ხობის ,,კოლხეთის,, ფეხბურთელები ხორვატიაში ქალაქ პულაში ერთადერთ შემორჩენილ ძველი რომაული ამფითეტრის-კოლიზეუმის წინ. აღნიშნული არენა მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა თავისი სიდიდით-our footballers got acquainted with the historical places in Croatia Coliseum Arena in town Pula, which ranks sixth in the world.
ერთი საინტერესო ისტორია უნდა გაგაცნოთ
სურათზე აღბეჭდილნი არიან ხობის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთი“-ს ფეხბურთელები ხორვატიის ქალაქ პულაში. აღნიშნულმა კლუბმა ამხანაგური მატჩი ჩაატარა ბელგრადის „რადნიჩკი“-სთან, რომელიც დასრულდა ანგარიშით 3:3.
თუმცა აქ საინტერესო სხვა რამეა. არ ვიცი, რამდენად იციან „კოლხეთის“ ფეხბურთელებმა, მაგრამ კოლხეთი, კოლხები და კოლხური ენა ბერძნული მითოლოგიის თანახმად პირდაპირ კავშირშია ქალაქ პულას დაარსებასთან.
ბერძენი ავტორების, კალიმაქეს, აპოლონიოს როდოსელისა და ლიკოფრონის ნაწერებში დაცულია ცნობა არგონავტებზე, რომლებიც გამოექცნენ კოლხეთის ძლევამოსილ მეფეს, აიეტს მოპარულ ოქროს საწმისთან ერთად. მათ გადასცურეს შავი ზღვა და აუყვნენ დუნაის ზემო წელს, რითიც გავიდნენ ადრიატიკის ზღვაში. როგორც ჩანს, ბერძნებს ეგონათ, რომ დუნაის ორივე ზღვის მხრიდან ჰქონდა შესართავი. ბერძნული მითოლოგიიდან ისიც ვიცით, რომ არგონავტებს ფეხდაფეხ მოჰყვებოდნენ კოლხი მდევრები, რომელთაც ხელმძღვანელობდა მედეას ძმა, უფლისწული აფსირტე.
ლეგენდა გვიამბობს, რომ კოლხებმა კი იპოვეს არგონავტები, თუმცა მედეამ ძმას ხაფანგი დაუგო და ის იასონს მოაკვლევინა. ამავე ლეგენდის თანახმად თურმე ეს მოხდა ჩრდილოეთ ადრიატიკის ერთ-ერთ კუნძულზე, რომელსაც შემდეგ აფისრტეს სახელი დაერქვა. მართლაც, ანტიკურ ხანაში ადრიატიკის ზღვის ორ კუნძულს, დღევანდელ კრესსა (Cres) და ლოშინს (Lošinj) ბერძნულად ეწოდება აბსირტიდები (Ἀψυρτίδες). იტალიურადაც მას მსგავსი სახელით მოიხსენიებდნენ: აბსირტიდების არქიპელაგი (Arcipelago delle Absirtidi).
უფრო საინტერესო ისაა, რომ აქედან ერთ-ერთ კუნძულს, ლოშინს ბერძნულად და ლათინურად ეწოდება აფსორუსი (ლათ. Apsorrus, ბერძ. Ἄψορρος,). აქ ცხადია ჩვენებურ აფსაროსზე უნდა გაკეთდეს მინიშნება, რომელიც აფსირტეს მკვლელობის ადგილადაა მიჩნეული.
ლეგენდას თუ დავუჯერებთ, აფსირტეს სიკვდილის შემდეგ მდევრებმა გადაწყვიტეს აღარ დაბრუნებულიყვნენ კოლხეთში და დარჩნენ ილირიაში. მათ დაარსეს ქალაქი, რომელსაც უწოდეს პულაი, რაც კოლხურ ენაზე ნიშნავს „ლტოლვილთა ქალაქს“. აი ასე აღწერს ამ პასაჟს კალიმაქე მის პოემაში:
„ილირიის მდინარეზე მათ გააჩერეს ნიჩბები,
იქ სადაც ყვითელთმიანი ჰარმონიის, გველის საფლავია.
მათ დააარსეს ქალაქი, რომელსაც ბერძენი დაუძახებს „ლტოლვილთა ქალაქს“,
მაგრამ მათ ენაზე მას ჰქვია პულა.“
ეს არის ის, რასაც გვიყვება ლეგენდა. ლეგენდა ლეგენდაა და ცხადია მტკიცებით ფორმაში არაფრის თქმა შეგვიძლია, მაგრამ, პულას, ამ არქაული ქალაქის წარმოშობის ოფიციალური ისტორია სწორედ კოლხებს უკავშირდება და ამით ადგილობრივი მცხოვრებლები ამაყობენ.
შეიძლება დიდი არაფერია, მაგრამ სიმბოლური ნამდვილად არის, რომ კოლხური კლუბი „კოლხეთი“ ასეთი ისტორიის მქონე ქალაქში ჩადის და ასპარეზობს.