სტიქიის შედეგად დაზიანებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან

 

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის შედეგად დაზიანებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს უფროსი შოთა კაკაბაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია.
11 ივლისს ძლიერმა წყალმოვარდნებმა, ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში გაზსადენის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა, რის გამოც გაზმომარაგება შეუწყდა ხობს, ზუგდიდსა და წალენჯიხას. გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ დღესვე მოხდება ტექნიკისა და მაგისტრალური მილების ადგილზე მობილიზება და ხვალიდან სამუშაოები დაიწყება.
ხობის მუნიციპალიტეტის ზარალის დამდგენი კომისიის წევრები ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე სწავლობენ და ზარალს ითვლიან.
ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქ ხობსა და სოფლებში დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, გზები და სავარგულები. წყალი შევიდა საცხოვრებელი კორპუსების პირველ სართულზე და სახლებში. ჩამოირეცხა გზები, დაზიანდა ხიდბოგირები, მდინარემ რამდენიმე ადგილას გაარღვია დამბა.