დღეს რამაზ კიტიას 47 წელი შეუსრულდებოდა

 


რამაზ კიტია

პოლიციის ლეიტენანტი

1975-2008

 

თორმეტ აგვისტოს გორში, ოსებმა თბილისიდან მომავალ სამარშრუტო ტაქსში ჩაცხრილეს მგზავრები...

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რამაზ კიტია გადაურჩა ომის ქარცეცხლს, მაგრამ ომმა მაინც იმსხვერპლა მისი სიცოცხლე, იმსხვერპლა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ომის დასრულებიდან თვენახევრის შემდეგ...

რუსი ოკუპანტის ტყვიამ დაუსვა წერტილი 32 წლის ვაჟკაცის სიცოცხლეს, მისი ოჯახის ბედნიერებას, პაწიების უზრუნველ მომავალს...

რამაზ კიტია 1975 წლის 24 სექტემბერს, ხობის რაიონში დაიბადა, სოფელ ახალ ხიბულაში. როგორც რამაზის მეუღლე თეა ჭანია იხსენებს, რამაზი მასთან საკუთარ ბავშვობაზე არ საუბრობდა. ახლობლებისგან გადმოცემით კი ის იცის მხოლოდ, რომ მისი მეუღლე ბავშვობაშიც მორცხვი და საკუთარ თავში ჩაკეტილი იყო, იშვიათად ეკონტაქტებოდა თანატოლებს.

სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სკოლაში მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად. საპატრულო პოლიციის შექმნის შემდეგ კი გამოცდები ჩააბარა და საპატრულო პოლიციაში დაიწყო მუშაობა.

მომავალი მეუღლე, თეა ჭანია 2006 წელს გაიცნო.

თეა ჭანია: „შეყვარებულობის პერიოდში ხშირად მეპატიჟებოდა კაფეში, რესტორანში, ყოველთვის უარს ვეუბნებოდი და სწყინდა... `მიყვარხარო~ ტელეფონით მითხრა, პირისპირ რომ ვხვდებოდით, არაფერს მეუბნებოდა. რომ ვეკითხებოდი, როცა ერთად ვართ, რატომ მაშინ არ მეუბნები-მეთქი, დაიმორცხვებდა, პასუხს არ მცემდა... მერე მეტყოდა, ერთხელ ხომ გითხარიო... სულ მესიჯს მწერდა და ისე მიხსნიდა სიყვარულს. სტუდენტობისას თბილისში ვიყავი, მახსოვს, ვთხოვე, მომენატრე და თუ შეგიძლია ჩამოდი, მნახე-მეთქი. მომიბოდიშა, ხომ იცი სამსახურში როგორი დაკავებული ვარ, ვერ მოვახერხებ, არ მცალიაო. მეც შევეგუე იმ აზრს, რომ ვერ ჩამოვიდოდა. ერთი საათის შემდეგ, კარებზე ზარი იყო. გავაღე და რამაზი იდგა... ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა... გაცნობიდან წელიწადნახევარში დავქორწინდით. გავიპარეთ, რადგან ძალიან გვინდოდა ერთად ყოფნა. სულ წელიწადი და შვიდი თვე ვიცხოვრეთ ერთად...“

მალე ახალ დაქორწინებულებმა შეიტყვეს რომ ტყუპები შეეძინებოდათ...

თეა: „რომ გავიგეთ ტყუპები გვეყოლებოდა, რამაზის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თავიდან არ იჯერებდა, მატყუებ, სიმართლე არ იქნებაო. სანამ არ დაიბადნენ ბოლომდე არ სჯეროდა. თვითონ დაარქვა ბიჭებს გიორგი და ლუკა. სულ მანებივრებდა, სულ იმას ნატრობდა, ერთი ეგ მანახა, რა ბიჭები დადგებიანო. სამსახურში რომ წავიდოდა, ერთ საათში უკან ბრუნდებოდა, ბავშვებს მოეფერებოდა, დაკოცნიდა და ისევ მიდიოდა. უზომოდ უხაროდა ბიჭების მამა რომ იყო, სიგიჟემდე უყვარდა ბავშვები... ლუკაზე ამბობდა, პრეზიდენტი გახდებაო, გიორგის კი, რაკი მანქანებით თამაში და საჭესთან ჯდომა უყვარდა, ეუბნებოდა, მძღოლი გამოხვალო... კიდევ უნდოდა შვილების ყოლა, უნდოდა რომ გოგო გვყოლოდა. ფიქრობდა მომავალზე, უნდოდა რომ ბიჭებისთვის კარგი განათლება მიგვეცა, თვითონ ძალიან განათლებული იყო და სულ კითხულობდა, სულ რაღაც ახალს იძენდა. პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა, სულ სამსახურში მიიჩქაროდა, არ არსებობდა ათი წუთიც რომ დაეგვიანა. რაც არ უნდა ყოფილიყო, პირად საქმეს გადადებდა და სამსახურში წავიდოდა. სამშობლოს დაცვა მისი მოწოდება იყო... არეულობა რომ დაიწყო ხშირად ვეუბნებოდი, ვთხოვდი თავი დაენებებინა საპატრულო პოლიციაში მუშაობისთვის, ვეუბნებოდი, სხვა სამსახური მოძებნე, ან სულაც სახლში დაჯექი მეთქი... ამ თემაზე საუბარს მიკრძალავდა, რა, დამალვას მთავაზობო, მეგობრებს თვალებში როგორ შევხედო, რა ვუთხრა, რატომ მივდივარო... ყველაფერი რომ დალაგდება ქვეყანაში, მერე ვნახოთ იქნებ რამე მოვიფიქროო...“

