წარმატებები ნიჭიერ და მიზანდასახულ ახალგაზრდას!
ლუკა შამუგია დაიბადა 2001 წლის 11 სექტემბერს. ლუკა წარმოშობით აფხაზეთიდანაა. აფხაზეთის ომმა, ლუკას ოჯახი აიძულა დაეტოვებინა საკუთარი ნავსაყუდელი და ხობში დასახლებულიყვნენ. ლუკამ, 9 კლასი ჟიული შარტავას სახელობის ქ. ხობის N1 საჯარო სკოლაში ისწავლა. სწავლის პერიოდში ჭადრაკით იყო გატაცებული. პირადი შრომითა და მწვრთნელის ირაკლი გეთიას დამსახურებით, წარმატებით ასპარეზობდა საჭადრაკო პირველობებზე.
ლუკამ თავისი მომავალი სამხედრო სფეროს დაუკავშირა და სკოლის მეგობრებთან: გიორგი გაგუსთან და გოდერძი გადელიასთან ერთად შეურთდა კადეტთა რიგებს. მათ, 2019 წელს დაამთავრეს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. ამავე წელს სწავლა განაგრძო სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, იუნკერის სტატუსით, სადაც დღემდე აქტიურად განაგრძობს საქმიანობას.
2022 წელს გამოიცა ნიჭიერი ახალგაზრდის, ლუკა შამუგიას წიგნი - „წარმატების საიდუმლო“ - „საზოგადობა ძალიან ხშირად, ფინანსური, ინტელექტუალური, თუ სხვა ფაქტორიდან გამომდინარე, წარმატებულის იარლიყით ამკობს ამა თუ იმ პიროვნებას. მაგრამ რა არის საერთოდ წარმატება?! იქნებ ის არა სტატიკური შედეგი, არამედ დინამიკური პროცესია?!
მოცემულ წიგნში, წარმატება აღქმულია როგორც პროცესი, რომელიც დასახული მიზნის მიღწევისას წარმოქმნილი სირთულეების დაძლევით გამოიხატება. მიზნის მიღწევის გზაზე არსებული დაბრკოლებების დასაძლევად, კი არსებობს რიგი ფაქტორები, რომელთა გათვალისწინება დაგვეხმარება ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღწევად. აღნიშნულ წიგნში განხილულია 50 მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მორგებულია ნებისმიერი ასაკის და პროფესიის მკითხველთათვის.
მოცემული წიგნის მიზანია მკითხველებმა ცხოვრება იმაზე უფრო მოტივირებულად განაგრძონ, ვიდრე ზემოთქმული წიგნის წაკითხვამდე ჰქონდათ. ამასთან ერთად მკითხველი არ გასცდება რეალობის საზღვრებს და მისი მოტივაციაც საკმაოდ ვალიდური იქნება“ - ვკითხულობთ წიგნის რეცენზიაში.