მიმდინარე 2023 წლის 24 ივლისს, ფოთის ბრწყინვალე აღდგომის საკათედრო ტაძრის ნიკო ნიკოლაძის სახ. სამრევლო დარბაზში გაიმართა ფოთისა და ხობის ეპარქიის, რიგით 93-ე ეპარქიის სამღვდელოების კრება.
მიტროპოლიტი გრიგოლი, მიესალმა და შესავალი სიტყვით მიმართა კრების მონაწილეებს; მან დამოძღვრა ეპარქიის სასულიერო დასი და ისაუბრა იმ გამოწვევებსა და სიძნელეთა შესახებ, რაც სასულიერო პირის ცხოვრებასა და მსახურებას ახლავს ყველა დროში და აღნიშნა, რომ დღევანდელობაც არ არის ამ მხრივ გამონაკლისი;
რიგ შემთხვევებში მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს მსოფლმხედველობრივ საკითხებსა და ხედვებში თვით ჩვენს შორის არსებული დაბნეულობა; ეს ერთი შეხედვით ჩვეული მოვლენაა პოლიტიკოსთა შორის, მაგრამ როცა ასეთ პრობლემას ადგილი აქვს სამღვდელო დასში, ვინც არის აზრის ლიდერი, ეს დამაბნეველი, საზიანო და დამანგრეველიც კი შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ეროვნული საზოგადოებისთვის, რომელიც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სამწყსოს და ბედკრული საქართველოს შვილებს წარმოადგენენ“.
მეუფე გრიგოლმა სამღვდელოებას მოუწოდა გონიერებისა და წინდახედულობისაკენ, რათა ეკლესიაში მოსულმა ადამიანებმა მოძღვრისაგან მოისმინონ ჭეშმარიტი, მართალი და მადლიანი სიტყვა; სიტყვა, რომელიც მათ გულსა და გონებას სიცოცხლის სუნთქვას შესძენს:
„...მათ ეკლესიისგან ესაჭიროება სულისთვის სასარგებლო რჩევა-დარიგებანი; ეს კი ჩვენგან ითხოვს, რომ თვით ჩვენ ვიყოთ მოწოდების სათანადო სიმაღლეზე, რაც შეუძლებელია თვითგანვითარებაზე მუდმივი (უწყვეტი) ზრუნვის გარეშე“ - დასძინა მეუფე გრიგოლმა და კრება გახსნილად გამოაცხადა.
კრებამ იმსჯელა ეკლესიისა და ადგილობრივი ეპარქიის (სამრევლოების) საჭირბოროტო საკითხებზე და დასახა მრევლში არსებული სულიერი მდგომარეობის გაჯანსაღების გზები.
ამონაწერი
ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოების
კრების ოქმიდან (24.07.2023.)
5. სოფ. პირველი მაისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების საეკლესიო კომპლექსის წინამძღვარმა მღვდელმა სვიმონ ბუკიამ და დიაკონ-მონოზონმა ანტონმა (შავლიაშვილი) ისაუბრეს ტაძრის გალავანისა და სამრეკლოს ავარიული მდგომარეობის შესახებ.
ითქვა, რომ მდგომარეობა საგანგაშოა. ნალექების შედეგად ხელოვნური მიწაყრილის სისტემატურმა გამორეცხვამ სამრეკლო და გალავანი გადმოქცევის საფრთხის წინაშე დააყენა, სათანადო ზომების დროულად მიუღებლობამ კი შესაძლოა არა მარტო ნაგებობების ჩამონგრევა, არამედ ადამიანური მსხვერპლიც გამოიწვიოს. ამის შესახებ როგორც სიტყვიერად, ისე წერილობით, არაერთგზის ეცნობა შესაბამის ორგანოებს, თუმცა დღემდე არაფერი ისმის, ხოლო უკანასკნელი წვიმების შემდეგ მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა.
კრებამ დაადგინა:
ა) დეკანოზ ამბროსი ხოშტარიას და მღვდელ სვიმონ ბუკიას დაევალათ თხოვნით კვლავ მიმართონ წერილობით საქართველოს შესაბამის კომპეტენტურ სახელმწიფო და საეკლესიო სტრუქტურებს, რათა სოფ. პირველი მაისის ტაძრის სამრეკლოსა და გალავანის ავარიულ მდგომარეობისა და ადგილის გეოლოგიის საფუძვლიანი შესწავლის მიზნით შეიქმნას კვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული ერთობლივი კომპლექსური ჯგუფი, რომელიც ექსპერტულ დასკვნას მოამზადებს შექმნილ ურთულეს და სახიფათო მდგომარეობასთან დაკავშირებით.
საქმეს შველა მანამდე სჭირდება, „ვიდრე ურემი გადაბრუნდება“, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი საფრთხე;
ჯერ კიდევ არ არის გვიან!!!