თედო სახოკიას კუთხე ხეთის მუზეუმში |
თედო სახოკია დიდი ილია ჭავჭავაძის მიერ ერის მსახურად ხელდასმულ მოღვაწეთა რიცხვს ეკუთვნის.
ყოველ დროში და ყოველ ქვეყანაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, მაღალი გრძნობა-გონების მქონე მისი შვილები შეძლებდნენ თუ არა ეროვნული ენერგიის მდინარებაში ჩართვას. თედო სახოკიამ ეს ჩინებულად შეძლო და შეძლო უპირველესად, ღვთიური ნიჭით, დაუცხრომელი მამულიშვილური ღვაწლითა და ალღოთი, შეძლო იმის გამოც, რომ მისი დროის საქართველოს ჯერ კიდევ დაჰყურებდა ფხიზელი თვალი ილიასი და მისი თანამებრძოლებისა: აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, ვაჟა ფშაველასი; მთელი ქვეყანა დიმიტრი ყიფიანის თავგანწირვით მოხიბლულიყო...
დიახ, გასული საუკუნის 80-90-იანი წლები იდგა; თედო სახოკია სამოღვაწეოდ გამოდიოდა, ის ხედავდა, რომ მისი სამშობლოს სახელი წაშლილი იყო პოლიტიკური გეოგრაფიის რუკაზე, ქართული ენა განდევნილი იყო ადმინისტრაციული დაწესებულებებიდან, სასამართლოდან, საშუალო სკოლიდან, მეფის მთავრობა ერთმანეთს უპირისპირებდა ქართლ-კახელებს, იმერლებს, მეგრელებს, აფხაზებს; შემუშავებულიქნა პროექტი, რომლის მიხედვით ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების ენა უნდა გაძევებულიყო სამეგრელოს ეკლესიებიდან, ხოლო დავით გურამიშვილის, ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის ნაწერები ამოღებულიყო პირველდაწყებითი სკოლების პროგრამიდან. თედო სახოკია უშიშრად და შეუდრეკლად შეებრძოლა ამ უკუღმართ პოლიტიკას. მისი დამსახურება ქართველი ერის მთლიანობისა და თვითშეგნების განმტკიცებაში დაუფასებელია (გ. ქიქოძე).
ჩემი მიზანი არ არის თედო სახოკიას ბიოგრაფიის თანმიმდევრული გადმოცემა, მაგრამ წინ წამოვწევთ იმ მომენტებს, რომლებიც მიმართულებას აძლევდნენ მომავალ გზებს.
1877 წელს თედო სახოკია მარტვილის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. აქაურ შეგირდებს სიცოცხლე ჯოჯოხეთად ჰქონდათ გადაქცეული. უსაზღვრო სიდუხჭირის, შიმშილისა და სწავლების უკუღმართი წესების გამო.
`მოწაფეთა უმრავლესობა,_იგონებს თედო სახოკია,_ტანჩაუცმელები და თავი და თავი მშივრები ვიყავით. გვშიოდა 24 საათის განმავლობაში. გვშიოდა კლასში, გვშიოდა ბინებზე, გვიშიოდა ძილში, გვშიოდა ღვიძილში...
თედო სახოკიას ეხმარებოდა არაჩვეულებრივი ნებისყოფა, ოპტიმისტური ბუნება: `უნდა მომეგონებინა ათასნაირი ხერხი, რომ ამ ცხოვრებას არ დავეჯაბნე, არ გავეთელე... გადავწყვიტე უნდა ვეცადო, როგორც გარემოება ნებას მომცემს, როგორც ჩემი პატარა ძალ-ღონე შემაძლებინებს ისე ვებრძოლო ცხოვრების პირობებს ჩემდამი შეუბრალებლად მომართულს~.
სემინარიელთა შავ-ბნელ ცხოვრებაში ნათელ მოგონებად შემოვიდნენ საყვარელი მასწავლებლები ვასილ ბარნოვი, ამბროსი ხელაშვილი, პოლიევქტო კვიცარიძე: მათ ბავშვებს გაუხარელი დღეები გაულამაზეს, ადამიანებისადმი რწმენა ჩაუნერგეს.
თედო სახოკიას კეთილი ბუნება ვეღარ იტანდა ძალადობასა და სისასტიკეს განათლების მიღების გზაზე. მისი აზრით, ჭეშმარიტი სწავლება სიყვარულსა და ადამიანურ გარემოსთანაა წილნაყარი.
1884 წლიდან თედო სწავლას განაგრძობს თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც იწყება მისი შეხედულებების დიდი გარდატეხის ხანა. სემინარიაში ამ დროს ახალი მიმართულება მკიდრდებოდა. ერთი ხელის დაკვრით „გაანადგურეს“ „ქრისტე, ღვთისმშობელი და წმინდანები... „სწრაფად იკიდებდა ფესვს სოციალისტური ნიჰილიზმი. თედო სახოკია ერთხანს გზაჯვარედინზე დადგა და არჩევანი გაჭირდა, რასაც მოჰყვა სემინარიიდან მისი წასვლა.
მალე თედო სახოკია შვეიცარიაში მიემგზავრება და ჟენევის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე სწავლობს, შემდეგ კი სორბონის უნივერსიტეტის საისტორიო განყოფილებაზე ირიცხება. ოთხი წელი სწავლობდა პარიზის უმაღლეს ანთროპოლოგიურ სკოლაში, სადაც უსმენდა მსოფლიოში განთქმულ მეცნიერებს.
თედო სახოკია იყო მწერალი, პუბლიცისტი, ლექსიკოლოგი, ეთნოგრაფი მთარგმნელი, ფოლკლორისტი.
მაგრამ საინტერესოა თედო სახოკია, როგორც ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენელი. ის ეწევა მრავალმხრივ და მრავალფეროვან ბრძოლას სამშობლოს მტრებთან.
უპირველესად, თედო სახოკია წინააღმდეგი იყო პარტიული თვალსაზრისით ერის გათიშვისა. ამასთან დაკავშირებით გავიხსენოთ ერთი ეპიზოდი: ილიას მკვლელობის ამბავმა თედო სახოკიას სოხუმის ციხეში მოუსწრო. ის ძალზე გააოცა და აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ სოციალ-დემოკრატებმა უარი თქვეს სამძიმრის დეპეშის გაგზავნაზე გაზეთის რედაქციაში.
თედო სახოკია ერთ-ერთი ხელისშემშლელია ცარიზმის კოლონიზატორული პოლიტიკისა აფხაზეთში, რომლის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ აფხაზეთი უნდა მოეწყვიტათ საქართველოდან, ილია ჭავჭავაძე და მისი თანამოაზრენი თედო სახოკიას მიიჩნევდნენ აფხაზეთის პრობლემათა მოგვარების საიმედო ძალად. და, მართლაც, თ. სახოკია თავდაუზოგავად მოღვაწეობდა აფხაზეთში. ის აფხაზეთის სამურზაყანოში ქმნის ქართველი ინტელიგენციის ჯგუფს, რომელიც ქართული ენისა და კულტურის დაცვას ისახავდა მიზნად რუსეთის იერიშებისგან. თედო სახოკია აქტიურად მონაწილეობს სოხუმის ქალაქისთავის არჩევნებში, რათა ქართველთათვის სასურველი კანდიდატურა გავიდეს; ესარჩლება სოხუმის პროგიმნაზიის პენსიონერ ქალებს, რომლებიც ეროვნული თავმოყვარეობის შელახვის გამო პროტესტით გამოვიდნენ.
თედო სახოკია ილაშქრებს ხალხთა კოლონიური ჩაგვრის წინააღმდეგ. მან როგორც მთარგმნელმა, გადმოაქართულა ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც ხალხთა ეროვნულ თვითშეგნებას აამაღლებდა (მილკოვსკის „განთიადი“, ვაზოგის „დამონებულნი“...).
თედო სახოკია აქტიური თანამშრომელი იყო გაზეთ `საქართველოსი~, რომელიც 1903-1905 წლებში საფრანგეთში გამოდიოდა. ის იყო სოციალისტ-ფედერალისტების ორგანო. `გაზეთი ეწეოდა ეროვნული-პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციის პროპაგანდას~.
დაუცხრომელი განმათავისუფლებელი მოღვაწეობისთვის თედო სახოკიას მრავალგზის აპატიმრებდნენ, სამუდამოდ აციმბირებდნენ, მაგრამ ახერხებს გამოქცევას და საზღვარგარეთ აფარებს თავს, როგორც ემიგრანტი.
მაგრამ თედო სახოკიამ თავისი ღვაწლის ძირითად საასპარეზოდ გაიხადა ქართული სიტყვა და ქართულ ფრაზაში მოზეიმე მადლი, სიკეთე `გული და ხელოვნება“, ქართველი კაცისა.
