„ქართულმა ოცნებამ“ ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად გიორგი ხახუბიას კანდიდატურა წარადგინა

 

ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად პარტიამ ირაკლი ხახუბიას შვილის, გიორგი ხახუბიას კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან გიორგი ხახუბიას განათლებასა და პროფესიული გამოცდილებაზე ისაუბრა.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დანიშნა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები ფოთის, ხობისა და სენაკის საარჩევნო ოლქში და მერების შუალედური არჩევნები ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში. ცესკოს გადაწყვეტილებით, არჩევნები 29 აპრილს გაიმართება. დღეს ჩატარდა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნულ საარჩევნო ოლქებში კანდიდატების დასახელების შესახებ. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად პარტია წარადგენს გიორგი ხახუბიას კანდიდატურას. პირველ რიგში, აუცილებლად გვინდა აღვნიშნოთ, რომ გიორგი არის ჩვენი კოლეგის, ირაკლი ხახუბიას შვილი. ბუნებრივია, ირაკლის სახელი და მის მიერ ფოთში, ხობსა და სენაკში შექმნილი ავტორიტეტი დაეხმარება გიორგის არჩევნებში გამარჯვებაში. თუმცა, ამასთან ერთად, გიორგი თავადაც გამოირჩევა პიროვნული თვისებებით, განათლებითა და პროფესიული გამოცდილებით, რომელთა გამოც პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ის უპირობოდ საუკეთესო კანდიდატად მიიჩნია. გიორგის მიღებული აქვს განათლება კავკასიის უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მას აქვს მდიდარი სამუშაო გამოცდილება. სხვადასხვა დროს ის იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის უფროსი და მოგვიანებით ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე. გარდა ამისა, გიორგი წლების მანძილზე წარმატებით ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას. გასულ წლებში, გიორგი ფოთში, ხობსა და სენაკში აქტიურად იყო ჩართული „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბებისა და პარტიული ორგანიზაციების მუშაობაში. წარმატებებს ვუსურვებთ გიორგი ხახუბიას. დარწმუნებული ვართ მის გამარჯვებაში“,-განაცხადა კობახიძემ.