აგვისტოს ომის უბედურება მთელი ძალით დაატყდა თავს მათ ოჯახს.

თეა ჭანია: „12 აგვისტოს ჩემი მშობლები, მამამთილი და ჩემი ბიძაშვილი გორში ოსებმა თბილისიდან მომავალ მარშრუტკაში ჩაცხრილეს, ეს ძალიან დიდი ტრაგედია იყო ჩემთვის... რამაზი მხარში მედგა, მამხნევებდა.... ორმოცი გადავიხადეთ 20 სექტემბერს, მეორე დღეს სამსახურში წავიდა, არ უწევდა გასვლა, მაგრამ მაინც წავიდა, რადგან იმ უბედურების შემდეგ, რამდენჯერმე მის მაგივრად იმორიგევეს მისმა მეგობრებმა... 6 საათზე დამირეკა, მითხრა: ყველაფერი კარგად არის, ერთ საათში დაგირეკავ, შენ ნუ დამირეკავ, არ შეიძლებაო... 3 საათი რომ გავიდა და რომ არ დარეკა, ავფორიაქდი, ყველგან ვრეკავდი და ყველა მეუბნებოდა რომ ყველაფერი კარგად იყო და სანერვიულო არაფერი არ მქონდა... არადა, ჩემი მშობლები და რამაზის მამა რომ დაიღუპა, ბავშვები მთელი დღე თავში ხელებს ირტყამდნენ, გაკვირვებული ვიყავი, საღამოს კი ეს უბედურება გაგვაგებინეს, ახლაც, 21 სექტემბერსაც ბავშვები ანალოგიურად იქცეოდნენ.... ვფიქრობდი, ამხელა ტრაგედია დამატყდა თავს, მშობლები დამეხოცა და ნუთუ რამაზსაც რამე უნდა დაემართოს მეთქი... თავს ვიიმედებდი, რომ ღმერთი ასე არ გამწირავდა. თვითონაც მამხნევებდა, საშიში არაფერია, ომი დამთავრებულია, ვიღაცის სახლში ვიმალებით, არანაირი საფრთხე არააო. მეც ვიჯერებდი, არადა, ბედისწერა საშინელებას მიმზადებდა თურმე...

ჩემი მშობლების გარდაცვალებას განვიცდიდი, სულ ვტიროდი და თურმე უარესი მელოდა...

დაღუპვამდე რამდენიმე წუთით ადრე, ბიჭებსაც აიმედებდა თურმე, ნუ გეშინიათ, ომი დამთავრებულია, არანაირი საფრთხე არ გვემუქრებაო. აიმედებდა, მაგრამ თვითონ საშინლად მოწყენილი ყოფილა. იმ დღეს სამსახურში რომ მიდიოდა, სამჯერ გაფუჭებია მანქანა, უნერვიულია, სამსახურში არ დამაგვიანდესო, ბოლოს მეგობრისთვის დაურეკავს, მანქანას ვერ ვაკეთებ, რამენაირად წამიყვანეთო...“

აფორიაქებული ცოლი ქმარს ურეკავდა. ქმრის ტელეფონი უკვე გამორთული იყო. ცოლი უკვე ყველასთან რეკავდა, მეგობრებთან, ნაცნობებთან... არავინ არაფერს ეუბნებოდა, მოგვიანებით შეაპარეს, რომ რამაზი დაჭრილი იყო.

თეა: „მივხვდი, რაც ხდებოდა ჩემს თავს... მერე აღარაფერი მახსოვს, რამდენიმე კვირა საავადმყოფოში ვიწექი გათიშული, ამდენ ტრაგედიას ერთად ვერ გავუძელი და ფსიქიკური პრობლემები შემექმნა, საკმაოდ ხანგრძლივი მკურნალობა დამჭირდა აზრზე მოსასვლელად...“

რამაზ კიტია მშობლიური სოფლის მიწას მიაბარეს.

პატრულის ქვრივი პაწიების პენსიით ცხოვრობს. ქალაქში, მთავრობის მიცემულ ბინაში უნდა გადასვლა, ბავშვებს რომ სათანადო განათლება მისცეს.

თეა: „რამაზის ორმოცი არ იყო გასული, სამსახური რომ შემომთავაზეს, მაგრამ ვერ შევძელი, ვმკურნალობდი, თან ბავშვებს ვერ ვტოვებდი, ახლა მოიზარდნენ, მინდა ვიმუშაო და მამამისს რომ გაუხარდებოდა, ისეთი ბიჭები აღვზარდო...“

ეკა კიტია, რამაზის და: „ჩემზე ერთი წლით უმცროსი იყო. ერთადერთი ძმა მყავდა... ძალიან კარგი და ბედნიერი ბავშვობა გვქონდა. წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა. კარგად სწავლობდა სასწავლებელშიც, დიდი მომავალა ჰქონდა, მაგრამ არ დასცალდა...

აგვისტოში ყველაფერი თავზე დაგვენგრა... მამა ომის დროს გზაზე ჩაგვიცხრილეს... მამის სიკვდილის შემდეგ ძალიან შეიცვალა, სევდიანი და ჩაფიქრებული დადიოდა. სულ ჩვენს დამშვიდებას ცდილობდა. განსაკუთრებით დედაზე ნერვიულობდა და ამშვიდებდა. არ ვიცი დე, ძნელია მამის გარეშე, მაგრამ უნდა გავუძლოთ, ცხოვრება გრძელდება. შეხედე, ჩემი გიორგი როგორ ჰგავს მამაჩემსო... სახლიდან რამაზი ბოლოს მამაჩემის ორმოცის მეორე დღეს წავიდა. ჩემს ძმას დედისთვის უთქვამს: მაკურთხე, დედა მე იქ მივდივარ, სადაც საჭიროაო... ჩემი შვილებიო... ეს ყოფილა მისი ბოლო სიტყვები...“

როზა ზარანდია, რამაზის დედა: „ძალიან მიჭირს რამაზის შესახებ საუბარი, ის ჩემი პირველი სიხარული იყო... ძალიან ბედნიერები ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, როცა პირველი ბიჭი შეგვეძინა. სახელი ორივემ ერთად მოვუფიქრეთ... ბავშვობაში ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული იყო, ყოველთვის ჩაფიქრებული დადიოდა... ძალიან ლაღი ბავშვობა ჰქონდა, არაფერს ვაკლებდით. სკოლაში კარგი მოსწავლე იყო. ხშირად მასწავლებლები მადლობასაც მეუბნებოდნენ... უამრავი ქების სიგელი მოჰქონდა სახლში... ორი შვილი გვყავდა, გვინდოდა, რომ ორივესთვის უზრუნველი მომავალი შეგვექმნა. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ორივეს კარგი განათლება მიეღოთ. ძალიან ცუდად მახსენდება რამაზის სტუდენტობა. 1992 წელს აფხაზეთში, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. გარკვეული პერიოდი სოხუმში ცხოვრობდა. ორ თვეში ომი დაიწყო... სოხუმში ჩარჩა, ჩემი მეუღლე მის გადმოსაყვანად წავიდა, მაგრამ საზღვარი უკვე დაკეტილი დახვდა... ერთი თვე ისე გავიდა, რომ მის შესახებ ვერაფერი გავიგეთ, სადგურ-სადგურ დავდიოდით და ვკითხულობდით, ვეძებდით, მაგრამ ამაოდ“.

ერთი თვის შემდეგ დაბრუნდა სახლში. ფოთის პორტიდან ბოლო გემს გამოჰყოლია. იმ საშინელებას გადარჩა, მაგრამ, რა ვიცოდი, რომ დიდი უბედურება 8 წლის შემდეგ მელოდა... რამაზიმ თბილისში, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში წარმატებულად ჩააბარა. კარგი სტუდენტი იყო. შემდეგ სამხედრო სავალდებულოს მოსახდელად გაიწვიეს ქუთაისში და ერთი წელი იმსახურა...“

მისი ერთადერთი ოცნება მშვიდობა იყო, რადგან მას მწარედ ახსენდებოდა აფხაზეთის ომის სისასტიკე...

რამაზ კიტია 2008 წლის 21 სექტემბერს, ხურჩაში, სნაიპერის ტყვიით დაიღუპა...



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.