მემკვიდრეობა, რომელიც ლექსიკოლეგიაში დაგვიტოვა თედო სახოკიამ, ქართული კულტურის იშვიათ საგანძურს წარმოადგენს, მხედველობაში გვაქვს სამტომეული თედო სახოკიას წიგნისა „ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი“, რომელიც მოიცავს 7000-ზე მეტ ერთეულს.
აღნიშნულ ლექსიკონზე მუშაობა ავტორს დაუწყია ჯერ კიდევ 1889 წელს ქართლის სოფელ ტირძნისში მასწავლებლად მუშაობისას. ხატოვან თქმათა და ანდაზებს თედო სახოკია ქართული მეტყველების შნოსა და ლაზათს უწოდებდა.
თედო სახოკიას სამტომეულში ბევრი მასალა შეესატყვისება მეგრულხატოვან სიტყვა-თქმებს, მაგალითად: „ეშმაკს არ სძინავს“, „ცის გახსნას“, „ცეცხლი უკიდია“, „უძაღლო სოფელი“, „ყურზე ძილი“... მაგრამ ლექსიკოლოგიური დამუშავების გარეშე რჩება „ჭიჭე კითიშ ონგარალ“, „ჯა-ქუა-ბორიას“. „სალამ კუბეჩიას ვერძერნს“, „თოლ ქეგიმანუ“, `თოლ გექიწკურ“, „სონ ჭიჭახე სო მიშახე“... მეგრულ ხატოვან თქმათა ნაცარწაყრილი უბანი საინტერესო სამყაროს მოიცავს და თავის ჭეშმარიტ მოღვაწეს მოელის. მოელის დროულად და მოუთმენლად.
1903 წელს პარიზში ფრანგულად გამოიცა თედო სახოკიას მიერ სამეგრელოში ჩაწერილი ანდაზები. წინასიტყვაობაში ავტორი წერდა: `ჩვენ გვსურს ფრანგ ხალხს გავაცნოთ ქართველი ხალხის საუკუნოვანი გამოცდილების გამოძახილი, მისი სიბრძნის ხმა~. რამდენიმე ნიმუში ამ ანდაზებიდან შესულია საერთაშორისო ლექსიკონში.
იმავე 1903 წელს პარიზის ანთროპოლოგიური საზოგადოების სხდომაზე თედო სახოკიამ წაიკითხა საინტერესო მოხსენება `ყვავილ-ბატონები საქართველოში, ერთი ფურცელი ხალხური მედიცინისა~, ევროპელი მეცნიერები ძალზე ჩააფიქრა ქართული კულტურისა და მსოფლიო ცივილიზაციის ურთიერთმიმართულების პრობლემებმა.
ეთნოგრაფიული მასალებით მდიდარია მოგონებათა წიგნი `როგორ ვიზრდებოდით ძველად~, `საქორწილო ჩვეულებანი საქართველოში და სხვა.
1950 წელს პროფესორ გ. ჩიტაიას რედაქტორობით გამოდის თედო სახოკიას შესანიშნავი ნარკვევები „მოგზაურობანი“. ის მოიცავს გურიაში, ოსმალთა უღლისაგან განთავისუფლებულ აჭარაში, სამურზაყანოსა და აფხაზეთში ავტორის მოგზაურობის მასალებს. მასში შერეწყმულია ეთნოგრაფის, ფოლკლორისტისა და პუბლიცისტის დიდი ალლღო და ნიწიერება.
`მოგზაურობანი~ გადმოგვცემს დასახელებულ მხარეთა მოსახლეობის საწარმოო გამოცდილებას, შრომით ჩვევებს და კულტურულ ვითარებას. მონიშნულია მანამდე მკვლევართათვის უცნობი ბევრი ეთნოგრაფიული მასალა.
ავტორი გზადაგზა იწერს ლეგენდებს, თქმულებებს, გადმოცემებს. ყველაზე მეტი ლეგენდა ახლადშემოერთებულ აჭარაშია ჩაწერილი და ისისც უმთავრესად თამარ მეფესა და დავით აღმაშენებელზე. აჭარელებს აინტერესებთ თამარის საფლავის პრობლემაც.
