„გამოწვევები ბევრია, ყოველი წელი კი - სიახლეებით და იმედებით სავსე“

 

ნომრის სტუმარია ეკა ხასია ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორი.

    ქალბატონო ეკა, პედაგოგთა ოჯახის შთამომავალი ბრძანდებით, დედის, ქალბატონ კლავდია ხარებავას კვალს გაუყევით. კარგად მახსოვს თქვენი სკოლაში მასწავლებლობის პირველი ნაბიჯები. როგორ დაგამახსოვრდათ N2 საშუალო სკოლის თქვენი პირველკლასელები და მათთან ურთიერთობები?..

    -მასწავლებლობით დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები ჩემს მშობლიურ, ხობისN2 საშუალო სკოლაში, სადაც მოსწავლეობის ლამაზი და შინაარსიანი წლები გავატარე. რა თქმა უნდა, ჩემი პროფესიის არჩევაში უდიდესი წვლილი ოჯახს, დედას და იმ ადამიანებს მიუძღვით, ვისაც დიდ პატივს ვცემდი და ჩემთვის სამაგალითოები იყვნენ. თუმცა, სანათესაოში მეტი წილი მათემატიკოსები და ფილოლოგები მყავდა, ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სპეციალობის არჩევა, ამ საქმისადმი უსაზღვრო სიყვარული აწგარდაცვლილი, საოცარი და გამორჩეული პედაგოგის, ჩემი პირველი მასწავლებლის, დინარი ლომაიას დამსახურებაა. 

    ჩემი აზრით, დიდი პატივი და უდიდესი პასუხიმგებლობაა იყო მასწავლებელი, დღემდე მომყვება მასწავლებლობის, ჩემს პირველკლასელებთან შეხვედრის საოცარი შეგრძნება, ემოცია და შთაბეჭდილებები... ისინი განსაკუთრებულები და გამორჩეულები იყვნენ. მეც მათთან ერთად ვიზრდებოდი... ეს ურთიერთობები წლების შემდეგაც გრძელდება... ვამაყობ ჩემი აღზრდილებით...

    დედაქალაქში იღვაწეთ, იქ განაგრძეთ პედაგოგიური საქმიანობა. რომელ სკოლაში ასწავლიდით, რამდენი წელი დაყავით იქ, თბილისში ბავშვებთან გატარებულ წლებზე რას იტყვით? განსხვავებული იყო ეს ურთიერთოები? რამდენად მნიშვნელოვანია იგი თქვენს ცხოვრებაში?

    12 წელი კერძო სკოლა ,,ჯი-ელ-სის“ დაწყებითი კლასების მასწავლებლად ვიმუშავე.  არ ვუშინდებოდი სიახლეებს და გამოწვევებს, მოსწავლეებისთვის ვიყავი ავტორიტეტი. სწორედ, ჩემი კარგი მოსწავლეები სტიმულს მაძლევდნენ, რომ ჩამოვყალიბებულვიყავი კარგ პედაგოგად. ქედმაღლობაში თუ არ ჩამითვლით, ვიტყვი, რომ ჩემი მოსწავლეები გამოირჩეოდნენ დისციპლინით, ცოდნის მაღალი დონითა და წიგნიერებით.    

    დედაქალაქსა და რაიონში მცხოვრები მოსწავლეები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან. თბილისელ ბავშვებს მეტი საშუალება აქვთ ახლოს შეიცნონ კულტურული სიახლეები. დადიან თეატრებში პრემიერებზე, საგამოფენო დარბაზებში, ზოოპარკში, ცირკში.... თუმცა, დღეს თანამედროვე ტექნოლოგიები ამ სიახლეების გაზიარების საშუალებას რაიონის მოსწავლეებსაც აძლევს. 

    ჩემს ცხოვრებაში თბილისში გატარებული წლები ტკბილ მოგონებად დამრჩება.   საოცარად გამორჩეული ბავშვებით, თანამშრომლებით, მშობლებით, რომლებთანაც დღესაც ვურთიერთობ...

