სოციოლოგიური კვლევის ანგარიშის საჯარო განხილვა

 


ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ხობის მუნიციპალიტეტში სოციალური პოლიტიკისა და სოციალური პროგრამების დაგეგმვის მიზნით ჩატარებული, ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებათა კვლევის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა. მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა შოლინა კანკიამ კვლევის მიზნებზე, ამოცანებსა და მნიშვნელობაზე, სოციოლოგიური კვლევის ფარგლებში გამოყენებულ მეთოდოლოგიაზე, გამოვლენილ საჭიროებებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. საჯარო განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მომხსენებელმა შეხვედრის მონაწილეების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. განხილვას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია, მერიის, საკრებულოს და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სოციოლოგიური კვლევა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების ჩართულობით, მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა ჩაატარა.