თანამედროვეობის მოთხოვნები და პასუხი გამოწვევებს


  
 თანამედროვეობას ბევრი მნიშვნელოვანი და პრობლემატური საკითხები აქვს წინ წამოწეული. ერთერთი და უმნიშვნელოვანესია ადამიანის პიროვნული, ინდივიდუალური და სოციალური განვითარების საკითხი. ამ საკითხს მეცნიერების თითქმის ყველა დარგი უთმობს ყურადღებას ირიბად თუ პირდაპირ...
    ერთ-ერთი მძლავრი მიმართულება, რომელიც ზრუნავს ჯანსაღი ადამიანის ჩამოყალიბებაზე, ეს სპორტია. სპორტი, თავისი მრავალფეროვნებით, თითქმის ყოველი ადამიანის სულსა და გონებაში აღწევს და იმორჩილებს სხეულს, აჯანსაღებს მას და უქმნის განწყობას, რომელიც გავლენას ახდენს სულიერი განწყობის ამაღლებაზე, ერთი სიტყვით, „ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სული ტრიალებსო“ გამოთქმას ამართლებს... ( არის შემთხვევები, როცა ეს მოსაზრება არ მართლდება, მაგრამ მას სხვადასხვა მიზეზები აქვს და ახლა ამაზე არ  გადავერთვები...)

   სპორტი, როგორც ადამიანის  ფიზიკური გამოხატულების მადემონსტრირებელი საშუალება, საუკუნეების წინ განიხილებოდა, როგორც სპორტული კულტურის მიმართულება და ეს თვისება სძენდა მას სოციალური ერთიანობის ხასიათს, უკეთ რომ ვთქვათ, სპორტი იყო და არის მძლავრი საშუალება ადამიანთა სოციალიზაციის, ერთობის, ამიტომ მას  დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობის საქმეში და ასევე ადამიანის, როგორც ინდივიდის ჩამოყალიბების საქმეშიც. 

   თუ გავითვალისწინებთ თანამედროვეობის მთავარ გამოწვევებს, ვნახავთ, რომ ამ გამოწვევების საპასუხოდ, სპორტს დიდი გავლენა აქვს, რადგან იგი ქმნის მძლავრ სოციალურ ძალას, ერთობას, მეგობრულ კავშირებს და ზოგადად,  ხელს უწყობს საზოგადოების ჰუმანიზაციას, რაც აკლია დღეს ჩვენს ყოფიერებას. ძალიან ხშირად გვესმის დღეს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებიდან ძალადობის ფაქტებზე ამბები, ბულინგზე და ა.შ.  ამის მთავარი მიზეზი აღზრდის პრობლემებშია, რა ღირებულებებით იზრდება მოზარდი?! რა ღირებულებებს თავაზობს სპორტი ბავშვებს, ახალგაზრდებს? ეს კითხვები უნდა გვაღელვებდეს დღეს.

   ყველამ უნდა იცოდეს, რომ სპორტი მარტო პროფესიონალური სპორტის დაუფლება კი არაა, არამედ არის საკუთარი „მე“-ს გამოხატულების, შემოქმედებით პროცესში ჩართულობის, თანაგრძნობისა და თანასწორობის, პატივისცემის და სამართლიანობის გამოხატვისა და დემონსტრირების საშუალება. ნებისმიერ სპორტის სახეობაში ადამიანის ჩართულობა, ამ გრძნობებითა და ღირებულებებით ცხოვრებას ნიშნავს და ამიტომ ჩვენთვის   მნიშვნელოვანია, რამდენად მეტი ახალგაზრდა ებმება დღეს სპორტულ ცხოვრებაში. აჯანსაღებს გარემოს და რას ვაკეთებთ ჩვენ მათი სწორი არჩევანის განსავითარებლად. ეს არის ორი ძირითადი საკითხი, რომელიც განაპირობებს სპორტის განვითარების ხარისხობრივ მაჩვენებლებს.  

    ჩვენს მუნიციპალიტეტში სპორტის 11 სახეობაში მიმდინარეობს სპორტული წვრთნები.  უპირველესად უნდა აღვნიშნოთ, ვინ ხვდება ჩვენს ახალგაზრდებს სპორტულ სექციებში და ვის „ხელში ვარდებიან“ ჩვენი შვილები?! 

