
ვინმეს სიგლახე, კაცთა მოდგმას არ დააბრალოთ,
ტკბილი გექნებათ სიყმაწვილე, მერე სიბერე,
სხვათა მიღწევით, სიხარული თუ გაიბევრეთ.