ხეთის მანდარინი - სავიზიტო ბარათი და შემოსავლის წყარო სამეგრელოს გზაზე (ფოტო/ვიდეო)

 

თუ თბილისი-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალის ხობის მონაკვეთი გაგივლიათ, გზის ორივე მხარეს საგანგებოდ მოწყობილ დახლებზე ვედროებით მანდარინებს აუცილებლად შენიშნავდით. მანდარინი თუ გიყვართ, ხეთის მანდარინის შესახებაც გსმენიათ, ალბათ, რადგან, როგორც ამბობენ, საუკეთესოა. ამიტომაც ნოემბრის ბოლოდან აპრილამდე ადგილობრივებს დილას საკუთარი სახლების წინ მანდარინი და მასთან ერთად სხვადასხვა ციტრუსი გამოაქვთ.

ქეთინო ესებუა სოფელ პირველ მაისში ცხოვრობს და დილის 11-დან საღამომდე მანდარინს ჰყიდის. წელს დიდი მოსავალი ვერ მიიღეს, ამიტომ თავადაც პლანტაციებიდან მოუწიათ შეძენამ.


„ეს ბაზარია, შვილო, ხან იყიდება, ხან არა, ხან კმაყოფილი ვარ, ხან უკმაყოფილო. 20 წელია, რაც ასე გზაზე ვდგავარ და ვყიდი მანდარინს. მანდარინის გარდა ფორთოხალს, ვაშინგტონს, ლიმონს. ვედრო მანდარინი ღირს 10 ლარი, ფორთოხალი 10 ლარი, გოგრის ზომას, წონას გააჩნია, მათი ფასი სხვადასხვაა. ყველა ერთმანეთს ვეხმარებით, აქ ვინც ვდგავართ. უცხოელებიც აჩერებენ მანქანას, კმაყოფილებიც არიან, ისეთი კარგია ხეთის მანდარინი", - გვითხრა ჩვენმა რესპონდენტმა.
იზოლდა ბარამიასთვისაც ხეთის მანდარინთან ერთად მაგისტრალზე ყოფნა ჩვეული ამბავია. ამბობს, რომ მგზავრებს მანდარინი იმდენად მოსწონთ, ხშირად ჩუქნის კიდეც. ამასთან ერთად, ციტრუსის გაყიდვა შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროცაა.

„ძირითადი მომხმარებლები არიან თბილისიდან ჩამოსული დამსვენებლები, ტურისტები, რომელთაც მოსწონთ და ფოტოებს იღებენ ჩვენთან ერთადაც, ძალიან გემრიელი მანდარინია და უყვართ. უმეტესად ჩვენი ოჯახის მოსავალიც არის უმეტესად, მით უმეტეს, როცა უხვმოსავლიანობაა. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, საერთოდ არ გაუჩერებია მანქანას, ხანდახან 5-6 მანქანა აჩერებს. სადღესასწაულო დღეებში უფრო მეტი მომხმარებელი მოდის. მოსწონთ ძალიან გემო და ცნობენ ხოლმე რომელი კუთხის მანდარინია ფორმითა და გემოთი. "ხეთის მანდარინია?" - ეს არის პირველი კითხვა, ჩვენც ვეუბნებით, რომ დიახ და რომ ძალიან გემრიელია", - ამბობს ნათია.
ასე გადის გვიანი შემოდგომიდან ადრეულ გაზაფხულამდე დრო ქალებისთვის, რომლებიც მაგისტრალის გასწვრივ სოფლებში ცხოვრობენ და ხეთის მანდარინის გემოს გამვლელ-გამომვლელს უზიარებენ.