წინათქმის მაგიერ
უფლის მადლობელი ვარ ჩემი პროფესიის გამო, რადგან საშუალება მეძლევა შევხვდე და ვესაუბრო ისეთ ადამიანებს, როგორიცაა ბატონი ნუგზარ ებანოიძე, აკადემიკოსი, პროფესორი, საქართველოს სუბტროპიკულ მეცნიერებათა დოქტორი, მეურნეობის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი.
სასიამოვნოდ მოსაუბრე, დიდი, ფუძემაგარი ოჯახის წინამძღოლი. მასთან საუბარი საინტერესო და ყურადსაღებია. ჩვენ იშვიათად გვაქვს ეს ფუფუნება...
საუბარი ,პოლიტიკის გარეშე" შედგა. ჩვენი გაზეთის ფორმატის გამო სრულად ქაღალდზე გადმოტანა ვერ მოვახერხე, მენანება ასე მგონია მკითხველს ბევრი რამ დავაკელი. ალბათ, მომიწევს ბატონ ნუგზარს სხვა დროსაც შევეხმიანო...
ბევრს ვერაფერს ვიყტყვი, ეს ორი ფრაზა ამეკვიატა საუბრის შემდეგ, კაცი დარბაისელი, უბრალოების და თავმდაბლობის მაგალითი.
დიდხანს იყავით ბატონო ნუგზარ ჩვენი ქვეყნის და ხობელების სასახელოდ. ბედნიერი ახალი წელი დამდგარიყოს თქვენი ოჯახისა და მონაგარისთვის, მათ სიყვარულს ამოევსოს და სიხარულად შეეცვალოს თქვენი გულისტკივილი.
დიდი მადლობა თქვენ, გულწრფელი საუბრისთვის.
მერი ლაგვილავა
ტრადიციისამებრ, ვინ არის ნუგზარ ებანოიძე?
-დავიბადე სამეგრელოს ერთ-ერთ ულამაზეს რაიონში, იმჟამინდელ სოფელ ჭიხუში (ამჟამად ქ. ხობი), მოსამსახურის ოჯახში.
დედა ვერა შუშანია ებანოიძე ღვაწლმოსილი პედაგოგი გახლდათ, მთელი ცხოვრება ემსახურებოდა ახალგაზრდობის აღზრდას, ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. მეამაყება, რომ დღემდე ახსოვთ ხობელებს, როგორც კეთილშობილი და მომთხოვნი მასწავლებელი.
მამა-ერმალოზ ებანოიძე იმერელი იყო, სპეციალობით ინჟინერი, 1937 წლიდან მუშაობდა ხობის რაიონში გზებისა და ხიდების მშენებლობაზე, სხვადასხვა დროს იყო კოლმეურნეობის თავმჯდომარე (საჯიჯაოსა და პირველ მაისში), რაიკავშირის თავმჯდომარე, ადგილობრივი მრეწველობის დირექტორი. სამამულო ომის პერიოდში კომისარიატში მუშაობდა, ხანდაზმული ხობელები დღემდე პატივისცემით იხსენებენ მის უანგარო სამსახურს და ხობელების მიმართ დიდ სიყვარულს.
ოჯახში ერთი და და სამი ვაჟი ვიზრდებოდით. რაკი მშობლები მსახურობდნენ ჩვენ გვზრდიდნენ დედაჩემის მშობლები კალისა ყურუა და არტემ შუშანია. მათ ბავშვობიდან შეგვაჩვიეს სოფლის გარემოს და შრომას. დედა გვიანობამდე გვამეცადინებდა, მამა გვიან მოდიოდა სამსახურიდან, ხშირად ცხენით და ეს იყო ჩვენი ზეიმი, რადგან ხშირად ცხენით გვასეირნებდა.
1950 წელს სწავლა დავიწყე ხობის საშუალო სკოლაში. მახსოვს ჩემი კეთილი და დარბაისელი მასწავლებლები.