ხობის მუნიციპალიტეტის მწვრთნელთა ნუსხას თუ   გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ისინი არიან პროფესიონალი სპორტსმენები, ლიცენზირებული მწვრთნელები,  ადამიანები, რომლებსაც გამოუვლიათ სპორტული ცხოვრება წარმატებულად და საკუთარი მაგალითებით აქვთ გამოცდილი ყოველი წვრილმანი, საზოგადოებაში ხასიათდებიან კანონმორჩილ, წესიერ და სანდო ადამიანებად, აქვთ მაღალი მორალური მოთხოვნები და ხასიათდებიან დისციპლინირებული ქცევებით... ჰყავთ გამოზრდილი წარმატებული სპორტსმენები და მათი პოპულარობა ხშირად სცილდება მუნიციპალურ, ეროვნულ და ევროპულ დონესაც... ასევე გვყავს მათი აღზრდილი მსოფლიო ჩემპიონები და ოლიმპიური პრიზიორიც... ეს ყველაფერი ქმნის წარმატების წინაპირობას, თუმცა  ეს არ გვიქმნის მოდუნების საშუალებას. გამოწვევების შესაბამისად, საჭიროა მუდმივი გადამზადებები, მეთოდოლოგიური თუ ფსიქოლოგიური  სიახლეების მიღება და მაღალი სტანდარტებით ხელმძღვანელობა. ეს ერთი თემაა...

    სპორტსმენის მომზადებისთვის დგება ასევე მნიშვნელოვანი საკითხი_სად იწრთობიან ჩვენი ახალგაზრდები?! არის თუ არა მათ საწვრთნელად ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული? ჩვენი მუნიციპალიტეტი მუდმივად მუშაობს ამ საკითხებზე და მერიის ხელმძღვანელობით ყოველწლიურად უმატებს ან რეაბილიტაციას უტარებს 2-3 სპორტულ მინი  საფეხბურთო მოედანს;  დღეის მდგომარეობით კეთდება ახალი ხელოვნურსაფარიანი სტადიონი თავისი განათებითა და გასახდელებით, რომელიც მოემსახურება `კოლხეთის“ როგორც ასაკობრივ, ასევე ქალთა გუნდის წარმომადგენლებსა და მოყვარულ ფეხბურთელებს. საფეხბურთო კლუბ „კოლხეთს“ და ფეხბურთის მოყვარულთა გუნდებისთვის ფუნქციონირებს ხობის  ცენტრალური სტადიონი, სარეზერვო მოედანი და საწვრთნელი მოედანი (სოფელ ხეთაში), ასევე ფეხბურთის მოყვარული გუნდებისთვის ცალკეული მოედნები სოფლებში(თითქმის ყოველ სოფელში),  სპორტის დანარჩენი სახეობებიდან კი უმეტეს სახეობას ჰქონდა საკუთარი  საწვრთნელი დარბაზის პრობლემა და სასკოლო დარბაზებში ატარებდნენ სპორტულ მეცადინეობებს, რაც ქმნიდა გარკვეულ პრობლემებს, დისკომფორტს. არ იყო მოწესრიგებული გასახდელები, არ იყო საშხაპეები... ეს საკითხი ჩვენი  მუნიციპალიტეტის მერიამ შეისწავლა, დაგეგმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით,    მიმდინარე წლის 1 ივნისს გაიხსნა, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და სპორტსმენებისთვის ნორმალური საწვრთნელი პირობების გასაუმჯობესებლად, „სპორტის ცენტრი“-ა(ა)იპ ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციაში  სასპორტო სკოლის წარმომადგენლებმა დაიდეს ბინა. შეიქმნა ორგანიზაცია, სადაც  ბერძნულ-რომაული ჭიდაობით, კრივით, ძალოსნობით, მძლეოსნობით, მკლავჭიდით, ჭადრაკით, ტაეკვონდოთი  და ბილიარდით  დაინტერესებულ ხობელ სპორტის მოყვარულებთან ერთად,    მოემსახურებიან ფიტნესის მიმართულებითაც.  შემდგომში სპორტის ცენტრი გააგრძელებს ახალ-ახალი სახეობებით ხობელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას. სპორტის ცენტრის შექმნა და ახალი ინფრასტრუქტურის გადაცემა სპორტული სამყაროსთვის არის საჩუქარი, შესაძლებლობა და სტიმული უკეთესი შედეგების დასადებად და სპორტსმენთა  მაქსიმალური რეალიზებისა. 