    ეკა, ვიცი ბავშვები ძალიან გიყვართ. გხიბლავთ მათთან ურთიერთობები. ხართ მოსიყვარულე, მომთმენი, თავშეკავებული, ნიჭიერი ადამიანი. რა არის თქვენი ენერგიის წყარო?

 ვთვლი, რომ სამყაროს სიყვარული ასულდგმულებს. ჩემი ენერგიის წყაროც - სიყვარულია, ზოგადად, სიყვარული ყველას და ყველაფრის მიმართ, ურომლისოდაც ვერაფერს შეეჭიდები...

    ჩემი სამსახური დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს.  ბევრჯერ მიფიქრია ამ სირთულეზე, მაგრამ ყოველთვის მოსულა ახალი დღის ახლიდან დაწყების მიზეზი. ყოველ დღეს ახალი შესაძლებლობები და იმედები მოაქვს. ამიტომ დილას მადლიერებით ვიწყებ და ახალი ენერგიით ვივსები. ამ ენერგიას ბავშვები და საქმის ერთგულება ჰქვია. 

    წლებია, ხობს დაუბრუნდით, კვლავ ბავშვებთან ურთიერთობთ თუმცა სხვა რანგში. მართალია, არ ასწავლით, მაგრამ ვისზედაც პასუხსმგებლობას იღებთ, მათზე ზრუნვა და ყურადღება მაქსიმუმს აღწევს?

-ვთვლი, რომ ვემსახურები ყველაზე წმინდას, ყველაზე უმთავრესს, რასაც პატარებზე ზრუნვა ჰქვია. სხვაგვარად არც შეიძლება, სკოლამდელი თაობა უფრო მეტ ზრუნვასა და  ყურადღებას მოითხოვს. გაკეთებული არასდროს არის საკმარისი, მაგრამ ვცდილობთ,  არაფერი მოაკლდეთ... საქმე ბევრია... სწორად თქვა პედაგოგმა გაბრიელა მისტრალიმ ,,უამრავი აუცილებელი რამ მოიცდის ბავშვის გარდა, რადგან სწორედ ამ წამს ყალიბდება მისი ძვლები, მისი სისხლი. მისთვის პასუხი ვერ იქნება ,,ხვალ“, მისი  პასუხია ,,დღეს“. 

ძალიან ცნობადი სახე ბრძანდებით, გვიამბეთ თქვენს სამსახურზე...

-პირველ რიგში, საჯაროდ მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ხუთი წლის  წინ, ამ რთულ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმადგინეს, მხარი დამიჭირეს და მომცეს  საშუალება ჩემი თავი ამ  ურთულეს საქმეში გამომეცადა. ვემადლიერები ყველა ჩემს წინამორბედს, ვინც თავისი წილი აგური დადო  სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების მშენებლობისთვის. დიდია მათი წვლილი იმაში, რომ დღეს ეს გაერთიანება ასეთი წარმატებულია... 

    მეტად რთული და საპასუხისმგებლოა ხელმძღვანელობდე ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებას“, რომელსაც მეტად მრავალფეროვანი ფუნქცია აკისრია. როგორიცაა, სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აღზრდა და სკოლისათვის მომზადება;  სწავლების შესაბამისი პროგრამების შემუშავება; კანონმდებლობით დადგენილი ნორმის ფარგლებში ბავშვთა სრულფასოვანი კვების ორგანიზება; პერსონალის პროფესიულ გადამზადებაზე ზრუნვა;  დახმარების გაწევა დაქვემდებარებაში არსებული სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის, მათი მუშაობის ხარისხზე ზრუნვა... ყოველი დილა 25 საბავშვო ბაღის მოკითხვა-მიმოხილვით იწყება. ყოველ დღეს ახალ-ახალი პრობლემები, გამოწვევები და წარმატებები მოაქვს...  

    ქალბატონო ეკა, როგორ ფიქრობთ, ადამიანებთან დადებით ურთიერთობებს, კეთილგანწყობას და სიმპათიას ადვილად იმსახურებთ? როგორ?

