27 აპრილი,2024.
ლაზარეს შაბათი.
ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის ქადაგება.
სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა,
ჩვენთან არს ღმერთი!
ქრიტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, ძვირფასო სულიერნო შვილნო!
დღეს წმიდა ეკლესია გვახსენებს უდიდეს სასწაულს, მაცხოვრის მიერ ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებას. ახალი აღთქმის ისტორიაში და ქრისტიანული ეკლესიის ლიტურგიკულ ცხოვრებაში, განუზომლად დიდია ამ მოვლენის სულიერი, მისტიური და ესქატოლოგიური მნიშვნელობა; ეს დღე მართლაც რომ განსაკუთრებული დღეა!
დასრულდა დიდმარხვის ორმოცი დღე, წინ არის ვნების შვიდეული, და ვიხსენებთ რა ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებას, ეს ისტორია კარს გვიხსნის შემდგომი მოვლენების უკეთ გასაგებად და გასააზრებლად. ხვალ არის ბზობის კვირა, იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში, სადაც სასწაულებრივ დახვედრას ჰქონდა ადგილი, რამაც უკიდურესად შეაშფოთა მღვდელმთავარნი და ფარისეველნი, რომელთაც გადაწყვეტილება მიიღეს, რომ დაასმინონ და პილატეს სამსჯავროს გადასცენ იესო ქრისტე; მანამდე კი, წინა დღით, იესო თავის მოწაფეებთან ერთად მიდის ბეთანიაში, სადაც ცხოვრობენ მართა და მარიამი, ლაზარეს დები. მათ იესოს შეუთვალეს: უფალო, აჰა, ვინც გიყვარს, ავად არის (ინ.11,3).
როდესაც იესო მიუახლოვდება ბეთანიას, მართა გამოეგებება მას: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა, მაგრამ ახლაც ვიცი: რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს შენ ღმერთი“, - ეუბნება მართა იესოს; ამაზე იესო მიუგებს: აღდგება შენი ძმა. - მოძღვარო, ვიცი, რომ აღდგება უკანასკნელ დღეს აღდგომისას; ამაზე იესო პასუხობს:
„მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს.
ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე.
გწამს თუ არა ეს?“ (ინ.11,25-26)
ამ სიტყვებს ნუ დავტოვებთ ყურადღების მიღმა და გულისხმა-ვჰყოთ იგი; კარგად გავიაზროთ დასმული კითხვა, რადგან იგი თანაბრად გვეხება ჩვენც, ოცდამეერთე საუკუნის მკვიდრთ, რადგან ჭეშმარიტებას ასაკი არ აქვს; ღვთის სიტყვა უძველებელი და უბერებელია!
დიახ, უფალო, მწამს, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა, რომელიც მოდის ამ ქვეყნად - ასეთია მართას პასუხი.
ამის შემდეგ მართა მოუწოდებს მარიამსაც, მოძღვარი მოდის და გიხმობსო; მარიამი, რომელიც ამ დროს სახლში იმყოფებოდა, მოწოდებისთანავე მოდის იესოსთან შესახვედრად; მასთან ერთად მოდის ის ხალხიც, ვინც ნუგეშისსაცემად იყო მისული. მარიამი, დანახვისთანავე ფეხქვეშ ჩაუვარდა იესოს და მართას მსგავსად ეუბნება: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა, და თან ძლიერ მოთქვამდა ძმის გამო; ამის შემხედვარე იესოს ცრემლი მოადგა თვალზე; იგი სულით შეძრული მიდის საფლავთან და ითხოვს, რომ საფლავის დახშული კარიდან გადააგორონ ლოდი. ამ დროს მართა, ლაზარეს და, იესოს ეუბნება: „უფალო, უკვე ყარს, ვინაიდან ოთხი დღის წინ დავასაფლავეთ“.
- აკი გითხარი, თუ იწამებ, ღმრთის დიდებას იხილავ-მეთქი“ - პასუხობს იესო. ამის შემდეგ მოაშორეს საფლავს ლოდი; ხოლო იესომ თვალები ზეცად აღაპყრო და თქვა:
„მამაო, გმადლობ, რომ მისმინე. მე კი ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ,
მაგრამ ეს ირგვლივ მდგომი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ,
რომ შენ მომავლინე. ეს რომ თქვა, ხმამაღლა დაიძახა:
ლაზარე, გამოდი გარეთ!
და გამოვიდა მიცვალებული, სახვევით ხელ-ფეხ შეკრული და სახეშესუდრული. უთხრა მათ იესომ: გახსენით და გაუშვით, წავიდეს“.
მოსმენილის შემდეგ განკვირვება და მდუმარების სურვილი გიპყრობს ადამიანს; ის რაც აქ მოხდა, აჭარბებს ყოველივე ნანახს და ოდესმე გაგონილს: ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა უფალმა!