1958 წლიდან სწავლა გავაგრძელე ქ. ფოთის საშუალო სკოლაში, რომელიც წარჩინებით დავამთავრე და სწავლა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში მექანიზაციის ფაკულტეტზე გავაგრძელე. მოვიხადე სამხედრო სავალდებულო სამსახური, უფროსი ლეიტენანტის წოდებით. დავბრუნდი და მუშაობა დავიწყე ხობის „საქსოფლტექნიკის" განყოფილებაში ინჟინრად, ახალი ტექნიკის დანერგვის დარგში. შემდეგ ვიყავი საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ასპირანტი.
1967 წელს, საქვეყნოდ ცნობილი ადამიანის ინსტიტუტის გენერალური კონსტრუქტორის, ჩაის საკრეფი მანქანა ,,საქართველოს" ავტორის, პროფესორ შალვა კერესელიძის თაოსნობით, სამუშაოდ გადამიყვანეს ქ. თბილისში უფროსი მეცნიერ მუშაკის და პროგნოზირების სექტორის უფროსად. შემდეგ იყო სამეცნიერო მუშაობა, დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია, ვმუშაობდი საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე. აფხაზეთში განვითარებული მოვლენების (რაც დღემდე მოუშუშებელ ტკივილად მომყვება), შემდეგ ინსტიტუტი ფუნქციონირებდა ქუთაისში და სხვადასხვა წლებში ვიყავი მექანიზაციის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, დეკანი.
2004 წელს მომენიჭა პროფესორის წოდება.
2005-2010 წლებში ვიყავი საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, შემდეგ ასაკის გამო (განათლების კანონის მიხედვით) იმავე უნივერსიტეტში ვმუშაობდი სრული პროფესორის და ემერიტუსის წოდებით.
2014 წლიდან დღემდე ვმუშობ ქ. თბილისში. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში აგროსაიჟინრო კვლევის სამსახურის უფროსად.
არჩეული ვარ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრად, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.
გამოქვეყნებული მაქვს 210 სამეცნიერო შრომა, მათ შორის: 5 მონოგრაფია, 2 სახელმძღვანელო, 27 გამოგონება და პატენტი. მთავრობის მიერ დაჯილდოებული ვარ ,ღირსების ორდენით".
მყავს მეუღლე ნანა ანთაძე, განათლებით მუსიკოსი, შვილები ერმალოზი ეკონომისტი, დავითი ინჟინერ ტექნოლოგი.
უმცროსმა ვაჟმა ზურაბმა დაამთავრა ორი უმაღლესი სასწავლებელი, იყო ასპირანტი, გამოქვეყნებული ჰქონდა სტატიები და გამოგონება პატენტი. იყო შეუპოვარი ალპინისტი, რასაც შეეწირა მისი სიცოცხლე, 2010 წელს ტრაგიკულად დაიღუპა ჭიუხის მთაში ქვათაცვენის დროს.
თურმე მწუხარებასაც გაძლება უნდა. ცხოვრებას ვაგრძელებ, მყავს შვილიშვილები, რომლებიც სტიმულს მაძლევენ. შეძლებისდაგვარად სოფელს ვუვლი, ვაშენებ, ვალამაზებ იმ იმედით, რომ მას გამოიყენებენ და დააფასებენ შვილები და შვილიშვილები.
ჩვენი ოჯახი შეიძლება ითქვას, მასწავლებლების ოჯახია. უკვე ვთქვი დედა დამსახურებული მასწავლებელი იყო. უფროსი და ლუნა და მისი მეუღლე პროფესორი კარლო ფაცაცია საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ქიმიის კათედრაზე მუშაობდნენ მასწავლებლის და კათედრის გამგის თანამდებობაზე.
უმცროსმა ძმა მერაბიმ რუსეთში დაამთავრა ინსტიტუტი, იქ დაიცვა დისერტაცია. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მუშაობდა ქალაქ სოხუმში, შემდეგ ქუთაისში პროფესორის თანამდებობაზე, უფროსი ძმა ერგული ხობში სოფლის მეურნეობის დარგში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. მისი მეუღლე მერი თაკვარელია პედაგოგი იყო. მათი ქალიშვილი ნათია ებანოიძე პროფესიით ენერგეტიკოსია.
დღეისთვის ჩვენს ძირძველ ოჯახში ცხოვრობს მათი ვაჟი ირაკლი ებანოიძე და მისი მეუღლე ლელა უბილავა, ხობის #1 საჯარო სკოლის მასწავლებელი.
დისშვილები ეკა ფაცაცია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ხოლო ბესიკ ფაცაცია ქიმიის მეცნიერებათა დოქტორია. ასე რომ ჩვენი ოჯახის წევრები ძირითადად მასწავლებლები იყვნენ და დღესაც ვაგრძელებთ ოჯახის ტრადიციებს.
რას ნიშნავს თქვენთვის ხობი და ხობელობა?
ხობი ჩემი ოდაბადეა. აქ დავიბადე, პირველად ხობისწყლით განვიბანე და ჩავისუნთქე კოლხეთის ჰაერი, ალბათ, ეს მომენტი ყველაზე მთავარია ადამიანის ცხოვრებაში. ხობის მონასტერში მოვინათლე, მართალია საიდუმლოდ, ფარულად, მაგრამ იქ ვეზიარე ქრისტიანულ სარწმუნოებას.
ხობი საქართველოში ერთ-ერთი ისტორიული ქალაქია. ტერიტორიულად ის კოლხეთის ცენტრია, მდიდარია მისი ისტორია. ამას ადასტურებს ხობის მონასტერში დავანებული იყო მარიამ ღვთისმშობლის კვართი და სხვა სიწმინდეები.
მე ვამაყობ იმით, რომ დავიბადე, ვსწავლობდი და ამჟამად ცხოვრებას ვაგრძელებ ხობში, ჩემი წინაპრების და მშობლების ეზო-კარზე.
ჩვენი ქუჩის სახელიც საამაყოა ცოტნე დადიანის ქუჩა #36
ომის პერიოდში დაბადებულ ბავშვებს ცხოვრების პირობებიც რთული გვქონდა, თუმცა ბავშვობა მაინც ხალისიანი იყო.
სკოლაში სწავლის დროს, სოფლიდან სკოლისკენ ფეხით დავდიოდით 2-3 კილომეტრს. ზამთარში ფეხზე გვეცვა რეზინის კალოშებში ჩასმული ზაფხულის ტუფლები, სკოლაში მისვლის შემდეგ კალოშებს ვიხდიდით და ოთახის კუთხეში ვალაგებდით. მაშინ ხობის მთავარ გზაზე ასფალტი არ იყო. მხოლოდ ფაიტონები მოძრაობდა. სკოლაში მიმავალი ბავშვები შემოვახტებოდით ფაიტონის უკანა მხარეს, ხშირად მოგვხვედრია მეეტლის მათრახიც, მაგრამ ეს მომენტები სასიამოვნოდ მაგონდება და დაუვიწყარია. მაშინდელ ხობის ცენტრში მხოლოდ ერთი სკოლა, აფთიაქი, ლიმონათის საამქრო. პურსაცხობი, წიგნების მაღაზია და რამდენიმე შენობა იყო, ამჟამად ხობის ცენტრი გალამაზებულია, არის სამი სკოლა, კოლეჯი, კულტურის სახლი, უამრავი მაღაზია, აფთიაქები და სხვა. ხობის ცენტრი დღითიდღე ლამაზდება. რასაც ვულოცავ ხობელებს, როდესაც ხობზე ვფიქრობ, მაგონდება რაფიელ ერისთავის ლექსის სტრიქონები:
,,სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ
და მისროლია ისარი,
სად მამა-პაპა მეგულვის,
იმათი კუბოს ფიცარი.
სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ
ჩემი სამშობლო ის არის“
ასე რომ, ხობი ჩემი მყუდრო სავანეა. გმადლობთ ხობელებო!
ყველაზე ბედნიერი დღე თქვენს ცხოვრებაში?
-ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, ყველაზე ბედნიერი დღე შვილების დაბადებაა, მაგრამ როდესაც ასაკში შედიხარ და ხდები ბაბუა, ჩემი აზრით, ამ დღეს ვერცერთი დღე ვერ შეედრება. ჩემთვის ასეთი დღე იყო, როდესაც პირველი შვილიშვილი შემეძინა, ეს იყო 2005 წლის 19 სექტემბერი. დაიბადა დათას შვილი ლუკა ებანოიძე, შემდეგ მეორე შვილიშვილი_საბა ებანოიძე და ბოლოს ერმალოზის შვილი ანდრია. ამჟამად გახლავართ სამი ბიჭის ბაბუა, რაც ძალიან მახარებს და იმედს მაძლევს.
ცხოვრება ტკივილის გარეშე არ არსებობს, რა გტკივათ და რას შეუძლია ეს ტკივილი გააქარვოს?
-ადამიანს ცხოვრების გზაზე მრავალი სატკივარი შეხვდება, განსაკუთრებით ძნელია, როდესაც საყვარელ ადამიანებს კარგავ, მაგრამ, როდესაც შვილი გეღუპება, ეს აუტანელია. ამ ტკივილს ვერაფერი ვერ გააქრობს. ამბობენ, დრო მკურნალიაო, მაგრამ ეტყობა ამის მთქმელს შვილი არ დაღუპვია. ჩემი ყოველი დღე დაღუპულ შვილთან მისალმებით იწყება და მთავრდება სანთლის დანთებით, ერთხელ ჩემი შვილის, ზურაბის მოძღვარს ვკითხე_ ასე ნაადრევად ზეცაში რატომ წაიყვანა მეთქი ჩემი შვილი ღმერთმა? ის უფრო დიდი განსაცდელისგან იხსნაო_მითხრა. ზურაბი იმდენად სუფთა, კეთილი და მეგობრული იყო, რომ მისი სული, ალბათ, სამოთხეშია და თავის დროზე ჩვენც შევხვდებით. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩემს შვილს:
-როდესაც შენნაირი ვაჟკაცები ნაადრევად ტოვებენ ამ წუთისოფელს, ჩვენ ამ სოფლად დარჩენილები იმით ვინუგეშებთ თავს, რომ ამ ქვეყნად ყველა მოკვდავია, ეს სოფელი წუთისაა, უკვდავება მხოლოდ იმ სოფელშია, ალბათ, მ. ლებანიძის ეს ლექსიც წაკითხული გექნება:
„...ბოღჩებით და ყავარჯნებით,
გრძელი სოფლის კართან ვდგევართ,
მოკლე სოფელს არ დავრჩებით
ყველა გრძელ სოფელში წავალთ!“
ზურას მთამსვლელმა ამხანაგებმა მითხრეს, თურმე ზურაბისთვის უცნობებიათ მთაში დაღუპული ბიჭების ამბავი, ზურა ძალიან დაღონებულა, მაგრამ უთქვამს `მთამსვლელებისთვის მთაში სიკვდილი დიდი ბედნიერებაა, ვიდრე სიკვდილი ლოგინში, უძლურებაშიო~. მისი ეს სიტყვები მისი ბედისწერა ყოფილა.
ადამიანის დანიშნულების თქვენეული განმარტება.
ამ კითხვაზე გამახსენდა ილია ჭავჭავაძის ნაწარმოები „კაცია ადამიანი!?“
ჩემი აზრით, ადამიანი უნდა იყოს გულწრფელი, შრომისმოყვარე, კეთილი, მიმტევებელი და უღალატო. მაგრამ ყველა ამ თვისების გამოვლენა ხშირად ძალიან ძნელია. ბიოლოგიურად ყველა ადამიანი სუფთა და უმწიკვლო იბადება, მაგრამ შემდეგ მასში იღვიძებს გენეტიკური თვისებები, ყალიბდება ოჯახში, სკოლაში, მეგობრების წრეში და ა.შ. ასე, რომ მასზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ალბათ, ძალიან ძნელია იდეალური, სრულფასოვანი ადამიანის ჩამოყალიბება, საბოლოოდ, ადამიანი უნდა იყოს „ადამიანი“და არა ცხოველი.
