დღეს, ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში, 1987 წელს ხობის სოფელ ჭალადიდში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებების გატარების დროს დაღუპული რაჰიპ მამედოვის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის - „19 წლის მხსნელი“ პრემიერა შედგა; ხოლო, ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში რაჰიპ მამედოვის ბიუსტის გახსნის ცერემონია გაიმართა.
რაჰიპ მამედოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, „შავი ზღვის ტერმინალის“ წარმომადგენლები და რაჰიპ მამედოვის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
არავინ და არაფერია დავიწყებული… ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში კიდევ ერთხელ მაშინ დავრწმუდით, როცა ქალაქ ხობში, კომპანია “სოკარის” ყულევის ნავთობტერმინალის მხარდაჭერით, 36 წლის წინ, 1987 წელს, სოფელ ჭალადიდში მომხდარი წყალდიდობის დროს მიმდინარე სამაშველო სამუშაოებისას დაღუპული აზერბაიჯანელი ჯარისკაცის – ქ. აღდამის მკვიდრის რაჰიბ მამედოვის ხსოვნის საღამო გაიმართა.
ჟამთასვლის მიუხედავად, 19 წლის აზერბიჯანელი ჯარისკაცის თავგანწირვა არ დავიწყებიათ არც თვითმხილველებს და არც შემდგომ თაობებს, ჭალადიდში იდგა რაჰიბ მამედოვის ბიუსტი, იყო მისი სახელობის ქუჩა და სოფლის საშუალო სკოლაც რაჰიბის სახელს ატარებდა, სოფელში მამედოვის გმირობაზე ლეგენდებს ყვებოდნენ, დიდმა და პატარამ იცოდა, რომ ამ პირტიტველა ჭაბუკმა საკუთარი სიცოცხლის ფასად 30-მდე ადგილობრივი გამოსტაცა სიკვდილს… თუმცა 90-იანი წლების უკუღმართობამ ბევრ რამესთან ერთად ამ ფაქტსაც მტვერი წააყარა… კერძოდ, რაჰიბის მშობლიური ქალაქი აღდამი ყარაბაღის ომის შედეგად სომხური ოკუპაციის ქვეშ მოექცა, ხოლო სამეგრელოს რეგიონში მაშინ დატრიალებულ ქარბორბალაზე აღარაფერს ვიტყვით…
მაგრამ გმირულ ნაკვალევს დრო ვერაფერს აკლებს, თითქმის 4 ათეული წლის შემდეგ ხობელებმა ისევ გაიხსენეს რაჰიბ მამედოვი და მისი გმირობა, სპეციალურად ამ დღისთვის ხობში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი, თურქეთისა და აზერბაიჯანის გენერალური კონსულები რიზა ქაარან ილმაზი და პარვიზ ისმაილზადა, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რაჰიბ მამედოვის ძმა და ოჯახის მახლობლები.
შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები, შეკრებილმა საოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს, საკმაოდ ბევრი ითქვა რაჰიბ მამედოვის გმირობაზე, სიტყვაში გამომვლელები ხაზგასმით აღნიშნავდნენ საქართველოსა და აზერბიჯნის ძმურ ურთიერთობას, რასაც დიდმა ლიდერებმა ჰეიდარ ალიემა და ედუარდ შევარდნაძემ ჩაუყარეს მყარი საფუძველი.
ღონისძიების მეორე ნაწილმა გმირი ჯარისკაცის სახელობის სკვერში გადაინაცვლა, სადაც მამედოვის განახლებული ბიუსტი გაიხსნა.
ჯემალ მეგრელიძე, ზურაბ კაციტაძე
https://adjaraps.com/?p=10229&fbclid=IwAR0qxLyKDrsi60Nh2mf-b4k8mCGS3js2ittu0gDu8cSDMjR7CloGir5r2jY