-ყოველთვის ვარ გულწრფელი და ბუნებრივი, მიყვარს ადამიანები და ვცდილობ, მათში მხოლოდ კარგი მხარე დავინახო, ყველას გავუგო და მოვექცე ისე, როგორც მე მინდა მექცეოდნენ. ამიტომ ვფიქრობ, კეთილგანწყობა და სიყვარული არ მაკლია, ამას ყოველდღე ვგრძნობ ადამიანებთან ურთიერთობისას...

    რა ხდება დღეს საბავშვო ბაგა-ბაღებში? რა სიახლეები  დაინერგა წინა წელს, დღეს და ხვალ რა იქნება? რამდენი აღსაზრდელია ხობის სკოლამდელ დაწესებულებებში?

-სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ცხოვრება ყოველდღიური რუტინის მიუხედავად,  არასდროს არის მშვიდი და ერთფეროვანი...

ბავშვები იზრდებიან, ვითარდებიან, იძენენ უნარ-ჩვევებს და ემზადებიან სკოლაში წასასვლელად.

    ადგილობრივი მთავრობის ხელშეწყობით, საბავშვო ბაღებში სურსათის უვნებლობის სამსახურის რეკომენდაციების შესაბამისად, ჩატარდა შიდა სარემონტო სამუშაოები, მოეწყო ეზოს სათამაშო სივრცეები, გადაიხურა ქარისგან დაზიანებული შენობები, შემოიღობა საბავშვო ბაღების ეზოები...   

    წელს საბავშვო ბაღებში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება. ქვეყნის მასშტაბით გათვალისწინებული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში ხამისკურის, ნიჯიხევის N2 და საჯიჯაოს საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდება და ეს იქნება ავტორიზაციის წარმატებით გავლის წინაპირობა. საბავშვო ბაღებში ავტორიზაციის პროცესი დაწყებულია. ამ პროცესის ფარგლებში, პირველი ეტაპი, თვითშეფასების კითხვარების შევსება დასრულებულია. სრულად გადამზადებულია საბავშვო ბაღების აღმზრდელ-მასწავლებლები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ,,აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის“ მიხედვით. დაგეგმილი გვაქვს მთავარი სპეციალისტებისა და აღმზრდელის თანაშემწეების გადამზადება.

    ეს წელი პროდუქტიული იყო ტრენინგებით. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხობის რაიონული ორგანიზაციის დაფინანსებით, ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებული პროფკავშირში გაერთიანებული წევრებისთვის სხვადასხვა თემებზე ჩატარდა არაერთი მნიშვნელოვანი  ტრენინგი. პროფესიული ზრდა-განვითარება  გრძელდება. ამ სასწავლო წელსაც საბავშვო ბაღის თანამშრომლებისთვის დაგეგმილი გვაქვს  საჭირო და აუცილებელი ტრენინგები. შესაბამისად გაგრძელდება თანამშრომლობა სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებასა და სპმთპ-ს შორის, რისთვისაც უდიდეს მადლიერებას გამოვხატავთ ამ ორგანიზაციის თავმჯდომარის, ქალბატონ ლალი ჩიტაიას მიმართ. 

სამწუხაროდ, ყოველწლიურად აღსაზრდელთა რაოდენობა მკვეთრად მცირდება, რაც ჩვენი დიდი გულისტკივილია. ამ დროისთვის სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებაში დარეგისტრირებულია 800-ზე მეტი აღსაზრდელი. სასწავლო მიზნებიდან და ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, მათთვის ხორციელდებოდა და წარმატებით ხორციელდება შთამბეჭდავი პროექტები. 

    გამოწვევა ბევრია...   ყოველი წელი კი - სიახლეებით და იმედებით სავსე...

გაერთიანებაში მომუშავე ადამიანებზე რას იტყვით, როგორ ურთიერთობთ, ერთი შეკრული გუნდი ხართ?

