27 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. დადგენილების პროექტის „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ“ თანახმად, საკრებულოს წევრს შესაძლებელია აუნაზღაურდეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაღებული სხვადასხვა ხარჯი, რაზედაც ინფორმაცია წარედგინება საკრებულოს აპარატის უფროსს, ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტთან და ამომრჩევლებთან შეხვედრის საოქმო ჩანაწერთან ერთად. განკარგულების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ამორტიზირებული ქონების ჩამოწერაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მუნიციპალიტეტის მერს მიეცა თანხმობა საინვენტარიზაციო კომისიის მიერ 2022 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ამორტიზირებული და ექსპლუატაციისთვის უვარგისი ქონების ჩამოწერის თაობაზე.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით აუქციონის წესით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, რომლის თანახმადაც მერს ასევე მიეცა თანხმობა ქალაქ ხობში სკვერის ტერიტორიაზე მდებარე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ.
განკარგულების პროექტის „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნებაზე ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ . შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერის მიერ დაფუძნდება ახალი იურიდიული პირი, რომელიც ხელს შეუწყობს, მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. აღნიშნული იურიდიული პირი განთავსდება ახალაშენებულ ხობის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში.
საკრებულოს თავმჯდომარე, როგორც ქალაქ ხობის მაჟორიტარი საკრებულოს წევრი, შემოვიდა წინადადებით მდინარე ხობისწყლის მარცხენა სანაპიროზე, რკინიგზის ხიდიდან თბილისი-სენაკი- ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალამდე ალტერნატიული (შემოვლითი) გზის მოწყობისა და ქალაქის ქუჩებზე არსებულ ობიექტებზე, ქუჩის სანიშნი აბრების განთავსების თაობაზე.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.