   ვულოცავ სპორტის წარმომადგენლებს ახალი კერის გაჩენას და წარმატებულ სპორტულ მომავალს ვუსურვებ! ასევე მინდა მივულოცო ახალი სპორტის ცენტრის გახსნა ყველა იმ ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში ხობის სპორტის განვითარებისთვის იღწვოდა!

   სპორტსმენთა შესაძლებლობების სრულად გამოვლენის, მათი სრული რეალიზაციის მიზანს ემსახურებოდა საკრებულოს  2022 წლის N41 დადგენილებით მიღებული მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ შემუშავებული“ წარჩინებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესი“, რომელიც 2023 წლიდან ამუშავდა. ამ წესის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის  ყველა წარმატებული სპორტსმენი და მისი მწვრთნელი გარკვეული ხარისხის წარმატებებისთვის ჯილდოვდება შესაბამისი-დაწესებული ფულადი ჯილდოთი, რაც არის ერთგვარი სტიმული და მოტივაცია უკეთესი შედეგების დადებისა. ამ ეტაპისთვის დასაჯილდოებლად სპორტსმენებზე გაიცა -  27 000 ლარი. წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა და იმედი გვაქვს ჩვენი სპორტსმენები სახელიანად გააგრძელებენ ასპარეზობებს სხვადასხვა მიმართულებით.

   მოცემული წარმატებული ნაბიჯების აღნიშვნა არ ნიშნავს, რომ ამ სფეროში პრობლემები არაა, ჩვენ წინა გვაქვს დიდი გამოწვევა 90-იან წლებში დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენის, სოფლებში მეტი სპორტული აქტივობების განხორციელების, სპორტის სახეობების სექციებში დამატებებისა და მათი შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ძალადობის, გენდერული თანასწორობის დაცვის საკითხებზე ყურადღების გამახვილებისა და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების სახით. იმედი გვაქვს, რომ  თანდათანობით, აქტიური და დაუღალავი შრომითა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა თანადგომით,  ეს საკითხებიც  მოგვარდება და ძველი მოგონებები, წარსულში ინფრასტრუქტურული ობიექტების სიუხვეს რომ გვაგონებდა, გადაიქცევა თანამედროვეობაში განხორციელებულ გაბედულ პროექტებად...

   დღეს კი ჩვენი სახელოვანი სპორტსმენების წარმატებული ნაბიჯებით ვიზეიმოთ და გავიხაროთ, ხობის სპორტულ ისტორიას არ ახსოვს თანამედროვეობაში მიღწეული ჩვენი სპორტსმენების წარმატებების ტოლი მიღწევები, პროფესიონალიზმი და შრომისმოყვარეობა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერისა და სწორი სტრატეგიული ხედვების გარეშე ვერ მიიღწეოდა, ამიტომ მადლობა მინდა მოვუხადო ყველას, ვინც გვერდით დაუდგა სპორტულ სამყაროს და გამარჯვებების ლამაზი ისტორია დააწერინა. 

     სპორტის სოციალიზაციის საკითხებზე თანამედროვეობის გამოწვევებზე  მუნიციპალიტეტის პასუხი დღეისათვის ცალსახა და ერთგვაროვანია, მეტი წარმატებული სპორტსმენი, მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები, მეტი თანადგომა და ერთობით გადაწყვეტილი  საკითხები მოგვცემს  სპორტის განვითარების მეტ შესაძლებლობებს და წარმატებული სპორტული ქალაქისა და მუნიციპალიტეტის  იმიჯს. 


 ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის,
ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის  განყოფილების უფროსი
- ნინა ბუკია