_ნამდვილად, ერთი შეკრული გუნდი ვართ. თითქმის ერთი ოჯახი. მეამაყება და მეიმედება ჩემი ერთგული და ძლიერი გუნდი. ეს არ არის მხოლოდ თანამშრომელთა კოლექტივი, ეს ჩემი დიდი სამეგობრო წრეა. თავის საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული, მეგობრული, სიყვარულით სავსე ადამიანებით დაკომპლექტებული. ერთმანეთის თანადგომითა და სიყვარულით ვაკეთებთ საერთო საქმეს. ხელიხელჩაჭიდებულები მოვდივართ და ვქმნით სკოლამდელების ისტორიას. ერთობით და ერთმანეთის გვერდში დგომით კი ყველაფერი მიღწევადია. ჩვენი დევიზიც სწორედ ჩვენი ერთიანობის სიმბოლოა ,,ჩვენ ერთი გუნდი ვართ!“

,,მადლობა“ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვაა ჩემთვის, კეთილ საქმეებს მოსდევს ეს სიტყვა და, მიყვარს განსაკუთრებულად... 

არ მინდა ეს შესაძლებლობაც  ხელიდან გავუშვა და თქვენი გაზეთის საშუალებითაც მინდა მოვეფერო და უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩვენი საოცარი გუნდის თითოეულ წევრს ყოველი დღისთვის, დაუღალავი შრომისთვის, გამძლეობისთვის, მომავალი თანამშრომლობისთვის!  

ეკა! თქვენს დადებით და უარყოფით თვისებებზეც გვიამბეთ, პატიება შეგიძლიათ, თუ გიჭირთ? ბოდიშის მოხდა გძალუძთ?

_რთულია საკუთარ თავზე საუბარი, ჩემს დადებით თვისებებზე - განსაკუთრებით მიჭირს, ვფიქრობ ამაზე სხვამ უნდა ისაუბროს. ჩემი ხასიათის შტრიხების დადებითი კუთხით აღქმისთვის უპირველესად მადლობა თქვენ! ჩემი ნაკლი ალბათ ის არის, რომ  ადამიანებს ადვილად ვენდობი.  არ ვარ მკაცრი ხელმძღვანელი. ეს შეიძლება ზოგიერთებმა სისუსტედ და ნაკლად ჩამითვალონ, მაგრამ მე ვთვლი, რომ ლმობიერებითა და თანამშრომლებთან მეგობრული დამოკიდებულებით საქმე უფრო გულიანად და სიყვარულით კეთდება... მეც ერთერთი მოკვდავთაგანი ვარ, ვისაც უხარია და სწყინს... შეცდობების გარეშე ჩემი აზრით, არ არსებობენ ადამიანები, მთავარია, შეგნებულად არ შესცოდო... ბესიკ ხარანაულს დავესესხები: ,,მე სიყვარულით ვივლი და შემეშველება უფალი...“

საოცარი კვირა იყო, მიტევების კვირა... ღმერთმა შეგვინდოს ყოველი შეცოდებანი ჩვენნი...

ოპტიმისტი ხართ?

-დიახ, ოპტიმისტი ვარ. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება... მთავარია, იბრძოლო, არ დანებდე და გჯეროდეს, რომ ყველაფერი კარგი, ჯერ კიდევ წინ არის!.. 

გაგაჩნიათ თუ არა ინტერესი იმ სფეროს მიმართ, რომელსაც ჰოროსკოპი ქვია? გჯერათ?

-მე მორწმუნე, ღვთისმოშიში ადამიანი ვარ და ჰოროსკოპების არ მჯერა. ეს უფრო გასართობი თემაა, ვიდრე მნიშვნელოვანი. მწამს მხოლოდ უფლის და მადლობელი ვარ მისი. 


დაგემშვიდობებით. წარმატებები პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

გმადლობთ ინტერვიუსთვის.
ესაუბრა ნანი კილასონია.

გაზეთი „ხობის მოამბე“ 29 მარტი (#4) 2024 წელი