აღადგინა და არა - გააცოცხლა.
ამ სიტყვათა განსხვავებაზე ვამახვილებ ყურადღებას, რადგან ახალი, თუნდაც რამდენიმე დღის გარდაცვლილის შემთხვევაში თუ შესაძლებელია ადამიანი სიცოცხლეს დაუბრუნდეს (და ასეთი შემთხვევები თუმცკი იშვიათად, მაგრამ მაინც ყოფილა, და დღევანდელ სამედიცინო პრაქტიკაშიც მომხდარა, რომ გაჩერებული გული კვლავ აუმუშავებიათ და ადამიანისთვის სიცოცხლე დაუბრუნებიათ), ის, რაც ლაზარესთან მიმართებით მოხდა, მსგავსი რამ (კაცობრიობის ისტორიის მანძილზე) არასდროს მომხდარა.
წმიდა წერილი გვამცნობს, რომ ლაზარე ოთხი დღის მკვდარი იყო და მისი გვამი უკვე ყარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის სხეულს, მის შიდა ორგანოებს უკვე ხრწნა ჰქონდა დაწყებული. დღესაც კი, როცა უდიდესი მიღწევებია მედიცინაში, ადამიანის გახრწნილი სხეულის აღდგენა არავის ძალუძს.
ამის შესახებ იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ კარგად შევიმეცნოთ ამ სასწაულის ძალა და მისი შემოქმედი - უფალი ჩვენი და მაცხოვარი, იესო ქრისტე. სწორედ იესო, მარად ცოცხალი სიტყვა მამისა, გვამცნობს, რომ
„შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ“ (ლკ.18,27).
მანამდე, ვიდრე ლაზარეს აღდგინებამდე, არაერთი სასწაული აღასრულა იესომ, მაგრამ არც ერთი მათგანი არ შეედრება იმას, რაც ლაზარესთან მიმართებით მოხდა და სწორედ ამან გამოიწვია შეუდარებლად დიდი გამოხმაურება ხალხში, არნახული დახვედრა იერუსალიმში მეორე დღეს, რასაც მსოფლიო ეკლესია იხსენებს როგორც იესოს დიდებით შესვლას იერუსალიმში.
ამ ამბავმა, იესოს ნაზარეველის ასეთმა საყოველთაო სახალხო აღიარებამ, რაც იმაშიც გამოიხატა, რომ მას ხვდებიან საუფლო საგალობლით:„კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა“, ძლიერ შეაშფოთა მღვდელმთავრები და ფარისევლები; აშკარად დაინახეს, რომ მათ ავტორიტეტს საფრთხე დაემუქრა და ჩათვალეს რა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, მდგომარეობის გადარჩენის მიზნით, ხალხზე ზრუნვის საბაბით, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს მესიას, რასაც ე.წ. „გამართლებაც“ მოუძებნეს:
„უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ხალხი დაიღუპოს“ (ინ.11,50).
როგორც ვხედავთ, სინედრიონმა ვერ გულისხმა-ჰყო, რომ განაჩენი გამოუტანა მას, ვინც იყო ახალი სიტყვა, ახალი სიცოცხლე, ახალი დასაწყისი.
ასეთია ცოდვის ბუნება; მეტასტაზივით მოედება ადამიანის სულსა და გონებას, ახშობს მასში სინდისის ხმას და საღი განსჯის უნარს; სწორედ ეს დაემართა მღვდელმთავრებს და ფარისევლებს, რომელთაც ხალხის სიმრავლე აიყოლიეს და რომის პროკურატორისგან, იუდეის მმართველი პილატესგან (რომელმაც უნდა გადაწყვიტოს თუ პატიმართაგან ვინ გაათავისუფლოს და ვინ სიკვდილით დასაჯოს) ავაზაკის (ბარაბას) გათავისუფლებას ითხოვენ, ხოლო იესოსთან მიმართებაში კი გაიძახიან:
ჯვარს აცვი იგი!
ჩვენზე იყოს და ჩვენს შვილებზე მაგისი სისხლი.
მართალი ლაზარეს ისტორიას დავუბრუნდები და გეტყვით, რომ მკვდრეთით აღდგინების შემდეგ ლაზარემ (ქ. შ. 33 წელს) დატოვა იუდეა, რადგან დევნას განერიდა და კვიპროსს შეაფარა თავი. აქ იგი ქრისტეს წმიდა მოციქულებმა პავლემ და ბარნაბამ (ქ.შ. 45 წელს) დაადგინეს კიტიონის (იგივე ლარნაკას) ეპისკოპოსად. 18 წლის განმავლობაში აღასრულებდა იგი საეპისკოპოსო მსახურებას და ზრუნავდა ქრისტეს სამწყსოზე. მკვდრეთით აღდგინების შემდეგ ლაზარემ 30 წელი იცოცხლა და ღვთივგანისვენა ქრისტეს შობითგან 63 წელს.
