ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში, 1921 წლის 24 თებერვალს, კოჯორში, წითელ არმიასთან ბრძოლაში გმირულად დაღუპული ქართული არმიის ოფიცრის ივანე (ლოლი) იოსავას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ (ბერბიჭაშვილმა) გადაიხადა.
მთავარანგელოზთა ტაძარში ანზორ სიჭინავას და გოგიტა ჩიტაიას თანაავტორობით გამოცემული წიგნის - „ივანე იოსავა“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნში მოთხრობილია 1921 წელს საქართველოში შემოჭრილ წითელ არმიასთან ბრძოლაში დაღუპული ოფიცრის ივანე იოსავას (ივანე იოსავა დაიბადა 1893 წლის 24 ოქტომბერს სოფელ ბიაში) ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
წიგნის პრეზენტაციას სასულიერო პირები, საზოგადოების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.