გრიგოლ სამსონის ძე ჩიქოვანი


    გრიგოლ სამსონის ძე ჩიქოვანი (დ. 15 მარტი, 1910, ხობი — გ. 26 ნოემბერი, 1981, თბილისი) — ქართველი მწერალი.
დაწყებითი განათლება მიიღო სოფელ ხეთაში, ხოლო საშუალო თბილისში. 1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მწერალთა კავშირის მივლინებით 1939 წლამდე სწავლობდა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში სასცენარო ფაკულტეტზე. ახალგაზრდამ თავისი პირველი ნაწარმოებები 30-იან წლებში გამოაქვეყნა და უმალ მიიქცია მკითხველი საზოგადოების ყურადღება. განსაკუთრებით საგულისხმოა მისი „ოდიშური მოთხრობები“.
დამსახურებული გამარჯვება მოუტანა მწერალს შესანიშნავმა ტრილოგიამ („თებერვალი დადგაო“, „მიწა“ და „რწმენა“), რომელშიც ასახულია საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი. ნიჭიერი შემოქმედის ნაწარმოებები საფუძვლად დაედო კინოფილმებს: „სადაა შენი ბედნიერება, მზია?“, „კოლხეთის ჩირაღდნები“, „პაპა გია“ და სხვა.
გრიგოლ ჩიქოვანი წლების მანძილზე იყო გამომცემლობა საბჭოთა მწერლის მთავარი რედაქტორი. მისი ნაწარმოებები თარგმნილია არაერთ უცხო ენაზე. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით, მედლებით და სხვა ჯილდოებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.