ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, მერის მოადგილე დავით ბერაია და მერიის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები შეხვედრის მონაწილეებს ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა სოფია კვიკვინიამ გააცნო.
მომხსენებელმა ისაუბრა კანონით გათვალისწინებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა: მონაცემთა დამუშავების განახლებული საფუძვლები, პრინციპები, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, აუდიო და ვიდეომონიტორინგი, მონაცემთა დაცვის ზეგავლენის შეფასება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციები, ჯარიმების ცვლილება და სამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა. ასევე, ინციდენტი და სამსახურისთვის მისი შეტყობინების ვალდებულება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე.
პირველი ივნისიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი სრულად ამოქმედდა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი უზრუნველყოფს თანამშრომლების ინფორმირებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღნიშნულ თემატიკაზე შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზსა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან კონსულტაციების მიღებას, ფიზიკური პირის მიმართვის შემთხვევაში მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და სხვა.
მსგავსი შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში, პერიოდულად გაიმართება.