პირადად მე არ მიყვარს მომხვეჭელი, გაუმაძღარი ადამიანები, რომლებსაც არაფერი არ ყოფნით ამ ქვეყნად. აგროვებენ სიმდიდრეს, აშენებენ ბინებს, რომლებშიც თვითონ ნამყოფიც არ არიან, ადამიანს უნდა გააჩნდეს საკმარისი საცხოვრებელი პირობები და იყოს ჯანმრთელი, მაშინ იქნება ის ბედნიერი, გარდა ამისა, ადამიანი უნდა იყოს შემოქმედი, მაძიებელი, ახლის შემქმენელი, კაცთმოყვარე, ბუნებისმოყვარე და გარემოს დამცველი, ასე, რომ მოვუწოდებ ყველას_ვიცხოვროთ ადამიანურად!
თქვენი საახალწლო სურვილები, ტრადიციულად სად ხვდებით ახალ წელს?უპირველესად საქართველოს ვუსურვებ მშვიდობის შენარჩუნებას: ვინაიდან მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა, რომ გადავრჩეთ, ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ. ქართველებს გვჭირდება გაერთიანება, საქართველოს გერბზე მიწერილი მოწოდება ,,ძალა ერთობაშია" ცხოვრებაში უნდა განვახორციელოთ. გავძლიერდეთ ეკონომიკურად, მოსახლეობას მეტი სიფხიზლე და მონდომება გვჭირდება. საზღვარგარეთ სამუშაოს ძებნაში მიმოფანტულ ქართველებს_ჩვენს დედებს, შვილებს მოვუწოდებ დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებში. მართალია, ეს საკითხი პრობლემურია, მაგრამ აქ მოძებნონ თავიანთი საქმე.
ახალი წლის დადგომა ჩემი ოჯახისთვის სევდიანი და ტკივილიანია, ვინაიდან ახალი წლის წინა დღეებს ვატარებთ ტრაგიკულად დაღუპული შვილის, ზურაბის მახლობლად. 29 დეკემბერი მისი დაბადების დღეა. ჩვენთან მოდიან მისი მთამსვლელი და სკოლის ამხანაგები. ისინი გვამხნევებენ მშობლებს... როცა ისინი ჩვენთან არიან, ასე მგონია ზურაბი ცოცხალია და მალე შემოგვიერთდება...
ახალ წელს ტრადიციულად ოჯახში ვხვდებით. კარის მეზობლები ვულოცავთ ერთმანეთს. შემდეგ ვიშლებით და ტელევიზორიდან ვიზიარებთ ქართველი ხალხის მხიარულებას.
ძვირფასო ხობელებო, ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებო! გისურვებთ წარმატებებს, ჯანმრთელობას, დაუღალავ შრომას ხობის მოსახლეობის საკეთილდღეოდ.
განსაკუთრებით მივესალმები საზოგადოება `ხობელის და „ხობის მოამბეს“ თანამშრომლებს, რომლებიც ეწევიან ძალიან ჰუმანურ და მნიშვნელოვან შრომას.
დიდი მადლობა `ხობის მოამბეს~ რედაქციას, რომელმაც მომცა საშუალება კიდევ ერთხელ გამომეთქვა ჩემი ტკივილები და სურვილები ხობელებისადმი.
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! დაე, 2024 წელი იყოს ქართველების გაერთიანების და გამარჯვების წელი.
მერი ლაგვილავა
გაზეთი ,,ხობის მოამბე" N2 თებერვალი 2024