სილიბისტრო ღვინჯილია 1916 წელს დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში. 1937 წელს დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური სასწავლებელი. განაწილებით მუშაობდა სვანეთის მაღალმთიან სოფელში, საიდანაც გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. 1947 წლიდან ზუბის სკოლაშია და იშვიათი პროფესიონალიზმით ასწავლის რუსულ ენასა და ლიტერატურას.
სილიბისტრო ღვინჯილიას ძალიან უყვარდა ლიტერატურა, განსაკუთრებით XIX საუკუნის. ხშირად მოჰყავდა საუკეთესო მწერალთა ციტატები საკუთარი ნააზრევის გასამყარებლად. ლიტერატურით ცოცხლობდა და სუნთქავდა.
სილიბისტრო ღვინჯილიას მეუღლე, თამარ არაჩემია თითქმის ოთხი ათეული წელი ემსახურა თავის სათაყვანო საქმეს, ის სკოლის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.
სილიბისტრო ღვინჯილია გარდაიცვალა 1992 წელს.
სილიბისტრო ღვინჯილიას ბიოგრაფია ესაა ცხოვრება კაცისა, რომელსაც ქართული პატიოსნებით გაუვლია ცხოვრების გზა და არასდროს წასულა სულიერად გაუმართლებელ კომპრომისზე.
„...მართლაც, რომ გადაუხდელია ახალ ხიბულელი ახალგაზრდებისათვის ჩვენი სკოლის მასწავლებლის სილიბისტრო ღვინჯილიას ამაგი. ის ნამდვილად „სხვა“ იყო თავისი ბუნებით, ნიჭით, ადამიანური ალღოთი, ადამიანებთან ტაქტიანი მიდგომით. „სხვა“ იყო გარეგნობითაც, არავის ჰგავდა და ამ არაჩვეულებრიობით შემორჩა უამრავი აღზრდილისა თუ კოლეგის ხსოვნას.
მეორედ მოვიდა სექტემბერი უიმისოდ. მისი სკოლის კედლებსა თუ საკლასო ოთახებს ჯერ კიდევ შერჩენიათ სილიბისტრო მასწავლებლის ხიბლი, ჯერ კიდევ „ცოცხლობენ“ მისი საწრეო ალბომები, კედლის გაზეთები. ყველაფერს ატყვია მისეული პეწი, თითქოს ახლაც ყურში ჩაგვესმის მისი მოსწრებული სიტყვა-პასუხი, იშვიათი ქართული იუმორი, ზომიერი საყვედური“.
ნაწყვეტი ზუბის საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებლის, მარინე გოლავას საგაზეთო წერილიდან.
„მასთან ლაპარაკი და დგომა არც თუ ისე ადვილია, ვინაიდან ლიტერატურაზე ასე დიდად შეყვარებულმა რაიმე უზუსტობაში, არა ლოგიკურ მსჯელობაში თუ მოგიხელთა, საშინლად ეწყინება და გეტყვის, ესა და ეს სულის ქურუმი ასეთ გულგრილობას არ იმსახურებსო.
საქართველოს სახელოვან წარსულში ღრმად არის ჩაკირული და კელაპტარივით იწვის იმისათვის, რომ მომავალ თაობებსაც გაუღვივოს მამულს ზვარაკად შეწირული გმირების სიყვარული. ხშირად უყვარს თქმა პოეტის სიტყვებისა: „კულტურა ხალხისა განისაზღვრება იმით, თუ როგორ ეპყრობა იგი თავის ისტორიულ წარსულს“ და თავად არის ფრიად კულტურული, ერუდირებული, ნაღდი ქართველი, პირში მთქმელი, ბოროტების მიმართ ქედუხრელი, კარგი მამა, მოძღვარი და ბაბუა“.
ნაწყვეტი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ირაკლი სიჭინავას საგაზეთო სტატიიდან -„მამამძუძე, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს“, 1981 წელი.
https://www.facebook.com/photo/?fbid=191028896771413&set=a.180238324517137