რა ასაკისაც არ უნდა იყოთ, აუცილებლად გაგახსენდებათ ერთი ანიმაციური ფილმი მაინც, რომელიც ბავშვობასთან და კარგ მოგონებებთან ასოცირდება.
ანიმაცია დროსა და სივრცეში სტატიკური კადრის გაცოცხლებას ნიშნავს, მაგრამ, თუ გიფიქრიათ როგორ გაცოცხლდნენ ჩვენთვის საყვარელი პერსონაჟები: წუნა და წრუწუნა, ზაქარა და ქეთევანი ჩხიკვთა ქორწილიდან, ტომი და ჯერი ან სხვა გმირები ?
ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად მულტიპლიკაციურ ფილმებზე მუშაობის ხერხებიც შეიცვალა და დაიხვეწა, თუმცა პრინციპი უცვლელია. ადამიანი, რომელსაც ერთ სიბრტყეზე დახატული საგნის თუ პერსონაჟის გაცოცხლება ევალება, ანიმატორი ჰქვია. ათწლეულების წინ ერთი ანიმაციური ფილმის შესაქმნელად დიდი ჯგუფები მუშაობდნენ - მხატვრები, ოპერატორები, ანიმატორები და ა.შ. ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში კი თითქმის ყველა ფუნქცია ერთ პროგრამაშია თავმოყრილი და აღარ არის აუცილებელი ჯგუფის ყველა წევრი საერთო სივრცეში, ერთად მუშაობდეს. სამეგრელოს ერთ პატარა ქალაქსა და ამერიკას შორის ათეულობით ათასი კილომეტრი, ოკეანე და ერთი კონტინენტია. თუმცა, ეს სულაც არ უშლის ხელს იმას, რომ ამ ქალაქში გაკეთებული ანიმაციები ამერიკულ ბაზარზე გადიოდეს.
დღეს 21 წლის ხობელ ანიმატორზე მოგიყვებით, რომელიც შეკვეთების პარალელურად საკუთარ იდეებსაც აცოცხლებს.
ლევან კოდუამ ეს საქმე დამოუკიდებლად, მოსწავლეობის დროს ისწავლა. პირველად შეკვეთისთვის ჰონორარი 11-ე კლასში მიიღო,იმუშავა სხვადასხვა ქართულ კომპანიაში და რამდენიმე თვის წინ მშობლიურ ქალაქში დაბრუნება გადაწყვიტა იმ მიზნით, რომ სამუშაო სივრცე ხობში შეექმნა.
"ოთხი წელი ვმუშაობდი თბილისში, ვაკეთებდი თამაშებს და ანიმაციებს. მას შემდეგ, რაც მივიღე გამოცდილება, გადავწყვიტე, ხობში შემექმნა სამუშაო ადგილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ანიმაციით,მუსიკით და ციფრული ხელოვნებით არიან დაინტერესებული. მინდა აქაც იყოს იმის საშუალება, რომ ახალგაზრდებმა საკუთარი თავის რეალიზაცია აქ შეძლონ", - გვეუბნება ჩვენი რესპონდენტი.
ლევანი ამბობს, რომ დაინტერესებულ ადამიანებს შესაბამის ტექნიკას აძლევენ, ასწავლიან საქმეს და ეტაპობრივად მათ შეკვეთებში ჩართვას იწყებენ, რაშიც ახალბედა ანიმატორები შესაბამის ანაზღაურებასაც იღებენ.
"ველოდებით ყველას, ზუგდიდიდან, სენაკიდან და სხვა ქალაქებიდანაც. "კოდუა სტუდიოს" კარი ყველასთვის ღიაა", - დასძენს ხობელი ანიმატორი.
ლევანის ერთ-ერთი პირველი პროექტი იყო "მედეა" - თამაშის მოდელი , რომელიც მოსწავლეებს ქიმიის შესწავლაში ეხმარება.
თამაშის პერსონაჟები სხადასხვა ქიმიური ელემენტია და თითოეულს მახასიათებლების შესაბამისი შესაძლებლობა აქვს. ამ ეტაპზე პროექტი შეჩერებულია, თუმცა სტუდია მზად არის ნებისმიერ დროს განაახლოს მასზე მუშაობა.
"ინსპირაცია ჩემი ქიმიის მასწავლებელი იყო.ერთხელ კლასში რამდენიმე მოსწავლე გაგვიყვანა დაფასთან,ხელები ჩავჭიდეთ ერთმანეთს და ასე ინტერაქციით აგვიხსნა ქიმიური რეაქცია.ეს თამაში ბევრ მოსწავლეს დაეხმარება ქიმიის სწავლაში", - გვიყვება ის.
"ძუკუ დელფინიას თავგადასავალი" - ასე ჰქვია "კოდუა სტუდიოს" ბოლო პროექტს. ანიმაცია მეგრულ ენაზეა შექმნილი და მასში სხვადასხვა ფოლკლორული ელემენტია გამოყენებული. ფილმი დაკარგულ ფოთელ დელფინზე გვიყვება,რომელიც ხობში აღმოჩნდება. მულტფილმზე მუშაობა სტუდიას ჯერ არ დაუსრულებია.
"კოდუა სტუდიო" გაფართოებას გეგმავს, ელოდებიან ადამიანებს, რომელთაც ახალი და საინტერესო საქმის შესწავლა სურთ. სტუდიის მთავარი მიზანი კი სრულმეტრაჟიანი ანიმაციის შექმნაა, ამისთვის მხარდაჭერა და დიდი ადამიანური რესურსია საჭირო.