ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, საზოგადოების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ქალაქ ხობში, სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებულთა მემორიალი და ხეთაში - 9 აპრილს დაღუპული ნათია ბაშალეიშვილის სახელობის წყარო ყვავილებით შეამკეს.
9 აპრილის პარკში ხობის წმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა კირიონ დარასელიამ სამშობლოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის თავდადებულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
9 აპრილი თანამედროვე საქართველოს ისტორიის ორ მნიშვნელოვან თარიღს - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეს აერთიანებს.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 მოქალაქე დაიღუპა ხოლო ასობით ადამიანი დაშავდა. 1989 წლის 9 აპრილიდან ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.