გობელენი დასავლეთ ევროპაში XVII საუკუნიდან მანუფაქტურებში მზადდებოდა. XX საუკუნის შუა ხანებიდან მას საქართველოშიც ამზადებდნენ. ახლა არ ვიცი, არის თუ არა, მაგრამ ადრე თბილისის სამხატვრო აკადემიაში გობელენისა და მხატვრული ქსოვილების კათედრა მოქმედებთა. სულმნათ ნუგზარ ნადარაიას თაოსნობით, 1983 წლიდან ხობის კულტურის სასახლეს ამშვენებდა შესანიშნავი გობელენები, რომელთაგან ერთი, ზომით 9. 80 Х 2.95 მეტრია, ასახავს ცნობილ მითს არგონავტების შესახებ. არ ვიცი ვინ არის ავტორი, ჯერ-ჯერობით მხოლოდ იმის გაგება შევძელი, რომ ისინი სამხატვრო აკადემიაში დაუმზადებიათ, მის შექმნაში მონაწილეობდნენ აკადემიის ხობელი სტუდენტები: წურწუმია და ხოჭოლავა. კულტურის სასახლის წინა ხედზე არსებულ ლითონის პანოს, რომლის ავტორი ზურაბ წერეთელია (ასევე აგონავტების თემაზეა) და არგონავტების გობელენის დეტალებს შორის ბევრი საერთო იკითხება. მას შემდეგ 40 წელი გავიდა, გობელენებს დრომ თავისი მსახვრალი ხელი დაატყო. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, კულტურის მუშაკებმა რესტავრატორ ნათია ქულუაშვილის მეშვეობით თავდაპირველი ბრწყინვალება დაუბრუნეს დეკორატიული ხელოვნების შესანიშნავ ნიმუშებს და გამოფინეს თეატრის ფოიეში, ამისთვის უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ეს ხობელი ხელოვნების მოყვარულთათვის შესანიშნავი საახალწლო საჩუქარია. ცუდი ხარისხის ფოტოებისთვის ბოდიშს გიხდით.
გოგიტა ჩიტაია
გვერდი სამეგრელოს სიამაყე ხობის მონასტერი