საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და დანიის მთავრობა იწყებენ ოთხწლიან ტრანსფორმაციულ პროექტს „მწვანე მომავალი, უფლებებისა და სტაბილურობის განმტკიცება: ინკლუზიური მწვანე გადასვლისა და პასუხისმგებლიანი მმართველობის ხელშეწყობა აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონში“, რომელიც 2024-2027 წლებში განხორციელდება. პროექტში საპილოტე მუნიციპალიტეტებად შერჩეულია ხობისა და ფოთის მუნიციპალიტეტები. საინფორმაციო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. მიმდინარეობს ადგილობრივ და ინტერმუნიციპალურ მიმართულებებზე მუშაობის პროცესი, რომელიც მოითხოვს შესაბამისი სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელთა ჩართულობას, პრიორიტეტებად მიჩნეული საკითხების განხილვისა და მოსაზრებების გაზიარებისათვის. ონლაინ შეხვედრაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)-ს წარმომადგენლებმა პროექტის მნიშვნელობაზე, პრიორიტეტებზე და განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის მოადგილეები, სამსახურების, განყოფილების უფროსები და შესაბამისი ,,შპს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მსგავსი შეხვედრები ეტაპობრივად განხორციელდება.