მკვდრეთით აღდგინების შემდგომი ისტორია ლაზარესი, რომელიც სამი ათეული წლის შემდეგ კვლავ გარდაიცვალა, იმაზე მიგვანიშნებს, რომ წუთისოფელში სიკვდილი, გარდაცვალება, გარდაუვალი მოვლენაა და ამან არ უნდა დაგვაბრკოლოს და მით უფრო, სასოწარკვეთილებისკენ არ უნდა გვიბიძგოს. ადამიანებს ოდითგან აფიქრებს სიკვდილის იდუმალება და აშინებს კიდეც, მაგრამ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის გზა, რომლის გავლა მოუწევს ყოველ სულს, ყოველ ადამიანს, ვიდრე მეორედ მოსვლამდე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
სიკვდილის იდუმალების შესახებ მოციქული პავლე ბრძანებს:
„...ვიღაცა იტყვის: როგორ აღდგებიან მკვდრები? ან რომელი სხეულით მოვლენ? უგუნურო, რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა. და როცა თესავ, მომავალ სხეულს კი არ თესავ, არამედ შიშველ მარცვალს, სულერთია, იქნება ეს პურისა თუ სხვა მარცვლეულის თესლი. მაგრამ ღმერთი აძლევს მათ სხეულს, როგორიც ნებავს, და თვითეულ თესლს - თავის სხეულს. (1 კორ. 15, 35-38)
„ასევე მკვდართა აღდგომისასაც: ითესება ხრწნილებაში, აღდგება უხრწნელებაში; ითესება დამცირებაში, აღდგება დიდებაში; ითესება უძლურებაში, აღდგება ძლიერებაში; ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი. არის სხეული მშვინვიერი და არის სხეული სულიერი. (1 კორ. 15, 42-44)
ქრისტესმიერსაყვარელნო, წინ არის ვნების შვიდეული, და, საერთოდაც, წინ არის ჩვენი ცხოვრების გოლგოთა. განსაცდელებთან დაპირისპირებისას ჩვენ მუდამ გვჭირდება ხსოვნა იმისა, თუ რა ძალას წარმოადგენს მადლი ღმრთისა; რომ ღმერთია ის, ვინც შეუძლებელს შეგვაძლებინებს, დაუძლეველს დაგვაძლევინებს და გვიწინამძღვრებს აქაც და მომავალ საუკუნეშიც. მთავარია შენი ზრუნვა მიართვა (მიუძღვნა) უფალს.
შვილებო, არაფერმა შეგაშინოთ!
დღეს დედა ეკლესია კვლავ შეგვახსენებს, რომ ჩვენ ცხოვრების წინამძღვრად გვყავს ის, ვინც ოთხი დღის მკვდარი ლაზარე აღადგინა; და რომ მისთვის შეუძლებელი არაფერია, რადგან ის არის „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე (ინ.14,6).
ძმანო და დანო!
ტაძარი, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, ახალი აშენებულია და კონკრეტულ ისტორიას უკავშირდება; ამ ტაძრის მიმდებარედ არის სახლი, სადაც თავისი ცხოვრების უკანასკნელი ღამე გაატარა საქართველოს რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, დღეს კი იქ მოწყობილია მუზეუმი; ეს ამბავი უკავშირდება სახელმწიფო გადატრიალებას და საქართველოს ეროვნული ხელისუფლების დამხობას; ეს გახლავთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის უკიდურესად დრამატული ეპიზოდი და ცალკე მსჯელობის საგანს წარმოადგენს, თუმცა, სწორედ იმ მოვლენების არდავიწყებამ და პრეზიდენტ გამსახურდიას ხსოვნისადმი პატივის მიგების სურვილმა დაბადა ჭეშმარიტ მამულიშვილთა გულში ამ ადგილას ტაძრის აშენების იდეა; არც ის არის შემთხვევითი, რომ ამ ტაძრის მთავარი დღესასწაული არის მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება.
