აკაკი ბახვას ძე ესებუას მოსაგონარი

 

დღეს 29 მარტია, ეს შენი დაბადების დღეა მამიკო. როგორ გვიყვარდა შენს შვილებს შენი დაბადების დღეზე ერთად თავმოყრა. უკვე რამდენი წელი გავიდა შენი გარდაცვალებიდან, მაგრამ ძალიან, ძალიან გვენატრები. დაგეძებთ ყველგან, შენს სურათებში, შენი მოღვაწეობის ამსახველ სტატიებში. ძნელი ყოფილა მამიკო შენი მონატრებით ცხოვრება. ყოველი მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო გადაწყვეტილების მიღებისას, გულში ჩუმად გემუსაიფები, რჩევას გეკითხები და ვცდილობ იმ პრინციპებით ვიხელმძღვანელო, რომლითაც აღგვზარდე. ყველგან და ყოველთვის ვგრძნობ შენს სიახლოვეს, მხარდაჭერას და ეს მაძლიერებს და ენერგიას გვმატებს. ხშირად შენს ბრძნულ ნათქვამებს საუბარში ვიყენებ და ვხვდები, რომ შენი ყოველი სიტყვა ხალასი ოქროა...
შენი პედაგოგიური მოღვაწეობა 55 წელს მოიცავს. მუშაობდი თორსისა და პირველი მაისის სკოლის დირექტორად, პენსიაზე გასვლამდე. იყავი რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. შენ ფლობდი რუსულ, გერმანულ, ლათინურ და ფრანგულ ენებს. მინიჭებული გაქვს რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებლის წოდება. დაჯილდოვებული იყავი სხვადასხვა მედლებით და ორდენებით, როგორც ღვაწლმოსილი, წარმატებული პედაგოგი, მრავალშვილიანი მამა. დიდ შრომატევად საქმიანობას ეწეოდი და სათანადო შეფასებაც ჰქონდა მთავრობისგანაც და საზოგადოებისგანაც. შენ იღებდი პერსონალურ პენსიას შენი თავდადებული შრომის ფასად. ამბობენ კაცი კვდება და სახელი რჩებაო. შენი კაცობა და სახელი დარჩა და რაც მთავარია შენი აღზრდილები ამაყად დადიან შენს გაკვალულ ბილიკებზე.
უსაზღვროდ მენატრები მამიკო, შენთან ერთად გადაღებულ სურათს ვუყურებ და მასხენდება სკოლის დამთავრების დღე. ფოტოგრაფი იყო მოსული და შენ მთხოვე შენთან გადამეღო სურათი, თან დაამატე ეს სურათი შეინახე ჩვენი მარადიული მამაშვილური სიყვარულისა და მეგობრების ნიშნადო. ჩვენ მამა-შვილიც ვიყავით და მეგობრებიც. არაფერს გიმალავდი, ჩემი მესაიდუმლე იყავი. ამ სურათს აქვე დავდებ, ეს სურათი ძალიან მიყვარს, ხშირად დავცქერი და ვტირი.
შენ სანიმუშო მამა იყავი. მიყვარხარ, მიყვარხარ სანამ ცოცხალი ვარ არასოდეს დაგივიწყებ მამიკო. ყოველ დილა-საღამოს ლოცვებში გიხსენიებ სხვა გარდაცვლილებთან ერთად, ღმერთმა ნათელში გამყოფოს ჩემო საყვარელო და დაუვიწყარო მამიკო.
შენი უმცროსი მე-8 შვილი : აგრაფინა (კუკლა, ლალი)
ესებუა -ალანია
29.03.2023