300 წლის განმავლობაში აჭარა ოსმალების ხელში იყო. მაგრამ თურმე ერთი დღეს არ უცხოვრია ქართული საფიქრალ-საზრუნავის გარეშე. სამეგრელოსა და სამურზაყანოში. თედო სახიკიამ ჩაიწერა ლეგენდა იესო ქრისტეს, წმინდა გიორგისა და ელისა წინასწარმეტყველის შესახებ. ლეგენდის მიხედვით, წმინდა გიორგი სამეგრელოს მკვიდრის, სამურზაყანოელთა რწმენით მთავარანგელოზი მიქეილ-გაბრიელი მიქამგარიო-ეგრეცის მნათობთა გამგებელია და პატრონი მთისა.
თედო სახოკიას მიერ შეგროვილი და გამოკვლეული ეთნოგრაფიული კოლერქციები საშუალებას იძლევა ქართული და კავკასიური პრობელმების ახლებურად გადაწყვეტისას.
თედო სახოკია რამდენიმე ევროპულ ენას ფლობდა. თითოეული ქართველი იცნობს ჰიუგოს, მოპასანის, ბოკაჩოს, გარიბალდის, ბარბიუსის, ვოლტერის, თედო სახოკიასეულ თარგმანებს. ისინი არ წარმოადგენენ ღირსეულ გაგრძელებას ქართული მთარგმნელობითი კულტურის ტრადიციისას.
თხრობის მაღალი ხელოვნება გვხიბლავს თედო სახოკიას მემუარებში. წიგნიდან „ჩემი საუკუნის ადამიანები“ სევდანარევი ტკივილით შემოდის ჩვენში ორი საუკუნის მიჯნაზე მდგარი ქართული სამყარო, ჭეშმარიტი მამულიშვილის თვალით დანახული.
თედო სახოკია სწორუპოვარი მოქართულეა. მისი ენა ზღვუის შესართავად გამზადებულ წყალუხ მდინარესა ჰგავს: მასავით მშვიდია, წყნარი და უხვი. ის არც მქუხარებს და არც წამიერი აღტაცების მომგვრელია, რადგან ღვთაებრივად გაწონასწორებული ნაზავია წიგნიერი და ხალხური სასაუბრო მეტყველებისა.
თედო სახოკიას შემოქმედებითი სამყარო ნელ-ნელა ნაზად, უხმაუროდ მოდის მკითხველში და ქრისტიანულ სიმშვიდეში გადაჰყავს ის...
თანამედროვეთა მიერ ბევრი ითქვა და დაიწერა თედო სახოკიას პიროვნებაზე. მას მრავალი ნაცნობ-მეგობარი ჰყავდა და ღრმად მოხუციც კი ახერხებდა თითოეულისთვის გამოენახა დრო, გაენაწილებენა ყურადღება.
თითქმის ყველა ნაცნობს ახსოვს თედო სახოკიასგან სამეგობროდ გაწვდილი ხელი.
1900 წელს თედო სახოკია პარიზში შეხვდა არჩილ ჯორჯაძეს, რომელიც ღრმა სულიერ კრიზისს განიცდიდა თედო სახოკია უშურველად დაეხმარა მას დავიწყებული ქართული ენის აღდგენაში, რამაც არჩილი სრულიად გამოაცოცხლა, გაახალისა და ახალ სამომავლო გზაზეც დააყენა.
იგონებენ უსათნოესი მოხუცის მიერ საახალწლოდ აღებული ჰონორარის ახლობლებზე დარიგების შემთხვევას მას ახასიათებდა არაჩვეულებრივი ორგანიზებულობა.
ქართულ ინტელიგენციას ტკბილ მოგონებად დარჩა თედო სახოკიასთან გატარებულიუ ოჯახური შეხვედრები, სადაც ზეიმობდა ფიქრი და ოცნება ქართველი ერის წინსვლის გზებზე.
სწორედ რომ ზედგამოჭრილია თედო სახოკიასთვის ზნემაღალი და გულსრული ადამიანის ილიასეული კრიტერიუმი: `ის არასოდეს იტყოდა `ჰოს~, როცა გულში `არა~ ჰქონდა~.
სამართლიანად შეადარეს თედო სახოკიას პიროვნება უსაჩინოეს წინაპარს_გრიგოლ ხანძთელს. ორივე ანგელოზებრივი ღვაწლით აკეთებდა დიდ ქართულ საქმეს.
გადის ხანი... მათი ნაღვაწის სიკეთე კი დროთა სამანებში ვეღარ თავსდება, როგორც დიადი გამობრწყინება თავისუფალი ქართული სულისა.
ციალა სახოკია,
უმაღლესი კატეგორიის პედაგოგი.
გაზეთი „სამეგრელო“
27 მარტი 1998 წელი