ჩვენი ავთულია


                                                               

ავთო ახალაია გამახსენდა, ბუნებისგან დაჩაგრული ავთულია, კეთილი, მუდამ ღიმილიანი და ყველას მიმართ სიყვარულით განწყობილი კაცი. ადრე წავიდა, დედის მოულოდნელად გარდაცვალებამ გაანადგურა და დააჩიავა, სულმნათი. ნაპატიევი, ჩასუქებულ- ჩაბრაწუნებული, სუფთად ჩაცმულ- გამოწკეპილი  ჩვენი ავთო დედის მერე წყვდიადში მოექცა, ვერავინ და არავინ მოიცალა მის საპატივცემლოდ თუ მისახედად, თავად კიდევ ვერ მოუარა თავს და გამოხმა, ჩამოდნა, ჩამოიძენძა და გულმიუვალი გახდა. კი, უყვარდათ, ეფერებოდნენ, ხურდებითა თუ რაღაც- რაღაცეებით ეხმარებოდნენ, მაგრამ პეწ- დაკარგულ და ტუპერკულოზშეყრილს ერიდებოდნენ სიახლოვისთვის და დისტანციას იცავდნენ. სხვები ეგრე იქცეოდნენ, მეც ეგრე ვიყავი... ახლა ვნანობ! ეჰ, რა დროსია!.. ავთულიამ ცეცხლიც წაუკიდა თავის კოხტა, პატარა, კოინდრებზე შემოსკუპებულ ოდას, თვითონ გადარჩა,  უფალს კი დაუნთო სინანულისა თუ ტკივილის უშველებელი სანთელი.

   ავთო თავიდან ჩემი კლასელი იყო, დედისერთას და გონებრივად შეზღუდულს უმამოდ ზრდიდნენ დედა და ბებია, ნანი-ნანატრ პირმშოს, რომ იტყვიან - ჩიტის რძესაც არ აკლებდნენ. ავთულია გახლდათ მათი მზეცა და მთვარეც. ლოყებდაბუშტული და გახუსხუსებული ხონთქრის ვაჟივით მძიმედ და ღიმილიანად დაიარებოდა. ჩვენი დაწყებითი კლასების მასწავლებელი, უბრწყინვალესი ადამიანი, სულმნათი თამარ თოდუა  ყველას, მაგრამ ავთოს მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებულად ეპყრობოდა, მაგრამ იძულებული გახდა საგნების ვერმოსწრების გამო კლასში ჩაეტოვებინა, იქნებ მომავალ წელს აუღოს ალღო სწავლასო. ასე გახდა ავთო ჩემი უმცროსი დის -  ირმას თანაკლასელი. 

დაჰყავდათ დედას და ბებიას მონაცვლეობით თავიანთი მზეჭაბუკი სკოლაში, მაგრამ აუცილებლობიდან გამომდინარე, დირექტორის - დიდებული ქალბატონის ალექსანდრა ბერაიასა და სასწავლო ნაწილის გამგის, ასევე გამორჩეული პედაგოგის ლამარა ბუსქანძის რეკომენდაციით სპეციალიზებულ სკოლა - ინტერნატში გაამწესეს. იმ სასწავლებელმა ჩვენს ავთულიას რა შესძინა და რა არა, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ სიყვარულისა და სიკეთის მხრივ რომ არაფერი დაჰკლებია, ნამდვილად ვიცი.

   ერთი პერიოდი ქართული ხალხური ცეკვების შემსწავლელ სტუდიაში დავდიოდი, ჩვენი ქალაქის კოლორიტის, ჩვენი „ილიკოს“ - თენგიზ  ჩიტაიას ჯგუფში. ბებიამ და დედამ ავთულიაც  მოიყვანეს ცეკვის შესასწავლად, ქალბატონმა ბებიამ განაცხადა, ვგიჟდები ბიჭი რომ ხელებს გაშლის და წრეს დაარტყამს გამომწვევად იმაზე და ჩემი შვილიშვილი მოცეკვავე უნდა გამოვიდეს, ამ მოხუცებულობაში გული უნდა გამიხაროსო. მაგრამ  არ გამოუვიდა ბებიის გულის კოკობს არაფერი და სანამ გულფიცხი „ილიკო“ თხისტყავა დოლს წამოაცვამდა თავზე, მანამდე უშველეს და გაიყვანეს ჯგუფიდან. კულისებსა და მიწეულ, თვალმიმალულ ადგილებში ბებიასა და შვილისვილის წავარჯიშებას არაერთხელ შევსწრებივარ. ახლაც თვალწინ მიდგას მოხუცი ქალის წელმოხრილად ტრიალი და გაშლილი ხელებით ხმათბილი წამოძახილები: ასე, ბები, ისე ბებია შემოგევლოს, ჰაიტ, აგრე, ჰუიტ, იგრე, მიდი ავთო, მოდი ავთო... - არ გამოუვიდა თეთრთმება ბებიას არაფერი ამ მხრივაც, მაგრამ ავთო გამოსული იყო უკვე - სამეგობროდ და საკეთილოდ. რამხელაც იყო, იმოდენა გული უძგერდა ფითქინა  მკერდში და აფრქვევდა განუზომელ სიყვარულს, ამიტომაც უყვარდათ, ენდობოდნენ, ეფერებოდნენ და გადიოდა დრო, ავთულიას წლები და გარშემომყოფთა სიყვარული ემატებოდა.

