„2023 ნამდვილად გამორჩეული წელი ჩემთვის!“

 

დღევანდელი ნომრის სტუმარია: ლანა გვასალია_ხობის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის ურბანული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მარვის განყოფილების უფროსი.

ქალბატონო ლანა! უპირველესად მოგმართავთ ტრადიციული კითხვით, ვინ არის ლანა გვასალია?
    -მოგესალმებით. მადლობას გიხდით ჩემი პიროვნებით დაინტერესებისთვის.
    დავიბადე და გავიზარდე ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში, დავამთავრე ხამისკურის საჯარო სკოლა, შემდეგ კი სწავლა გავაგრძელე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. სწავლის დასრულების შემდეგ, დავუბრუნდი მშობლიურ ხობს, რათა ჩემი უნარებისა და შეძენილი განათლების რეალიზება საკუთარ მუნიციპალიტეტში მომეხდინა.
    გვიპასუხეთ, როგორი ბავშვობა გქონდათ, როგორ გარემოში იზრდებოდით. რა დაგამახსოვრდათ განსაკუთრებით ბავშვობის წლებიდან?
    -მე გასული საუკუნის 90-იანი წლების ბავშვი ვარ, იმ ეპოქის, როდესაც ქვეყანაში თითქმის ყველას ერთნაირად გვციოდა, გვშიოდა, გვიხაროდა თუ გვწყინდა. ბევრი ტკბილი მოგონება მაქვს. მაშინ, ბავშვობას სხვა ფერი ჰქონდა, გულუბრყვილო ბავშვები ვიყავით უბრალო სურვილებით...
    თქვენს მშობლებზე გვიამბეთ?
    -ჩემი მშობლებიც დაიბადნენ და გაიზარდნენ ხამისკურში. დედანანი პერტახია 30 წელი ემსახურა მუნიციპალიტეტს ჯანდაცვის მიმართულებით. იყო ხობის რაიონული საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილების ბებიაქალი. მამა ვახტანგი გვასალია, პროფესიით ეკონომისტი, ასევე წლების განმავლობაში მუშაობდა . ხობში, დაზღვევის ინსპექტორად. ამჟამად დაკავებულია საკუთარი მცირე ბიზნესით, ხოლო დედა დიასახლისია და ჩემი შვილების საუკეთესო აღმზრდელი. სამწუხაროდ, დედისერთა ვარ და დაძმის ყოლის ბედნიერების განცდა აუხდენელ ოცნებად დამრჩა.
    ქალბატონო, ლანა! სად და როდის გაიცანით თქვენი მეუღლე, რა არის პირადი ბედნიერება?
    -ჩემი მეუღლე გიორგი დარჩია წარმოშობით ოზურგეთის რაიონის სოფელ ჯუმათიდანაა. მამის ნაადრევად გარდაცვალების შემდგომ, იზრდებოდა დედასთან . ბორჯომში.  ერთმანეთი კი თბილისში, სტუდენტობის წლებში გავიცანით. მალევე შევქმენით ოჯახი 2012 წელს და მივიღეთ ხობში ცხოვრების გადაწყვეტილება.
    გიორგი ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულსაგანმანათლებლო ცენტრში მუშაობს, არის ანსამბლ ,,კოლხეთისვოკალისტი, ასევე ხობის კულტურის ცენტრთან არსებული კვარტეტის ,,ხობიხელმძღვანელი; ზუგდიდის კულტურის სახლთან არსებული ბენდის ,,ბოლო ოთახიწევრი; ზუგდიდის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების მეორე სამუსიკო სკოლის ილუსტრატორი.
     ჩემთვის პირადი ბედნიერება არის სიმშვიდე და სიყვარული ოჯახში, სადაც ყველა ერთმანეთის ბედნიერებისთვის ზრუნავს.
    ლანა, ვიცი 2 შვილის დედა ბრძანდებით. მესამის მოლოდინში ხართ. იცით ვინ დაიბადება?
    უფროსი შვილი შიო, . ხობის კერძო სკოლა ,,არეა მე-4 კლასის მოსწავლეა, ხოლო უმცროსი ქალიშვილი ანა ჯერ მხოლოდ 1 წლის და 8 თვისაა. შიო . ხობის N 2 საბავშვო ბაგაბაღის აღსაზრდელი იყო და იქ ნამდვილად ზღაპრული წლები გაატარა, აღმზრდელ მასწავლებელთა წყალობით, ანაც ამავე ბაღის აღსაზრდელი გახდება მომავალი წლიდან. მესამე შვილის დაბადებას მოუთმენლად ველით, ღვთის წყალობით, აპრილის თვეში კიდევ ერთი ბედნიერება პატარა ბიჭუნა შეემატება ჩვენს ოჯახს.

