საბჭოს უფლებამოსილებას განეკუთვნება განიხილოს მერის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტების პროექტები. მოამზადოს, განიხილოს და მერს წარუდგინოს წინადადებები მუნიციპალიტეტში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების და მათი მოგვარების შესაძლო გზების შესახებ; მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოაწყოს დისკუსიები და საზოგადოებრივი განხილვები; სხდომაზე მოიწვიოს და მოუსმინოს მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების ხელმძღვანელებს; მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მომზადების პროცესში და განიხილოს ბიუჯეტის პროექტი.
საბჭოს საქმიანობის მიზანია: ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა, მერის საქმიანობაში საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა, მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვა.