12 აგვისტოს ხობში, ტრადიციული საერო-საეკლესიო
დღესასწაული "ცოტნეობა" აღინიშნება. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ხობის
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა,
მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი), მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკთან, ბელგიის და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოს დოსითეოსთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.
სადღესასწაულო ღვთისმსახურებას ხობის
მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია ესწრებოდა. ხობის კულტურის სახლში ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?"
გაიმართა.ახალგაზრდებმა ცოტნე დადიანზე, ხობის მონასტერზე და ხობის ისტორიაზე დასმულ კითხვებს უპასუხეს. კულტურის სახლის დიდ დარბაზში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა. კონცერტზე ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები შესრულდა. ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.
კულტურის სახლის ფოიეში მოეწყო ახალგაზრდა მხატვრის ლალო გადელიას ნამუშევრების გამოფენა, ხობის ცენტრალური პარკში ისტორიკოს გოგიტა ჩიტაიას ლექცია-სემინარი თემაზე „ცოტნე და ხობის მონასტერი“ გაიმართა, ხობის კულტურის სახლის დიდ საკონცერტო დარბაზში ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა.
ხობის ცენტრალურ პარკში გაიმართა სპორტული აქტივობებები; მაგიდის ჩოგბურთში, ქუჩის კალათბურთში, ჭადრაკში, მძლეოსნობაში და ნარდში.
ახალგაზრდების ჩართულობით ხობის ცენტრალურ პარკში გაიმართა ქალაქური თამაშები (City Game) და მოეწყო ფლეშმობი. კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებს ადგლობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.