ლანა, სანამ პროფესიას დაეუფლებოდით, რა იყო თქვენი ინტერესის სფერო, დღეს რა არის?
    -დაწყებით კლასებში მყავდა საოცარი დამრიგებელი სულმნათი მზიური სართანია, რომელსაც იმდენად დადებითი გავლენა ჰქონდა ჩემზე ვფიქრობდი, რომ გავიზრდებოდი, აუცილებლად მასწავლებელი უნდა გავმხდარვიყავი. უფროს კლასებში შემეცვალა ინტერესის სფერო და საბოლოოდ მივიღე ბიზნესის ადმინისტრირების შესწავლის გადაწყვეტილება.
    დღეს, ჩემი სამსახურებრივი სფეროდან გამომდინარე, ძალიან ვარ დაინტერესებული ინფრასტრუქტურით, არქიტექტურით, სულ სხვა თვალსაწიერი გაიშალა ჩემს წინაშე, ძალიან საინტერესო, ამოუწურავი მიმართულება, ფუნდამენტური  საშუალებები და სისტემა, რომელიც ემსახურება ქვეყანას, მუნიციპალიტეტს, რომლებიც აუცილებელია საზოგადოების ცხოვრების პირობების გასააქტიურებლად და გასაუმჯობესებლად.
    როგორ დაიწყო თქვენი სამსახურებრივი გზის პირველი ნაბიჯები? სად და რაზე დაიწყეთ მუშაობა და როგორ  მართეთ თავი, რამდენი წელი იმუშავეთ პირველ სამსახურში?
    -პირველი სამსახური იყო საბანკო სფეროში, 2014 წლიდან სულ რამდენიმე თვე, თუმცა იქ ვერ ვიპოვე საკუთარი თავი და მალევე მივიღე წამოსვლის გადაწყვეტილება. 2015 წელს  გამოცხადდა ვაკანსია ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებაში, შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შემდეგ, ამიყვანეს წამყვან სპეციალისტად საარქივო საქმისწარმოების საკითხებში. ამ სამსახურში ვიმუშავე დაახლოებით 1 წელი, შემდეგ გადამიყვანეს ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის ურბანული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილებაში, წამყვან სპეციალისტად. 2021 წლამდე ვიმუშავე სპეციალისტის პოზიციაზე, 2021 წლიდან 2024 წლამდე ვასრულებდი განყოფილების უფროსის მოვალეობას, 2023 წლის 1 იანვრიდან უკვე დავინიშნე განყოფილების უფროსად.
    მიმდინარე წელი ფეხბედნიერი აღმოჩნდა თქვენთვის. მესამე შვილის მოლოდინი, ახალი, მნიშვნელოვანი სამსახური. გილოცავთ დაწინაურებას.
    თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ხელმძღვანელი?
    -დიახ, ეს თვეები ნამდვილად გამორჩეული იყო ჩემთვის, სამსახურში მნიშვნელოვან კარიერულ წინსვლას მივაღწიე, აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც გარკვეულწილად ხელი შეუწყო ჩემს ამ წარმატებას. ხელმძღვანელ პირებს, რომელთაც სწორად შეაფასეს ჩემი როლი ამ სამსახურში და მომცეს შესაძლებლობა, მენეჯერის პოზიციით გამეგრძელებინა საქმიანობა. ვცდილობ, მათგან მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით ვიურთიერთო თანამშრომლებთან. მოგეხსენებათ,  ყველა დაწესებულებისთვის წარმატების საზომი კარგი თანამშრომელია, მათი პროდუქტიულობისთვის კი კომფორტული გარემო საკმაოდ მნიშვნელოვანია. უდიდესია ხელმძღვანელის როლი, ყველა მიღებულ გადაწყვეტილებაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იყოს თანამშრომელთა ინტერესები. ჩემი აზრით, ადამიანურ, უბრალო და გულწრფელ ურთიერთობებს ვერაფერი ჩაანაცვლებს და წარმატებაც გარდაუვალი იქნება. კარიერული წინსვლის სიხარულს დაერთო განუზომელი სიხარული მესამე შვილის მოლოდინისა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ამ წლის მნიშვნელობა ჩემს ცხოვრებაში.