სულმნათ ზვიად გამსახურდიას თეორიული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების თემას, მასზე ფიქრსა და ქართულ მწიგნობრულ ტრადიციაში ამ თემის განმარტების დიად ისტორიას უკავშირდება. მოგეხსენებათ, რომ მან უაღრესად საგულისხმო სამეცნიერო ნაშრომი შექმნა X საუკუნის დიდი ქართველი მწიგნობრის, ჰიმნოგრაფისა და თეოლოგის, იოანე ზოსიმეს ღრმა თეოლოგიურ საგალობელზე - „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“. ზვიად გამსახურდიას ეს ნაშრომი გამოირჩევა იოანე ზოსიმეს ტექსტის ფილოლოგიური და თეოლოგიური დეტალების ღრმა მეცნიერული ცოდნითა და განმარტებით. თუმცა, ჩვენთვის, ამ შემთხვევაში, მთავარია ამ ნაშრომის ძირითადი სათქმელი და დედააზრი:
ზვიად გამსახურდია ფიქრობს, რომ იოანე ზოსიმეს აზრით, „ყოველი საიდუმლო“ ქართულ ენაში, ქართულ მოდგმაშია „დამარხული“, და ეს ჯერ კიდევ პრეისტორიული ხანიდან იღებს დასაბამს. ამდენად, „ყოველი საიდუმლო“ ქართულ ენაში, ქართველურ მოდგმაში, ქართულ კულტურაშია შემონახული. ამიტომაც არის ქართული ენა ლაზარე ყველა ენათა შორის; იგი პირველადი, მთავარი ენაა, ვითარცა ლაზარე იყო იესო ქრისტეს საყვარელი მოწაფე და მისი უახლოესი სულიერი მეგობარი, „რომელი უყვარდა იესოს“, იგი, ამავე დროს, იყო „ძეობილი ღვთისმშობლისა, ისევე როგორც საქართველოა ღვთისმშობლის წილხვდომილი“.
და, აი, ქვეყნად მოვიდა იესო ქრისტე, დადგა ქრისტიანული ერა, რის შედეგადაც აღორძინებისა და კვლავაღდგინების დიდი სტიმული მიეცა იმ ენებს, ერებსა და ადამიანებს, რომლებიც უსამართლოდ იქნენ დამდაბლებული და დაწუნებული. ქართველი ერის წინა ისტორიაც ამ უსამართლო დამდაბლებისა და დაწუნების ამბავს მოიცავს და მას ქრისტეს მაგალითზე ეძლევა თავად მაცხოვრის იმპულსი, ლაზარეს მსგავსად იქნეს აღდგინებული: „აი, რატომ ჰქვია ქართულ ენას ლაზარე სახარებასა შინა!“. ამდენად, ქართული მოდგმის უმთავრესი მისია იესოს რწმენის გათავისება და მისი გაშინაგანებაა.
როცა ზვიად გამსახურდია საქართველოს ამ ისტორიულსა და სულიერ მისიას აყალიბებდა, ცხადია, მას მხედველობაში ჰქონდა თავისი მრავალჭირნახული სამშობლოს მომავალი ბედ-იღბალი. იგი დიდი იმედით წერდა ამ სტრიქონებს, იმ იმედით, რომ საქართველო თავს დააღწევდა გარეშე მტერთაგან, დიდ იმპერიათაგან ჩაგვრასა და შევიწროებას. თუმცა, ეს იოლი ამბავი როდია, ამისთვის თავდადება და ხშირად თავგანწირვაცაა საჭირო! შემთხვევითი არც ის არის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი სწორედ თავისი სამშობლოს სიყვარულისა და მსახურების გამო შეიქნა დევნილი, ტანჯული და წამებული. მართალია, თავისი ამ მძიმე ხვედრით საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახდა მარტვილი, მაგრამ ამავე ხვედრით იგი გახდა ალამდარი, მედროშე და მებაირაღე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და თავდადებისა. შეიძლება ითქვას, რომ თავად ზვიად გამსახურდიას ცხოვრება და მოღვაწეობა ერთგვარი შინაგანი გამოძახილია მართალი ლაზარეს მაცხონებელი რწმენისა.
მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების გახსენება, ამ სასწაულის განსაკუთრებული სულიერი, მისტიური და ესქატოლოგიური მნიშვნელობა, ჩვენ გვაძლიერებს მაცხოვნებელ რწმენაში შემოქმედი ღმერთის მიმართ, უხვად აღგვავსებს სულიერი ძალებით და გვამხნევებს ჩვენს წინაშე არსებული ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევის გზაზე.
ღმერთს ვავედრებთ ზვიად გამსახურდიას უკვდავ სულს და ვლოცულობთ ყოველთა საუკუნითგან აღსრულებულთა მამულიშვილთათვის!
ღვთის წინაშე მუხლმოდრეკილნი ვლოცულობთ ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის!
დაე, ზეგარდამო მადლი და ყოველთა წმიდანთა ლოცვა შეეწეოდეს და იფარავდეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ღვთივკურთხეულ სამწყსოს ყოველსა ქვეყანასა ზედა!
ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი,
ამისთჳსცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო,
რომლისათჳს ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი,
შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი:
ოსანნა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა. (დღესასწაულის ტროპარი).
ჩვენთან არს ღმერთი!
გრიგოლიფ
ოთისა და ხობის მიტროპოლიტი
27 აპრილი, 2024.