   უღიმილო და მოჩხუბარი არავის უნახავს, ზღაპრიდან გადმოსულ კეთილ გმირს ჰგავდა, ბუნჩულასა და დარდუკარებას. არადა, სევდიანი იყო, ძალიან სევდიანი და მიღმიური, ღრმა და მრავლისთქმელი შეუცნობელი ფიქრებით მოსილი.

   ავთულიას გარდაცვალება რომ შევიტყვე, გული დამემდუღრა, ყელში ცრემლბურთი გამეჩხირა და კინაღამ დამახრჩო. ბევრი რამ დამიდგა თვალწინ, ცნობიერებიდან ამომიცურდნენ ათასი რამეები, რომელიც წარსულია ჩემი პატარა და ლამაზი ქალაქისა და რომელიც აყალიბებდა სახეს იმ თითქოს არაფრით გამორჩეულ, მაგრამ ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანსა და დაუვიწყარ სივრცეს. წავიდა ავთულია, ისევე უხმაუროდ და გაკმენდილად, როგორადაც იცხოვრა და რითაც განსხვავდებოდა სხვისგან. ხო არიან ეგეთი განსხვავებული და დაჩაგრული ადამიანები, რომლებიც გიჟიანობით, უწმაწური სიტყვებით, სტიქიური გამოხტომებითა და მსგავსი რამეებით გამახსოვრებენ თავს.  აი, ავთულია კი, პირიქით, სიმშვიდით, ზრდილობითა  და პატიოსნებით შემოვიდა თითოეული ხობელის გულსა და გონში.

   ერთი ამბავი გამახსენდა, ავთო დროის უმეტეს ნაწილს   დალაქებთან ატარებდა. ზაფხულის ერთ ღურღულა  დღეს მკრიჭავს  ბუნჩულა და ტკბილკაცი  ნაპო მხეიძე და შეუჩნდა მეგონა სანაია ჩვენს გმირს, გინდა თუ არა მითხარი ვინაა შენი შეყვარებულიო. გაჯიქდა ავთო, არა, არ გეტყვით, არ შეიძლება გათხოვილია, შვილები ჰყავს, რუსეთში ცხოვრობს და ვერ გავამხელო. არ მოეშვა მეგონა პარიკმახერი და როცა გამოსავალი ვერ იპოვა განაცხადა: აგერ ლაშაა ჩემი ამხანაგი და მაგას ვეტყვი ყურშიო. კაი, ბატონოო, დასთანხმდა მოჩემარი დალაქი. მოვიდა ავთულია და ჩურჩულით ისეთი გოგო დამისახელა, კინაღამ სასულეში გადასხლტომილმა ნერწყვმა დამახრჩო, იმდროისთვის ოთხციფრა ტელეფონის ნომერიც მოაყოლა, არ ვიცი რის დასტურად - 20-2. კრინტი არ დამიძრავს, ვერც დალაქებმა შემომბედეს რამე, გაუკვირდათ ალბათ, ვინ უთხრა ამისთანა, რომ ფერი დაკარგა და ღიმილი გაუქრაო! ან როგორ დავასახელებდი იმ გოგონას სახელს, რომელსაც სანთელივით ვუფრთხილდებოდი მთელი ცხოვრება და მზედ ვსახავდი, რადგან ჩემი პირველი სიყვარული იყო.

  აქ კი, ჩემი მეტოქე გამოდგა, ჩვენი ავთულია... სხვას არა, მაგრამ იმ ჩვენს, ერთ დროს უკვე „საერთო“,  შეყვარებულს  ოდესმე თუ კი შევხვდი, აუცილებლად გავუმხელ ავთულიას გულისნადებს და ვთხოვ, მის სახელზე სანთლის დანთებას, შეყვარებულის სანთელი სხვაა მაინც, სხვანაირი ძალითა  და შეგრძნების ბრიალით!..

   ჰო, ერთ სიმღერას ღიღინებდა ავთულია სულ: „ ყვავილების ქვეყანა, ჩოქვით შემოვიარე, რომ მითხარი მოვალო, რატომ დაიგვიანე“?..

ლაშა  გვასალია
გაზეთი „ხობის მოამბე“ #2 თებერვალი 2024