    ალბათ ყოველი დღე დამღლელია თქვენთვის, ახლა მით უფრო... როგორია მეუღლის, ბატონი გიორგის როლი ბავშვების აღზრდაში. კიდევ ვინ გეხმარებათ?
    -საბედნიეროდ, გიორგის ჩემთან შედარებით თავისუფალი სამუშაო გრაფიკი აქვს, ამიტომაც თავისი დროის უმეტეს ნაწილს შვილებთან ატარებს, ასევე, განუსაზღვრელია ჩემი მშობლების როლი ბავშვების აღზრდაში. ეს არის ჩემი სიმშვიდის გარანტი.
    ქალბატონო ლანა, ვინ არიან ის ადამიანები, რომელთა აზრი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია?
    -როდესაც რაიმე  გადაწყვეტილების მიღება მიწევს, აუცილებლად ვუსმენ ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანებს, ძირითადად ჩემი ოჯახის წევრებს, ვაანალიზებ მათ რჩევებს,  თუმცა, საბოლოოდ, მაინც დამოუკიდებლად ვიღებ გადაწყვეტილებას, რადგან ვფიქრობ, საუკეთესო მრჩეველი ყველა საკითხში საკუთარი თავია.
    ყველაზე მნიშვნელოვანი და სასურველი საჩუქარი რა მიგიღიათ ცხოვრების მანძილზე?
    -ყველაზე დიდი საჩუქარი მივიღე უფლისგან 2014 წლის 22 მაისს შიოს და 2022 წლის 9 ივნისს ანას სახით. ახლა აპრილში კიდევ ერთხელ დამასაჩუქრებს უფალი, მათზე ღირებული და მნიშვნელოვანი საჩუქარი არ არსებობს.
    თქვენთვის რომელი ქვეყანა, საქართველოს რომელი კუთხე ან ადგილია შთამბეჭდავი?
    -ძალიან მიყვარს ჩვენი ქვეყანა. კონკრეტულად ვერ გამოვარჩევ მის რომელიმე კუთხეს, რადგან ყველა მათგანს განსაკუთრებული ხიბლი აქვს, სადაც საქართველოა, ყველგან სიყვარულია.
    ადამიანებთან კომუნიკაციას მალევე ახერხებთ? ეს ძალზე დადებითი თვისებაა. ურთიერთობებს რა ნიშნით აფასებთ?
    -ბავშვობიდან ძალიან კომუნიკაბელური ვარ, ვერ ვურთიერთობ ჩაკეტილ, სიტყვაძუნწ ადამიანებთან. ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა საუბარი საინტერესო თანამოსაუბრესთან. მიყვარს ცხოვრება და მისი ნათელი ფერები. გულღია, წრფელი ურთიერთობები, სადაც ადგილი არ რჩება უარყოფითისთვის.
    მიხარია, რომ გიცნობთ. ახლა ისღა დამრჩენია, მომავალი წარმატებები, გაზაფხულის დღესასწაულები მოგილოცოთ და გისურვოთ, ლამაზი და ბედნიერი დღეები გაგიმრავლდეთ.
    კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, ვგონებ საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა. გისურვებთ წარმატებებს და ბევრ ერთგულ მკითხველს!
    თქვენ და ყველა ქალბატონს გილოცავთ დედისა და ქალის დღესასწაულებს. 

 ესაუბრა ნანი კილასონია
გაზეთი „ხობის მოამბე“ #3 მარტი 2024 წელი