ხობის რაიონის პირველ პრეფექტს თენგიზ ქაჯაიას დღეს 60 წელი შეუსრულდებოდა. თენგიზ ქაჯაია 27 წლის ასაკში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მიერ დაინიშნა ამ თანამდებობაზე და მას გადასცა პრეფექტის მოწმობა № 01 და 1991 წლის 30 დეკემბერს 28 წლის ასაკში დაიღუპა. ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში თენგიზ ქაჯაიას იუბილესთან დაკავშირებით ხსოვნის საღამო გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ეროვნული მოძრაობის და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. თანამებრძოლებმა თენგიზ ქაჯაიას პირველი პრეფექტის მეგობრებმა და თანამოაზრეებმა თენგიზ ქაჯაიას ღვაწლზე და მის განვლილ გზაზე ისაუბრეს, საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან მისი მოღვაწეობის და ტრაგიკულად დაღუპვის ისტორია გაიხსენეს. ღონისძიებაზე გაიხსენეს ასევე 18 მარტს დაბადებული საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი ტარიელ გელანტია, რომელსაც 72 წელი შეუსრულდებოდა.
საღამოზე ირაკლი შნიას მიერ მომზადებული, თენგიზ ქაჯაიას ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო კოლაჟის ჩვენება შედგა. ანსამბლმა „კოლხეთმა“ ეროვნული სიმღერები შეასრულა. ღონისძიების დასრულების შემდეგ პირველი პრეფექტის საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
www.nwbc.ge